ამერიკელი მილიარდერი დონალდ ტრამპი, რომელიც დამაჯერებლად ლიდერობს შეერთებული შტატების პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატად ნომინაციისათვის ბრძოლაში, პირობას დებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, შეეცდება გააუმჯობესოს რუსეთთან და ჩინეთთან ურთიერთობები.
ტრამპმა ამ საკითხზე ისაუბრა 27 აპრილს ვაშინგტონში, საგარეო პოლიტიკაზე მოხსენებით გამოსვლისას. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულ შტატებს სერიოზული უთანხმოება აქვს რუსეთთან, შესაძლებელია „ძლიერის პოზიციიდან“ განიმუხტოს მოსკოვთან ამჟამინდელი დაძაბულობა. „ჩემი საგარეო პოლიტიკა ყოველთვის ყველაფერზე მაღლა დააყენებს ამერიკელი ხალხისა და ამერიკის უსაფრთხოების ინტერესებს. ეს უნდა იყოს მთავარი! ეს აუცილებელია. ეს იქნება საფუძველი ყოველი გადაწყვეტილებისათვის, რომელსაც მივიღებ“, - განაცხადა ტრამპმა. მან გააკრიტიკა შეერთებული შტატების მოკავშირეები იმის გამო, რომ არ სურთ „გადაიხადონ თავიანთი სამართლიანი წილი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“. მან ნატოს წევრებს მოუწოდა, გაზარდონ სამხედრო ხარჯები და აღნიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ვაშინგტონი მათ შესთავაზებს, თვითონვე დაიცვან საკუთარი თავი. ტრამპმა ისაუბრა ისლამისტ რადიკალებთან ბრძოლაზეც. მან პირობა დადო, რომ გაანადგურებს ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებს.