Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სუპერსამშაბათის“ გამარჯვებულები: ტრამპი და კლინტონი


დონალდ ტრამპი, ჰილარი კლინტონი
დონალდ ტრამპი, ჰილარი კლინტონი

აშშ-ში გრძელდება პროცესი პრეზიდენტობის კანდიდატების გამოსავლენად. 1 მარტს ჩატარებულმა შიდაპარტიულმა არჩევნებმა, რომელსაც, საარჩევნო ტერმინოლოგიით, „სუპერსამშაბათს“ უწოდებენ, გამარჯვება მოუტანა რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს და დემოკრატ ჰილარი კლინტონს. „სუპერსამშაბათს“ იმართება ხოლმე შიდაპარტიული კენჭისყრები ყველაზე მეტ შტატში. 1 მარტს ეს იყო 10-ზე მეტი შტატი, რომელთაგან ტრამპმა და კლინტონმა შვიდ-შვიდ შტატში გაიმარჯვეს.

შედეგად ტრამპმა და კლინტონმა დიდი ნაბიჯებით წაიწიეს წინ შუალედური მიზნის მისაღწევად: თავიანთი პარტიების მიერ პრეზიდენტობის კანდიდატებად დასასახელებლად. საბოლოო მიზანი, ბუნებრივია, არის წელს, 8 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება. 69 წლის ტრამპმა და 68 წლის კლინტონმა „სუპერსამშაბათს“ დაამტკიცეს, რომ ლიდერები არიან პრეზიდენტობის კანდიდატებად დასახელების მსურველებს შორის.

„ეს უკვე საოცარი საღამოა! გავიმარჯვეთ ხუთ დიდ შტატში და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ შეიძლება გავიმარჯვოთ ექვს, შვიდ, რვა ან ცხრა შტატში“, - ეს სიტყვები წარმოთქვა დონალდ ტრამპმა 1 მარტს ფლორიდაში, პალმ ბიჩში მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას.

რიტორიკა, რომელიც მეორე მხარეს, რესპუბლიკელი კანდიდატებისაგან გვესმის, არასოდეს ყოფილა ამაზე უფრო დაბალ დონეზე. მცდელობა, ამერიკა გახლიჩონ „ჩვენსა“ და „მათ“ შორის არის არასწორი და ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეს მოხდეს...
ჰილარი კლინტონი

მონაცემებით, რომლებსაც შეერთებული შტატების მედია ავრცელებს, 12 შტატში ჩატარებული შიდაპარტიული არჩევნების შედეგად, ტრამპმა გაიმარჯვა შვიდ შტატში და გაიმყარა რესპუბლიკელებს შორის ლიდერის პოზიცია მას შემდეგ, რაც გასულ თვეში მხარდაჭერა მოიპოვა სამ შტატში სულ ოთხიდან, სადაც შიდაპარტიული არჩევნები გაიმართა. შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნების ხანგრძლივი და რთული სისტემით, ტრამპს სჭირდება 1237 დელეგატის ხმა პრეზიდენტობის რესპუბლიკური პარტიის კანდიდატად დასახელებისათვის. ამჟამად მას 285 ხმა აქვს განაღდებული. ტრამპის მთავარი მეტოქეებიდან, სენატორ ტედ კრუზს აქვს 161 ხმა, ხოლო სენატორ მარკო რუბიოს - 87.

„სუპერსამშაბათს“ ჰილარი კლინტონმაც შვიდ შტატში მოიპოვა გამარჯვება, ისევე როგორც ტრამპმა. „ამ არჩევნებში არასოდეს ყოფილა ვითარება უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ახლაა და რიტორიკა, რომელიც მეორე მხარეს, რესპუბლიკელი კანდიდატებისაგან გვესმის, არასოდეს ყოფილა ამაზე უფრო დაბალ დონეზე. მცდელობა, ამერიკა გახლიჩონ „ჩვენსა“ და „მათ“ შორის არის არასწორი და ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეს მოხდეს“, - უთხრა კლინტონმა 1 მარტს ამომრჩევლებს მაიამიში. მისმა მეტოქემ ბერნი სანდერსმა, რომელიც თავს „დემოკრატ სოციალისტს“ უწოდებს, „სუპერსამშაბათს“ ოთხ შტატში გაიმარჯვა.

შიდაპარტიული არჩევნები ვირჯინიაში
შიდაპარტიული არჩევნები ვირჯინიაში

საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესის“ პროგნოზით, „სუპერსამშაბათის“ შედეგად ჰილარი კლინტონი მოაგროვებს, სულ ცოტა, 1005 დელეგატის ხმებს, რაც გაცილებით მეტია სანდერსის მხარდამჭერ 373-ზე. დემოკრატიული პარტიის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად ნომინირებისათვის საჭიროა 2383 ხმის მიღება.

მოკლედ, როგორც „სუპერსამშაბათის“ შედეგები მიანიშნებს, ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ჰილარი კლინტონი და დონალდ ტრამპი. ერთ მხარეს - ყოფილი პირველი ლედი, სახელმწიფო მდივანი, სენატორი და მეორე მხარეს - მულტიმილიარდერი, პოლიტიკური აუტსაიდერი, რომელსაც შეურაცხმყოფელი განცხადებები აქვს გაკეთებული მუსლიმებსა თუ მექსიკელებზე, ქალებსა თუ პოლიტიკურ ოპონენტებზე. აშკარად, დონალდ ტრამპის ამ უხეშ რიტორიკაზე მიანიშნა ჰილარი კლინტონმა, როცა მხარდამჭერებს უთხრა: რიტორიკა, რომელიც რესპუბლიკელებისაგან გვესმის, არასოდეს ყოფილა უფრო დაბალ დონეზეო.

ტრამპის ბევრისათვის მოულოდნელი წარმატების მიზეზად მიჩნეულია ამერიკელთა ნაწილის მიერ პოლიტიკური ალტერნატივის ძიება ტერორიზმიდან და იმიგრაციიდან მომდინარე საფრთხეების ფონზე.

XS
SM
MD
LG