ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ორ კვირაზე მეტია, მეორე მსოფლიო ომისდროინდელ წერილებს აგროვებენ. ახლახან დაწყებულ პროექტს, რომელსაც ემზარ ჯგერენაია და მაია სიმონიშვილი უდგანან სათავეში, დაარქვეს „მეორე მსოფლიო ომი ეპისტოლარულ ჟანრში, წერილები ფრონტიდან”, თუმცა მალევე მიხვდნენ, რომ მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის პერიოდით არ უნდა შემოფარგლულიყვნენ. პროექტის ავტორები ფიქრობენ, რომ საქართველოში და, შესაძლოა, მის გარეთაც, ემიგრაციაში მცხოვრები ქართველების ოჯახებში, დღემდე შეიძლება ინახებოდეს არაერთი საინტერესო წერილი პირველი მსოფლიო ომის ფრონტიდანაც. ეროვნულ ბიბლიოთეკას ამ წერილების მოგროვება, გაციფრულება და მომავალი თაობებისთვის შენახვა აქვს გადაწყვეტილი.
"სალამი ჩემს გულიდან განუშორებელს, საყვარელ ნინას. ძვირფასო და ძვირად სანახაო საყვარელო ნინა. მოგიკითხავ ძალიან დიდი მოწყენით და ძალიან მაგრა მაგრა მაგრა პირზე კოცნით - ისე კოცნით, რომლის დაწერა სიტყვებით ვერ მომიხერხებია. ჩემო გულიდან განუშორებელო ნინა, როგორ ხარ, როგორ სცხოვრობ, როგორ ატარებ თავისუფალ დროს, მუდამ წუთს მეინტერესება რომ ვიცოდე... ძვირფასო და ძვირად სანახაო ნინა, მე გამოგიგზავნე სურათები, პატარები გულის ბროშკისთვის. მართალია ჯავრი მომდის შენზე, რამდენსა გწერ, რომ ჩვენ რომ ერთად სურათი გადავიღეთ, ის გამომიგზავნემეთქი და არა ჰგზავნი... მწერე წერილები და რა გიჭირს, რა გაკლია, ან ხო არ გცივა. მოუარე შენს თავს. თუ როგორმე იშოვი ვალინკებს, იყიდე. ჩაიცოდე ჩემი ჩექმები. ტუფლები წითელი. ოღონდ ნუ შეიციებ, ოღონდ ნუ მოიმშიებ. იყავი კარგად, მოუწყენლად. გკოცნი ბევრს. მაგონდება ის საყვარელი საათები, როცა შენ თვალით გხედავდი, გკოცნიდი, მკოცნიდი და სიყვარულით მაინც ვერა ვძღებოდით. გწერს შენსკე მოწყენილი ლადო..." ეს წერილი ნაღვარეველმა ლადო ბუჩუკურმა თავის მეუღლე ნინას ფრონტიდან მისწერა. კიდევ ბევრი ასეთი სიტყვა უძღვნა მონატრებულ ცოლს, რომელიც ომში წასვლის შემდეგ მხოლოდ ერთხელ ნახა, ათი დღით სოფელში შვებულებით ჩასულმა. 20 წლისები თუ იქნებოდნენ. ლადო ომიდან აღარ დაბრუნებულა, ნინას კი ერთი შვილი და ბევრი ასეთი წერილი დარჩა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე კითხულობდა და კითხულობდა. აღარ გათხოვილა. დღეს ამ წერილების ნაწილი ლადოს და ნინას შვილიშვილის, ნინო ბუჩუკურის, ოჯახში ინახება.
