Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპის „უცნაური მოჯადოება“ დიქტატორებით


დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი „უცნაურად არის მოჯადოებული“ რუსეთის პრეზიდენტითა და სხვა ავტორიტარი მმართველებითო - ასე ფიქრობს აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატად ნომინაციისათვის მებრძოლი დონალდ ტრამპის შესახებ მისი დემოკრატი კონკურენტის, ჰილარი კლინტონის ერთ-ერთი მთავარი მრჩეველი, ჯეიკ სალივანი. მისი კომენტარი მოჰყვა ტრამპის განცხადებას, რომელიც კიმ ჩენ ინს ეხებოდა.

დონალდ ტრამპმა სამშაბათს გამოთქვა მზადყოფნა, დაელაპარაკოს მსოფლიოში თუ ყველაზე არა, ერთ-ერთი ყველაზე რეპრესიული რეჟიმის, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს, ბირთვული პროგრამით გამოწვეული პრობლემის მოსაგვარებლად. საინფორმაციო სააგენტო „რეიტერსთან“ ინტერვიუში ტრამპს არ დაუზუსტებია, რა არგუმენტებით აპირებს ჩრდილოეთკორეელი ლიდერის დაყოლიებას ბირთვულ პროგრამასთან გამოთხოვებაზე.

„მე მას დაველაპარაკებოდი, ვერანაირ პრობლემას ვერ დავინახავდი მასთან საუბარში. ამავე დროს, დიდ ზეწოლას განვახორციელებდი ჩინეთზე, რადგან ეკონომიკურად უზარმაზარი გავლენა გვაქვს ჩინეთზე. ხალხი ამას ვერ აცნობიერებს: ჩინელებს ჩვენს ქვეყანაში ნაშოვნი მილიარდობით დოლარი მიაქვთ. მილიარდობით დოლარი! და ჩვენ უზარმაზარი გავლენა გვაქვს ჩინეთზე. ჩინეთს შეუძლია ამ პრობლემის (ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის) მოგვარება ერთი შეხვედრით ან ერთი სატელეფონო ზარით, რადგან მას უზარმაზარი გავლენა აქვს ჩრდილოეთ კორეაზე“, - უთხრა „რეიტერსს“ დონალდ ტრამპმა.

“უცნაური მოჯადოება” უცხოელი ავტორიტარი ლიდერებით, როგორიც არიან პუტინი და კიმიო - ასეთია დასკვნა, რომელიც საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჰილარი კლინტონის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა გამოიტანა ტრამპის განცხადებიდან. ჩრდილოეთკორეელ დიქტატორთან მოლაპარაკებისათვის დონალდ ტრამპის მზადყოფნა მან დაუპირისპირა ბოლოდროინდელ მკაცრ კრიტიკას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონის მისამართით. დონალდ ტრამპი შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს უახლოეს მოკავშირეს და მერე ამბობს, რომ სიამოვნებით დაელაპარაკება კიმ ჩენ ინსო? - უკვირს კლინტონის მრჩეველს.

თავის დროზე, შარშან დეკემბერში, ყურადღება მიიპყრო დონალდ ტრამპის განცხადებამაც, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ეხებოდა. „ვფიქრობ, იოლად გამოვნახავ საერთო ენას პუტინთან! ვფიქრობ, იოლად გამოვნახავ საერთო ენას სხვა ლიდერებთან. პუტინი ვერ იტანს ჩვენს პრეზიდენტს და პრობლემებს გვიქმნის“, - განაცხადა დეკემბერში დონალდ ტრამპმა. პუტინის მისამართით ქების სიტყვებიც უთქვამს და თავი მოუწონებია იმით, რომ მას პუტინი აქებს. „პუტინს მოვწონვარ, პუტინი ამბობს, ტრამპი მაგარიაო! ვგიჟდები, როცა ამბობს, რომ მაგარი ვარ“, - ნათქვამი აქვს ტრამპს წელს, იავნარში, აიოვის შტატში წინასაარჩევნო შეხვედრის დროს.

მაგრამ 17 მაისის ინტერვიუში ის კრიტიკული იყო: „ეს არ მომწონს! სულაც არ მომწონს ის, რასაც რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში აკეთებს“.

იმავე დღეს, როცა დონალდ ტრამპი ამ ინტერვიუს აძლევდა „რეიტერსს“, მან გაიმარჯვა ორეგონის შტატში გამართულ შიდაპარტიული არჩევნებში - გაინაღდა კიდევ 28 დელეგატის მხარდაჭერა რესპუბლიკელების ივლისის ყრილობისათვის, რომელზეც პრეზიდენტობის კანდიდატს დაასახელებენ.

XS
SM
MD
LG