რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებმა, ევროკომისიის შუამავლობით, 20 დეკემბერს შეთანხმებას მიაღწიეს უკრაინის გავლით რუსული ბუნებრივი აირის ევროპაში ტრანზიტისა და ურთიერთპრეტენზიების გარკვეულწილად მოგვარების თაობაზე.
უკრაინული წყაროების ცნობით, „ნეფტოგაზი“ და „გაზპრომი“ შეთანხმდნენ ბუნებრივი აირის უკრაინის გავლით 5-წლიან ტრანზიტზე, შემდგომი 10 წლით პროლონგაციის პირობით. პირველ წელს უკრაინის გავლით ევროპელი მომხმარებლები მიიღებენ 65 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს, შემდგომ 4 წელიწადში კი - 40 მილიარდ კუბურ მეტრს.
შეთანხმების ოქმის თანახმად, მოსკოვი თანხმდება, ახალ წლამდე გადაუხადოს უკრაინას 2,9 მილიარდი დოლარი, სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
რუსული წყაროების ცნობით, რუსეთის ბუნებრივი აირის ხუთწლიანი ტრანზიტის შესახებ შეთანხმებას კიევი და მოსკოვი ხელს ახალ წლამდე მოაწერენ.