ტურიზმი კვლავ რჩება სფეროდ, რომელიც საქართველოს ეკონომიკური ზრდის და, რაც განსაკუთრებით მნიშნელოვანია, სავალუტო შემოდინებების ერთ-ერთ მნიშნელოვან ნაწილს წარმოადგენს. თუ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს დავეყრდნობით, ამ მიმართულებით ქვეყანაში 2016 წელს ზრდა იყო და 2017 წლის პირველ კვარტალშიც, რომელიც, მოგეხსენებათ, განსაკუთრებულად აქტიური ტურისტული სეზონი არ არის, ეს ზრდა შენარჩუნებულია.
2017 წლის მარტის მონაცემებით, საქართველოს 511 045 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 13,1 %-ით, ანუ 59 308 ადამიანით, მეტია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, მარტში იმ უცხოელი ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაყვეს საქართველოში, 219 642 შეადგინა, რაც 28,6 %-ით, ანუ 48 807-ით, მეტია 2016 წლის მარტის მაჩვენებლებზე.
ტურისტულ რუკაზე კვლავ ჩვენი მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლები ლიდერობენ, თუმცა განსაკუთრებული ზრდა ირანის მიმართულებიდან შეიმჩნევა, რომელიც ჩვენი უახლოესი მეზობლების მეზობელია:
2017 წლის მარტში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+11.1%), სომხეთიდან (+11.2%), თურქეთიდან (-17.1%), რუსეთიდან (+16.5%) და ირანიდან (+194.8%) განხორციელდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით მარტში გამოირჩნენ პოლონეთი +39 %, საფრანგეთი +38 %, გერმანია +19 %, საბერძნეთი +18 % და ლიტვა +17 %, თუმცა ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, კერძოდ - ირანიდან +195 %, ინდოეთიდან +182 %, ეგვიპტიდან +119 %, უზბეკეთიდან +97 % და ისრაელიდან +93 %.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რა ასახვა პოვა ამ მონაცემებმა ფინანსური შემოსავლების თვალსაზრისით. 2017 წლის ორი თვის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 293 065 ათასი ლარი შეადგინა.
უფრო დეტალურად აქვს დათვლილი ადმინისტრაციას გასული წლის მონაცემები, რომელიც, კერძოდ, გვამცნობს, რომ, საერთო ჯამში, 2016 წელს საქართველოში უცხოური ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 2,2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 11,9 %-ით - 230 მილიონი დოლარით - მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში, 2016 წლის მეოთხე კვარტალის მონაცემებით, 6.3 %-ს შეადგენს და 15,85-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.
2016 წლის ჯამური მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 1 მილიონ 624 808 ათასი ლარი შეადგინა, რაც 11,4 %-ით მეტია, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.
2016 წლის ჯამური მონაცემებით კი, წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 7.1 % შეადგინა, რაც 11,8 %-ით მეტია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ცხადია, 7 %-იანი წილი მშპ-ში არ უპასუხებს საქართველოში ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებულ დიდ მოლოდინებს, თუმცა ამ სფეროს მუდმივი ზრდა და მასში ჩართული ადამიანების ფართო სპექტრი უდავოდ მის მნიშვნელობას ადასტურებს.