აჭარის სამედიცინო დაწესებულებებში იმატა მიმართვიანობამ ვაქცინაციაზე მას შემდეგ, რაც აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ წითელას ვირუსის ეპიდემიურად აფეთქება გამოაცხადა. ოფიციალური ინფორმაციით, აჭარაში 150-ზე მეტი მოქალაქე მას შემდეგ აიცრა, რაც მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებოდა, რადგან უშუალო კონტაქტი ჰქონდა წითელას ვირუსით დაინფიცირებულ პირთან. რეგიონის მასშტაბით, წითელას ვირუსის მატარებელთა რიცხვი 100-ზე მეტია. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ნინო ნიჟარაძე ამბობს, რომ აჭარაში, ბოლო ორი კვირაა, წითელას გავრცელების მაღალი დონეა:
წითელას ვირუსის გავრცელების საფრთხე
- წითელა ინფექციურ-ვირუსული დაავადებაა, რომელიც კონტაქტის დროს ჰაეროვანი გზით გადაეცემა აუცრელ ადამიანს.
- წითელას სიმპტომებია ყელის ტკივილი, ხველა და მაღალი ტემპერატურა.
- წითელა გრძელდება ხუთ-ექვს დღეს და სწორედ ამ პერიოდში ჩნდება დამახასიათებელი გამონაყარი.
- მაღალი რისკის ჯგუფში შედიან ბავშვები, განსაკუთრებით ჩვილები; მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან ორსული ქალებიც.
„შესაძლებელია, დაავადების გავრცელებას ჰქონდეს შენარჩუნებული ასეთი მაღალი გავრცელების დონე, ამიტომ, კიდევ უფრო გავრცელება რომ ავიცილოთ თავიდან, ყველაზე მნიშვნელოვანია დროული ვაქცინაცია. ვაქცინაცია - ეს გახლავთ ერთადერთი პრევენციული ღონისძიება წითელას შეჩერების“.
წითელას ვირუსის თავიდან ასაცილებლად ჯანდაცვის სამინისტრო 40 წლამდე მოქალაქეებს ურჩევს მიმართონ თავიანთ სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც აღრიცხვაზე იმყოფებიან, და ჩაიტარონ უფასო ვაქცინაცია. გარდა ამისა, მოქალაქეებმა უნდა გადაამოწმონ თავისი აცრის სტატუსი და, საჭიროების შემთხვევაში, ექიმის რეკომენდაციით ჩაიტარონ.
წითელა ინფექციურ-ვირუსული დაავადებაა, რომელიც კონტაქტის დროს ჰაეროვანი გზით, 100 %-იანი რისკით გადაეცემა არაიმუნიზირებულ ადამიანს. მისი სიმპტომებია ყელის ტკივილი, ხველა და მაღალი ტემპერატურა. გრძელდება 5-6 დღე და სწორედ ამ პერიოდში ადამიანს წითელასათვის დამახასიათებელი გამონაყარი აღენიშნება:
„სწორედ ამ პერიოდშია ყველაზე მეტად გადამდები წითელა. ხშირად ეშლებათ სხვა ვირუსებში, მათ შორის გრიპშიც. რაც არ უნდა იყოს, აუცილებელია პირის იზოლაცია, პირადი დამცავი საშუალების გამოყენება, ნიღბის ტარება, ექიმთან ვიზიტი და აუცილებლად იმ პირთა დროული ვაქცინაცია, ვისთანაც შეხება გაქვთ. დაავადებული პირი აუცილებლად უნდა მიმართავდეს სამედიცინო დაწესებულებას და ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას უნდა იტარებდეს“.
