ქვეყნების მიხედვით ჯაზის პოპულარობას თვალი რომ გადაავლო, უცნაური სურათი იკვეთება. ფაქტის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ამ მუსიკის სიყვარულსა თუ ერთგულებაში ამერიკელებს იაპონელებმა აჯობეს. სხვადასხვა გამოკითხვის თანახმად, დღეს ჯაზს ამომავალი მზის ქვეყანაში პროცენტულად უფრო მეტი მსმენელი ჰყავს, ვიდრე მის მშობლიურ მხარესა და დანარჩენ მსოფლიოში.
ყველაფერი მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო, როცა ორასწლიანი თვითიზოლაცია დასრულდა და დასავლური კულტურა - მათ შორის, ჯაზიც-ხელმისაწვდომი გახდა. იაპონელებმა ამერიკული მუსიკის იმპროვიზაციულ ბუნებას ალღო მალევე აუღეს. ისტორიკოსები პირველ იაპონელ ჯაზმენად მესაყვირე ფუმიო ნანრის მიიჩნევენ, რომელსაც საშემსრულებლო ოსტატობის გამო ლუი არმსტრონგს ადარებდნენ და „საჩმოს“ ეძახდნენ.
იაპონიაში ჯაზის ოქროს ხანა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დადგა. სცენაზე უამრავი ახალგაზრდა არტისტი თუ ბენდი გამოჩნდა. დღეს ერთ-ერთ ასეთ არტისტს, ტოშიკო აკიოშის, გავიხსენებ. ინსტრუმენტზე დაკვრის ხელოვნებას ბავშვობაშივე დაეუფლა, ხოლო ჯაზი ამერიკიდან ჩამოტანილი ფირფიტების სმენისას შეიყვარა. თვითნასწავლი მუსიკოსი საშემსრულებლო ოსტატობას იმ კონცერტებზე ხვეწდა, რომლებიც ამერიკელი ჯარისკაცებისათვის იმართებოდა ხოლმე. ჰოდა, ერთხელაც ამომავალი მზის ქვეყანას ცნობილი პიანისტი ოსკარ პიტერსონი ეწვია. იოკოჰამას ჯაზ-კაფე „ჩიგუსაში“ კიმონოში გამოწყობილ გოგონას მოუსმინა და იმდენად მოიხიბლა, რომ საკუთარ ტრიოსთან ერთად ალბომი ჩააწერინა, დისკი ბოსტონში, ბერკლის კოლეჯში გაგზავნა და იაპონელი გოგონას სწავლის დაფინანსება სთხოვა.
1954 წელს ტოშიკო აკიოში ბერკლის კოლეჯის სტიპენდიანტი გახდა. სწავლის პარალელურად ბოსტონის კლუბებში უკრავდა, 2 წლის თავზე კი ნიუ-პორტის ჯაზფესტივალზეც გამოიჩინა თავი. თუმცა საყოველთაო აღიარება 70-იანი წლების ბოლოს მოიპოვა, როცა საქსოფონისტ ქმართან ლიუ ტაბაკინთან ერთად საკუთარი ბიგბენდი ჩამოაყალიბა. ტოშიკოს საფორტეპიანო მეტყველება კრიტიკოსების აღფრთოვანებას იწვევდა, როგორც კომპოზიტორმა და არანჟირებათა ავტორმა კი, ბენდი ამერიკული სცენის ერთ-ერთ წამყვან კოლექტივად აქცია. 1978 წელს ჟურნალმა „დაუნბითმა“ ორკესტრი წლის მთავარ მოვლენად, ხოლო ალბომი Insights წლის საუკეთესო ნამუშევრად მონათლა.
ბენდის დაშლის შემდეგ ტოშიკო აკიოში სოლო კარიერაზე გადაერთო, სტუდიურ თუ საკონცერტო პროექტებს ამერიკასა და იაპონიაში ახორციელებდა. ტოკიოში საკუთარი მუსიკალური სკოლაც გახსნა, სადაც ახლაგაზრდა იაპონელებს ჯაზურ სცენაზე დაგროვილ გამოცდილებას უზიარებს. ამჟამად 85 წლის ბრძანდება და პერიოდულად „ბერდლენდში“, ნიუ-იორკის ცნობილ ჯაზკლუბში, მართავს ხოლმე კონცერტებს.