„ეგეთი სიყვარულის შესახებ წიგნებში თუ წამიკითხავს. და რეალობაშიც რომ ამას წავაწყდი, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი იყო. ხომ წარმოგიდგენიათ, ძველ დროში, როცა ადამიანები ძირითადად გარიგებით ქმნიდნენ ოჯახებს, ჩემს ბებიას და ბაბუას ასე უყვარდათ ერთმანეთი, ასეთი სიყვარულით დაქორწინდნენ. ბებიაჩემი ლამაზი ქალი იყო, ერთშვილიანს და ქვრივსაც ჰყავდა მთაში მთხოვნელი, მაგრამ ოჯახი აღარ შეუქმნია. სულ ელოდა და გზას გაჰყურებდა. მერე რომ ვკითხე, რატომ არ გათხოვდი-მეთქი, მიპასუხა, ახლაც მის გზას გავცქერი, სულ მეგონა დაბრუნდებოდა და ასე რომ მომხდარიყო და მე გათხოვილი დავხვედროდი, რა პირით შევხვედროდიო“.
დღეს ლადო ბუჩუკურს ოთხი შვილიშვილი და შვიდი შვილთაშვილი ჰყავს. ნინა ცოცხალი აღარ არის. წერილების ნაწილი თან წაიყოლა. მისი სიკვდილის შემდეგ კი რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში, საძმო სასაფლაოზე, შვილიშვილებმა ლადოს საფლავიც იპოვეს.
მეორე მსოფლიო ომის ფრონტიდან მოწერილი მსგავსი წერილები, უკვე ორი კვირაა, გროვდება ეროვნულ ბიბლიოთეკაშიც. უკვე 160 ძველი, გაყვითლებული წერილია მოგროვილი, ფრონტიდან - სამკუთხა ბარათების და ფერგადასული კონვერტების რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს. თითქოს ყველამ ერთად ჩაიხედა ძველ უჯრებში და ძლივსგასარჩევწარწერიან ბარათებს მტვერი გადასწმინდა. წერილებს ბიბლიოთეკაში მათ გადასარჩენად და შესანახად აგროვებენ - მიმართავენ ყველა იმ ადამიანს, ვის ოჯახშიც ასეთი ბარათები დღემდე შემორჩა: ომის ამბები, ამბები ფრონტის წინა ხაზიდან და დაბრუნებული წერილები ზურგიდან.
ყველაფერი დაიწყო ერთ დღეს, როდესაც დეიდასთან, ციური ხეთერელთან, სტუმრად მისულმა ბიბლიოთეკის თანამშრომელმა, მაია სიმონიშვილმა, თავისი ბაბუის, კარლო ხეთერელის, ფრონტიდან გამოგზავნილი წერილები ნახა და წაიკითხა. პროფესიით ლიტერატურათმცოდნე დეიდამისი წერილებს ჩაჰკირკიტებდა. ბაბუის წერილების შინაარსით და ენით მოხიბლულმა მაიამ მეორე დღეს ერთ-ერთი წერილის ტექსტი ფეისბუკზე მეგობრებსაც გაუზიარა და ასე დაიწყო:
„ჩემო ჭკვიანო ქეთუნია, მე მაქვს იმედი, რომ შენ შენებურად ვაჟკაცურად გაუმკლავდები ყველა დაბრკოლებას. ხომ გაქვს გამოცდილება შვიდი-რვა წლის? ათი წლით არის ხალხი გადასახლებული და ოჯახი იტანს გაჭირვებას. შენც, ჩემო ოქრო გოგო, იყავი შვილების ერთგული, ნუ გაუჯავრდები, გულს ნუ გაიხეთქავ და უფრო გაგიფრთხილდებიან. ღმერთმა თუ არ გაგვწირა, ყველაფერი კარგად იქნება... მე ახლა ფრონტზე ვარ უკრაინაში, ხარკოვთან. ასე წავიდა, ჩემო საყვარელო ცოლ-შვილო, ჩემი საქმე. მაგრამ მიუხედავად ყოვლისა, იმიტომ, რომ კიდევ ვეღირსო თქვენს დაკოცნას, თქვენს მოფერებას, თქვენს პატრონობას, როგორც ქვია, ისე ვარ, თუ ტყვიამ არ მიმსხვერპლა. ყველაფერს ავიტან თქვენთვის, ჩემი სულის სწორო ცოლ-შვილო. ცეცხლზე რომ დამდვან, არ შევუშინდები. ვარ ისეთ პირობებში, რაც კინოში გინახავს, მაგრამ არაფერია. ოღონდ თქვენს ნახვას ვეღირსო, ოღონდ თქვენთან მოვაღწიო და არ დავიშურებ არავითარ გამძლეობას“.