ნინო ნიჟარაძის თქმით, აცრის გარეშე ბავშვები, განსაკუთრებით ჩვილები, წარმოადგენენ წითელათი დაავადების მაღალი რისკის ჯგუფს. ასევე, დაავადების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან არავაქცინირებული ორსული ქალები. ნინო ნიჟარაძე ამბობს, რომ მოსახლეობაში გავრცელებული შეხედულება, თითქოს წითელას ვირუსი, სხვა ინფექციური დაავადებების მსგავსად, მოსახდელია, მცდარია და მისგან თავდასაცავად ვაქცინაცია აუცილებელია. ბათუმში გამოკითხულ მოქალაქეთა ნაწილი დაავადების შესახებ ინფორმირებულია, ნაწილი კი ვერ იხსენებს, გაიარა თუ არა ვაქცინაცია. ამ შემთხვევაში მედიკოსები მათ ურჩევენ, განსაკუთრებით ორსულებს, აცრის სტატუსი სისხლის ლაბორატორიებში დაადგინონ:
დაავადებული პირი აუცილებლად უნდა მიმართავდეს სამედიცინო დაწესებულებას და ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას უნდა იტარებდეს...ნინო ნიჟარაძე
„ამ ინფექციებს იწვევს ის, რომ მოსახლეობის ნაწილს არ აქვს აცრები გაკეთებული თავის დროზე. ამას სხვადასხვა მოტივი აქვს. რაც მსმენია, ზოგჯერ აცრების უარყოფითი შედეგების ეშინიათ. ხშირად რელიგიური მოტივიც აქვთ და ვფიქრობ, რომ არასწორი მიდგომაა, იმიტომ რომ ეს ადამიანები ხელს უწყობენ ინფექციის გავრცელებას“.
„ბატონებს ვეძახით, ასეა მისი სახელი და ეპიდემია არ ვიცი... მოსახდელია, როგორც ვიცი...“
„ასეთი ტენდენცია იყო, რომ ეს მოსახდელია, - ეს დაავადება რომ დაემართებათ, შედეგად იმუნიტეტი ვითარდებაო, - ეს წარსულში იყო და სიკვდილიანობაც მაგიტომ მეტი იყო მანამდე, ვიდრე ვაქცინაცია არ შემოვიდოდა. ახლა განვითარდა ეს და ამიტომ აცრა, როგორც წესი, უნდა გაიკეთოს ყველამ!“
„ყველა აცრა მაქვს თუ არა გაკეთებული, ზუსტად არ ვიცი და ისიც არ ვიცი, სად გადავამოწმო“.
„წითელაზე მე თვითონ აცრა არ გამიკეთებია და ჩემს შვილს ყველა გეგმიური აცრა აქვს გაკეთებული“.
„მე ვასწავლი სკოლაში და ვიცით, რომ ეპიდემია არის, იმიტომ რომ სკოლაშიც ამოწმებენ. შევატყობინეთ მშობლებს და ვკითხეთ. პასუხს გვეუბნებიან, ვის აქვს გაკეთებული აცრა. სკოლაში აღმოჩნდა, რომ ყველა აცრილია“.
„ამ ვირუსის შესახებ ახლახან შევიტყვე ტელევიზიით. გავიგე, რომ საკმაოდ დიდი პროგრამა ხორციელდება იმისთვის, რომ მოსახლეობამ გაიკეთოს ვაქცინაცია და ამით აირიდოს, რადგან ეპიდემიის სახით ჩვენთან, ბათუმში, ძალიან გავრცელებულია. ჩემს შემთხვევაში, სამწუხაროდ, არ ვიცი, ვარ თუ არა აცრილი, მაგრამ გავიგე, რომ შემიძლია ჩავაბარო სისხლის ანალიზი უფასოდ და გავიგო ამის შესახებ“.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, წითელას ვირუსის ეპიდემიური აფეთქება ევროპის ქვეყნებშიც ფიქსირდება, სადაც 15 ათასი შემთხვევაა რეგისტრირებული. მათგან 34 ლეტალურად დასრულდა. მედიკოსების ცნობით, წითელას ვირუსს გართულებაც ახასიათებს და, შესაძლოა, იგი დაავადების გადატანის შემდეგაც გამოვლინდეს. წითელას ვირუსი განსაკუთრებით მძიმედ გადააქვთ მოზრდილებს.