8 იანვარს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თურქეთში მონაწილეობას იღებს TurkStream-ის გაზსადენის გახსნის ცერემონიაში. კრემლი 2000-იანების შუა წლებიდან ცდილობს, შეამციროს თავისი დამოკიდებულება უკრაინის მარშრუტზე და TurkStream-ი, რომელიც 7,8 მილიარდი დოლარი დაჯდა, ამ გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია.
TurkStream-ი რუსეთს უკრაინის მარშრუტზე ნაკლებად დამოკიდებულს ხდის.
TurkStream-ის მშენებლობამ ხუთი გასტანა. ის რუსეთიდან შავი ზღვის გავლით წელიწადში 31,5 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს გაატარებს თურქეთის დასავლეთ პროვინციამდე. გაზის ნახევარი გზას გააგრძელებს ბალკანეთისა და ცენტრალური ევროპისკენ და ბულგარეთს, სერბეთსა და უნგრეთს მიაღწევს.
რუსეთი, რომელმაც 2019 წელს ევროპას 200 მილიარდამდე კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიაწოდა, ბალკანეთსა და თურქეთში გაზს ტუმბავს სახმელეთო ტრანზიტული მარშრუტებით უკრაინის, მოლდოვისა და რუმინეთის გავლით. ახლა ამ აირს მიმართულება შეეცვლება და ის TurkStream-ში გაივლის.
TurkStream-ი ორი ხაზისგან შედგება, რომელთაგან თითოს სიგრძე 930 კილომეტრია და ისინი რუსეთის ქალაქ ანაპასა და თურქეთს აკავშირებს.
უკუგდებული „სამხრეთის ნაკადი“
TurkStream-ამდე რუსეთმა უფრო ამბიციური საექსპორტო მარშრუტი მოსინჯა ევროპაში გაზის ექსპორტისთვის.
რუსეთმა კიევთან პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ორჯერ შეუწყვიტა გაზით მომარაგება უკრაინას - 2006 და 2009 წლებში.
უკრაინა წელიწადში 3 მილიარდ დოლარს იღებს რუსული გაზის ტრანზიტისთვის და ძალიან დაინტერესებულია თავისი სატრანზიტო როლის შენარჩუნებით, მიუხედავად მოსკოვთან სერიოზულად გაუარესებული ურთიერთობებისა.
TurkStream-ამდე რუსეთი შეეცადა, უფრო ამბიციური საექსპორტო მარშრუტი მოესინჯა ევროპაში გაზის ექსპორტისთვის. ეს პროექტი იყო „სამხრეთის ნაკადი“, რომლის იდეა 2007 წელს დაიბადა და მას წელიწადში 63 მილიარდი კუბური მეტრი აირი უნდა გადაეტუმბა ბულგარეთში შავი ზღვის გავლით.
ევროპის პარლამენტმა 2014 წელს მიიღო რეზოლუცია, რომელიც დაუპირისპირდა ამ პროექტს. ბულგარეთი ევროკავშირის წევრია.
2011 წელს დასრულდა გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 1“, რომელსაც გერმანიამდე მიაქვს აირი ბალტიის ზღვის გავლით. მისი მთავარი მიზანია, შეამციროს უკრაინის ტრანზიტზე დამოკიდებულება. ამავე მიზანს ემსახურება მეორე ჩრდილოური პროექტი - 11 მილიარდი დოლარის ღირებულების „ჩრდილოეთის ნაკადი 2“, რომელიც წლის ბოლოს უნდა ჩადგეს მწყობრში. ორივე ამ გაზსადენის საერთო მოცულობა წელიწადში 110 კუბურ მეტრს მიაღწევს.
TurkStream-ი პირდაპირ უთხრის ძირს უკრაინას, როგორც გაზის სატრანზიტო ქვეყანას და პირდაპირ უთხრის ძირს უკრაინის უსაფრთხოებას“.მარგარიტა ასენოვა
ვაშინგტონმა გასულ თვეში სანქციები დაუწესა „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ს და ამის შედეგად ეჭვები გაჩნდა პროექტის დროულად დამთავრების თაობაზე.
TurkStream-ისა და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მალე ამუშავების პერსპექტივის გათვალისწინებით, მოსკოვმა გასულ თვეში გაზის ტრანზიტის ახალი კონტრაქტი გააფორმა კიევთან. ახალი კონტრაქტით რუსეთი წელს 65 მილიარდი კუბური მეტრი აირის ექსპორტის გარანტიას იძლევა, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში კი - 40 მილიარდი კუბური მეტრის. ეს დიდი ცვლილებაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2019 წელს უკრაინამ 90 მილიარდი კუბური მეტრი რუსული აირი გაატარა.
როგორც ევროპული პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის ვაშინგტონელმა ანალიტიკოსმა, მარგარიტა ასენოვამ უთხრა რადიო თავისუფლებას, TurkStream-ი „პირდაპირ უთხრის ძირს უკრაინას, როგორც გაზის სატრანზიტო ქვეყანას და პირდაპირ უთხრის ძირს უკრაინის უსაფრთხოებას“.
ასენოვას თქმით, ასეთ ვითარებაში მოსკოვს მეტი თავისუფლება ექნება უკრაინაზე პოლიტიკური ზეწოლისა და სამშვიდობო მოლაპარაკებებში თავისთვის სასურველი მიზნების მიღწევისთვის.