ამ წერილს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ყველამ თავისი ბაბუების და ბებიების ამბები გაიხსენა, ზოგმა ძველი წერილებიც ამოქექა და ასე, ბუნებრივად, დაიბადა ახალი - ომისდროინდელი წერილების შეგროვების - პროექტი, რომელსაც მაია სიმონიშვილთან ერთად ემზარ ჯგერენაიაც ჩაუდგა სათავეში.
„ბაბუაჩემის ჩანაწერების რვეულს რომ გადავხედე, ვნახე, რომ მხოლოდ სასიყვარულო წერილები კი არ იყო, ეწერა ომის წარმოებაზე, რასაც ჯარში ასწავლიდნენ, იმაზეც და რა გამოცდილებასაც აგროვებდა. ველოდი, რომ მშრალი წერილები უნდა ყოფილიყო, მაინც საბჭოთა კავშირის დროს წერდნენ ამ წერილებს, თვითცენზურის პირობებში, თუმცა აღმოჩნდა, რომ ასე არ იყო. ის სტერეოტიპიც დამენგრა, რომ თითქოს საბჭოთა კავშირში ყველა ერთმანეთს ჰგავდა - არ იყო ასე“.
მაია სიმონიშვილი გვეუბნება, რომ წერილები ფრონტიდან იმ დროზე ყველაფერს ჰყვება - რას ფიქრობდნენ, რა სურდათ, როგორ ცხოვრობდნენ, ომს როგორ აღიქვამდნენ. ჩანს, თუ როგორ ზრუნავდნენ ოჯახებზე შორი მანძილიდან.
„მახსენდება ერთი 20 წლის ბიჭის წერილიც, ვარდისფერ კონვერტში, შემოქმედებითი ირონიით გაჟღენთილი. თავის დას წერს ასეთი სიტყვებით: „სალამი ელიკოს აყვავებულ საქართველოში. გავიგე, რომ კანფეტები და გალეტები არ იშოვება, მათ გამოგზავნაზე ნუ შეწუხდებით. ჩემს ამბავს თუ შეეხებით და გაინტერესებთ, მე ისევ იმ ნაწილში ვიმყოფები”... წერს, თბილისში თოვლი თუ მოვიდა და ვენახები როგორ არისო...”
ძალიან იშვიათად წერენ ადამიანები, რომ ლენინის და სტალინის გამო კვდებიან. წერენ საკუთარ შვილებზე, ოჯახზე, ტკივილზე, დაშორების სევდაზე, შიშზე. მთელი ეს ემოციები, პათოსის ეს ფორმები უაღრესად საინტერესო სურათს ქმნის...ემზარ ჯგერენაია
ზოგი, მაიას ბაბუის მსგავსად, ლექსების წერასაც იწყებდა და გზავნიდა.
