თურქეთის პარლამენტიდან უკან გაიწვიეს კანონპროექტი, რომელმაც ამ ქვეყანაში ბევრის უკმაყოფილება და კრიტიკა გამოიწვია. კანონპროექტის მიხედვით, მამაკაცი - მცირეწლოვანზე სექსუალური ძალადობის შემთხვევაში - სამართლებრივ დევნას გადაურჩება, თუ მსხვერპლზე იქორწინებს. კანონპროექტის შესახებ კენჭისყრამდე რამდენიმე საათიღა რჩებოდა, როცა ის პარლამენტიდან უკან გაიწვიეს.
გასული კვირის მიწურულს თურქეთის რამდენიმე ქალაქში გაიმართა მრავალათასიანი გამოსვლები მცირეწლოვანთა ქორწინების საკითხზე ახალი კანონპროექტის გასაპროტესტებლად.
კანონპროექტით, რომელიც თურქეთის საზოგადოების ნაწილის მწვავე კრიტიკას იწვევს, მამაკაცს შეუძლია, 18 წლამდე ასაკის გოგონასთან სექსუალური კავშირის დამყარების შემთხვევაში - თუ ეს მოხდება „ძალადობის, მუქარის ან თანხმობის არარსებობის“ გარეშე - თავიდან აიცილოს სასჯელი, თუ მსხვერპლზე იქორწინებს. ოპონენტები ფიქრობენ, რომ კანონპროექტი გაუპატიურების ლეგიტიმაციას ახდენს და ხელს უწყობს მცირეწლოვანებზე დაქორწინების წესს.
მცირეწლოვანთა ქორწინების კუთხით, თურქეთი ისედაც ერთ-ერთ პირველ ადგილზეა ევროპაში. გოგონების 15 %-მდექორწინდება 18 წლის ასაკის მიღწევამდე, თუმცა, სინამდვილეში, მათი რიცხვი, სავარაუდოდ, მეტია, რადგან მცირეწლოვანთა ქორწინება უმრავლეს შემთხვევაში ოფიციალურად არ რეგისტრირდება.
22 ნოემბერს - სულ რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე თურქეთის პარლამენტში გადამწყვეტი კენჭისყრა გაიმართებოდა - პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა უკან გაიწვია სადავო კანონპროექტი. სტამბოლში გამართულ პრესკონფერენციაზე ილდირიმმა განაცხადა, რომ კანონპროექტს გადასინჯავს პარლამენტის ოჯახის საკითხთა კომიტეტი.
„ჩვენ უკან გაგვაქვს ეს წინადადება კომიტეტში, საზოგადოებაში ფართო კონსენსუსის მისაღწევად, იმისათვის რომ ოპოზიციურ პარტიებს ჰქონდეთ დრო საკუთარი წინადადებების წარმოსადგენად, როგორც ჩვენმა პატივცემულმა პრეზიდენტმა მოგვიწოდა, ფართო საზოგადოებრივი კონსესუსისათვის. მას კვლავ შეაფასებს კომიტეტი ყველა პარტიის მოსაზრებების გათვალისწინებით და საკითხი საბოლოოდ მოგვარდება“, -
განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა. წინა დღეს, 21 ნოემბერს, პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი გამოვიდა კანონპროექტის გარშემო კონსესუსისაკენ მოწოდებით.
თურქეთში მოქმედი კანონით, ქორწინება დაშვებულია 18 წლის ასაკიდან, თუმცა სასამართლოს შეუძლია ნება დართოს დაქორწინების მსურველებს 16 წლიდან. მთავრობა ირწმუნება, რომ კანონპროექტის მიზანია ოჯახების მიმართ „უსამართლოდ მოპყრობისთვის“ ბოლოს მოღება. „უსამართლოდ მოპყრობა“ გულისხმობს 18 წლამდე ასაკის გოგონებზე დაქორწინებისათვისმამაკაცების დაპატიმრების შემთხვევებს, ქორწინებაზე ორივე მხარისა და გოგონას მშობლების თანხმობის მიუხედავად.
ახალი კანონპროექტი მომზადდა მას შემდეგ, რაც თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ივლისში გააუქმა სისხლის სამართლის კოდექსის ნაწილი, რომელიც სექსუალურ ძალადობად აცხადებდა სქესობრივ კავშირს 15 წლამდე ასაკის ბავშვებთან. როგორც ანკარა აცხადებს, ის ზოგადად მხარს უჭერს ბავშვთა ქორწინების პრობლემასთან ბრძოლას, მაგრამ საჭიროდ მიიჩნევს ერთჯერად ზომას, რათა დაეხმაროს 3 800-მდე ოჯახს, რომელთა შემთხვევაშიც წყვილები ძველი წეს-ჩვეულებით დაქორწინდნენ.
თურქეთის საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, აშკარად, ასე არ ფიქრობს, ხოლო გაეროს უწყებებმა, მათ შორის ბავშვთა ფონდმა „უნისეფმა“, 21 ნოემბერს გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომლითაც ანკარას აფრთხილებენ, რომ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში თურქეთს უფრო გაუძნელდება სექსუალური ძალადობისა და ბავშვთა ქორწინების პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლა.
გაეროს სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით გამოქვეყნებული ანგარიშით, მთელ მსოფლიოში 18 წლის ასაკამდე 700 მილიონამდე გოგონაა იძულებით დაქორწინებული. ანგარიში, სახელწოდებით „გადაარჩინეთ ბავშვები“, რომელიც გოგონების საერთაშორისო დღეს, 11 ოქტომბერს, გამოქვეყნდა, გვაუწყებს, რომ 15 წლის ასაკამდე გოგონებს ყოველ შვიდ წამში ერთხელ აიძულებენ ქორწინებას.