ბულგარეთის მარშრუტის გადადება
როგორც ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ანალიტიკოსი ნიკოს ცაფოსი ამბობს, ის, თუ სად რამდენი აირი წავა TurkStream-ით, რეგიონში მოვლენების განვითარებაზე იქნება დამოკიდებული.
თურქეთი ვერ შეძლებს თავისი, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლის გამოყენებას მოსკოვის წინააღმდეგ ბერკეტად.ნიკოს ცაფოსი
თურქეთში ეკონომიკური ვარდნის შემთხვევაში TurkStream-ით შეიძლება მეტი აირი გაატარონ ბალკანეთისკენ და უფრო შორსაც.
რუსეთსა და თურქეთს ისტორიულად რთული ურთიერთობები აქვთ და ხან პარტნიორობენ, ხანაც კუნთებს აჩვენებენ ერთმანეთს. მაგრამ, ცაფოსის თქმით, თურქეთი ვერ შეძლებს თავისი, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლის გამოყენებას მოსკოვის წინააღმდეგ ბერკეტად:
„თუკი თურქეთი [TurkStream-ით] პოლიტიკის თამაშს მოინდომებს, რუსეთი მეტ აირს გაატარებს უკრაინაზე“. ანუ როცა არჩევანი ექნება, რუსეთი ვითარებიდან გამომდინარე შეძლებს მარშრუტის შერჩევას.
თურქეთი რუსეთიდან უკვე ახდენს წელიწადში 16 მილიარდი კუბური მეტრი აირის იმპორტს „ცისფერი ნაკადით“, რომელიც ასევე შავ ზღვაზე გადის. ის 2003 წელს ამოქმედდა.
აზერბაიჯანის გაზი და აშშ-ის თხევადი აირი
თურქეთისა და ბალკანეთის ბაზრებზე რუსეთს მზარდ კონკურენციას უწევენ სხვა გაზსადენები და გათხევადებული ბუნებრივი აირი.
თურქეთისა და ბალკანეთის ბაზრებზე რუსეთს მზარდ კონკურენციას უწევენ სხვა გაზსადენები და გათხევადებული ბუნებრივი აირი.
წელს ამოქმედდება „ტრანსადრიატიკის გაზსადენი“, რომელსაც აშშ უჭერს მხარს და რომელიც აზერბაიჯანის გაზს საქართველოსა და თურქეთის გავლით მიიტანს საბერძნეთის, ალბანეთისა და იტალიის ბაზრებამდე. თავიდან მისი მოცულობა 10 მილიარდი კუბური მეტრი იქნება, რაც შეიძლება მომავალში 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდოს.
საბერძნეთში მთავრდება შუალედური გაზსადენის მშენებლობა, რაც ბულგარეთამდე მიიყვანს აზერბაიჯანის გაზს და სოფიას ნაკლებად დამოკიდებულს გახდის მოსკოვზე.
ბულგარეთი თავის თითქმის მთელ გაზს რუსეთისგან ყიდულობს. შარშან მან საბერძნეთის ტერმინალის გზით პირველად მიიღო აშშ-ის გათხევადებული აირი.
ვაშინგტონმა აღმოსავლეთ ევროპისთვის გათხევადებული აირის მიწოდება ამ რეგიონის მიმართ თავისი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად აქცია.
ვაშინგტონმა აღმოსავლეთ ევროპისთვის გათხევადებული აირის მიწოდება ამ რეგიონის მიმართ თავისი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად აქცია.
სექტემბერში აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრმა რიკ პერიმ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და აშშ-ის გათხევადებული ბუნებრივი აირის მიწოდების უზრუნველყოფას პოლონეთისა და უკრაინისთვის. ამით ეს ქვეყნები რუსეთისგან უფრო დამოუკიდებლები უნდა გახდნენ.
ვაშინგტონი ასევე მხარს უჭერს ევროპაში ხმელთაშუა ზღვის რეგიონის აირის ექსპორტს, რათა შემცირდეს რუსეთის აირზე ევროპელთა დამოკიდებულება.
რამდენიმე წლის წინ კვიპროსმა და ისრაელმა თავიანთი ნაპირების მახლობლად გაზის უზარმაზარი საბადოები აღმოაჩინეს.
ორმა ქვეყანამ 3 იანვარს საბერძნეთთან მოაწერა ხელი 1900-კილომეტრიანი წყალქვეშა გაზსადენის მშენებლობის თაობაზე, რომელიც კუნძულ კრეტამდე გადატუმბავს აირს კვიპროსიდან და ისრაელიდან.
სამი მხარე იმედოვნებს, რომ გაზსადენი 2025 წლისთვის დასრულდება და წელიწადში 10 მილიარდ კუბურ მეტრ აირს მიაწვდის ევროპას.
მაგრამ ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ასეთი გაზსადენი ძვირი ჯდება და რთული განსახორციელებელია, როცა საქმეში ბევრი ქვეყანაა ჩართული.
თურქეთი არ ცნობს კვიპროსის საერთაშორისო წყლებს და ეწინააღმდეგება ამ პროექტს.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ გაზსადენის დასრულებისთვის ევროპული ბაზრები უკვე დაკმაყოფილებული იქნება ბუნებრივი აირით.
როგორც ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის მკვლევარმა, ტიერი ბროსმა უთხრა რადიო თავისუფლებას, კვიპროსმა და ისრაელმა შესაძლოა გათხევადებული აირით მეტ წარმატებას მიაღწიონ.