იმ დღეს მზევინარ რუხაძემაც მიიტანა ბიბლიოთეკაში მამის, ოთარ რუხაძის, წერილები. ის ჯერ ომში იბრძოდა თურმე, შემდეგ ტყვედ ჩავარდნილა, პოლონეთში ცეკვის ანსამბლი შეუქმნია, სამშობლოში წლების მერე დაბრუნებული კი სტალინის რეჟიმს ისევ გადაუსახლებია ციმბირში. იქ კი, შახტის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულა. ასეთი ამბებით გატენილია წერილები ფრონტიდან - თითო წერილი ზოგჯერ რომანის სიუჟეტიაო, ამბობს მაია. ემზარ ჯგერენაია კი გვეუბნება, რომ პირველ ეტაპზე ამ წერილების შეგროვება და ციფრულ ფორმატში შენახვაა მიზანი. ეს წერილები, მისი თქმით, გარდა შინაარსისა, ენობრივი თვალსაზრისითაც საინტერესოა - როგორ წერდნენ, როგორი იყო საშინაო, წერილების ენა. და, რაც მთავარია, ის, თუ რაზე წერდნენ:
„ქსელი, ოჯახები, ნათესაობა, ოჯახები. ძალიან ბევრს წერენ ფულზე, ფული თუ გაქვთო, ოჯახის წევრებს ეკითხებიან. აი, სწორედ მაიას ბაბუა წერს, ხუთასმანეთიანი პენსია გექნებათ, მე რო დავიღუპოო. ასე წერენ სხვებიც, ზრუნავენ შორიდან. ძალიან იშვიათად წერენ ადამიანები, რომ ლენინის და სტალინის გამო კვდებიან. წერენ საკუთარ შვილებზე, ოჯახზე, ტკივილზე, დაშორების სევდაზე, შიშზე. მთელი ეს ემოციები, პათოსის ეს ფორმები უაღრესად საინტერესო სურათს ქმნის“, - გვეუბნება ემზარ ჯგერენაია და მიმართავს ყველას - თუ ვინმეს დღემდე აქვს შემორჩენილი წერილები პირველი მსოფლიო ომიდან, მიიტანონ ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც შეუძლიათ როგორც დედნების, ისე წერილების ასლების დატოვებაც მათი ავტორების ფოტოებთან ერთად. პირველი ეტაპი ამ დოკუმენტების შეგროვება, გაციფრულება და გადარჩენაა, ამბობს ემზარ ჯგერენაია, მაგრამ თუ პროექტი გაგრძელდა, შესაძლოა, ამ წერილების ტექსტებად ქცევაც მოხერხდეს ან, სულაც, დიდი და საინტერესო კვლევის დასაბამი გახდეს:
„პოსტსაბჭოთა ადამიანის პრობლემაა, რომ ჩვენ ისტორია გვესმის, როგორც ის დაგვიწერა მთავრობამ და მასთან დაახლოებულმა ინტელექტუალებმა. მაგალითად, კომუნისტური პარტიის დავალებით დაწერილი მეორე მსოფლიო ომის ისტორია, მაღალ კონტროლს დაქვემდებარებული, რის შედეგადაც ჩვენ გვაქვს ამ ისტორიის მხოლოდ ერთი ვერსია. ამ წერილებიდან კი ჩვენ შეგვიძლია აღვადგინოთ ყოველდღიურობაში, ომში ჩაბმული ცოცხალი დამკვირვებლის პოზიციიდან დაწერილი ისტორია. ამიტომ ველოდებით ჩვენს მოქალაქეებს, მთელი საზოგადოების გამოხმაურებას, რომ რაც შეიძლება მეტი წერილი მოვიპოვოთ, რომელთაც განადგურება უწერია, თუ ის არ აღმოჩნდება საჭირო ადგილას, ანუ ეროვნულ ბიბლიოთეკაში“.
საავტორო PS: ომის წერილებზე ამბავი მეც გამახსენდა. ჩემს ბავშვობაში მამაჩემი ერთ სევდიან სიმღერას მღეროდა ხოლმე. ერთი ფრაზა ახლაც მახსოვს იმ სიმღერიდან: „გწერდი სამკუთხა წერილებსო“. მაგ დროს ომში სამჯერ დაჭრილი ბაბუაჩემი, რომელსაც ფრონტზე ორი ძმა დაეღუპა, ოცი წლის ბიჭები, ოთახიდან გადიოდა, ვითომ სიგარეტის მოსაწევად. მე კი რატომღაც ცხარე ცრემლით ვტიროდი ხოლმე. წლების შემდეგ, როცა აღარც მამაჩემი მღეროდა ამ სიმღერას და ბაბუაჩემიც მოკვდა, მე კი უკვე ჩემთვის უცნობი ბაბუის ძმებისტოლა გავხდი, ძველი მაგიდის უჯრაში რაღაცნაირად უპატრონოდ ჩალაგებული მათი სამკუთხა წერილები ვიპოვე, ფრონტიდან მშობლებისთვის გამოგზავნილი. და მაშინ მივხვდი, რატომ მატირებდა ის სიმღერა, ან რატომ არასოდეს დაიჯერა ჩემმა დიდმა ბებიამ თავისი ბიჭების სიკვდილი.