Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძმები ჯონსები. ნაწილი II - ტედი


ტედ ჯონსი
ტედ ჯონსი

წინა სიუჟეტში ჯაზურ მუსიკოსთა ოჯახზე, ძმებ ჯონსებზე დავიწყე საუბარი და ელვინი გავიხსენე, პოსტბოპის ეპოქის საუკეთესო დრამერად აღიარებული არტისტი. დღეს კი შუათანა ძმაზე, ტედზე მოგახსენებთ, რომელიც ვირტუოზი მესაყვირე, ბენდლიდერი, შესანიშნავი კომპოზიტორი და არანჟირებათა ავტორი ბრძანდებოდა.

ტედი 1923 წლის 28 მარტს დაიბადა. თვითნასწავლი მესაყვირე სცენაზე 16 წლის ასაკში გამოჩნდა - უფროს ძმასთან, პიანისტ ჰენკ ჯონსთან, და საქსოფონისტ სონი სტიტთან ერთად მართავდა კონცერტებს. მალე მისი ნიჭით ლეგენდარული ბენდლიდერი ქაუნთ ბეისი დაინტერესდა, საკუთარ ორკესტრში მიიწვია, სადაც, საბოლოო ჯამში, 9 წელი გაატარა. ბეისისეული სვინგის მუსიკალური სტრუქტურა ორკესტრის ცალკეულ წევრებს სოლირებისა და იმპროვიზაციული აზროვნების სრულ თავისუფლებას აძლევდა. ჰოდა, ტედმაც სწორედ აქ წარმოაჩინა თავისი შესაძლებლობები. "April in Paris", "Shiny Stockings", "Corner Pocket" - ეს ის სტანდარტებია, სადაც ტედ ჯონსის საყვირის სოლო მეტყველებამ კრიტიკოსების აღფრთოვანება გამოიწვია, ხოლო თემები "The Deacon", "H.R.H." ისტორიული მნიშვნელობის თხზულებებად იქცა, როგორც არანჟირების საუკეთესო ნიმუშები.

1965 წელს ტედ ჯონსისა და ქაუნთ ბეისის გზები გაიყარა. მესაყვირემ დრამერ მელ ლუისთან ერთად საკუთარი ანსამბლი ჩამოაყალიბა, რომელშიც მეტწილად ნიუ-იორკელ ვარსკვლავებს მოუყარა თავი. რაღაც ხანს პატარ-პატარა სცენებზე უკრავდნენ, დიდი დებიუტი კი სახელოვან ჯაზკლუბში „Village Vanguard“-ში შედგა, სადაც მალევე დაიმკვიდრეს თავი. ორკესტრის მუსიკა სვინგის, ბიბოპისა და ჰარდბოპის ერთგვარ სინთეზს წარმოადგენდა, რომელსაც „ნეო-ბოპი“ დაარქვეს. ტედი მასალის არანჟირებით გახლდათ დაკავებული და ზოგჯერ ფლუგელჰორნზეც ირჯებოდა, ხოლო ლუისი რიტმ-სექციაზე გახლდათ პასუხისმგებელი. მისი ხელწერა ყველა არსებული ჯაზბენდის დრამერისგან გამოირჩეოდა, ლუისის უნიკალური ბგერა და თეფშებზე დაკვრის მანერა ორკესტრის სავიზიტო ბარათი იყო.

ტედ ჯონსისა და მელ ლუისის ორკესტრმა 1978 წლამდე იარსება და მიუხედავად იმისა, რომ სვინგურ ბიგბენდებს აქტუალურობა 50-იანი წლების მერე დაეკარგათ, მსოფლიოს მასშტაბით მაინც უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა. 1972 წელს მუსიკოსები თბილისსაც ეწვივნენ. სპორტის სასახლეში გამართულ კონცერტზე მსმენელის წინაშე ჯერ კიდევ უცნობი დიდი ბრიჯუოტერიც წარდგა.

1978 წელს ტედ ჯონსმა ყველასთვის მოულოდნელი ნაბიჯი გადადგა: ანსამბლის ლიდერობა მელ ლუისს გადაულოცა და თავად კოპენჰაგენში გადაბარგდა, სადაც დანიის რადიოს ორკესტრის ხელმძღვანელობა ანდეს. 1984 წელს კი, როცა მისი უფროსი კოლეგა ქაუნთ ბეისი აღესრულა, კვლავ შტატებში დაბრუნდა და თავისი ახალგაზრდობის ანსამბლს ჩაუდგა სათავეში.

მესაყვირე, მეარანჟირე და კომპოზიტორი ტედ ჯონსი 1986 წლის 21 აგვისტოს 63 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიუჟეტს კი ჯაზის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი თხზულებით დავასრულებ, რომელიც ტედ ჯონსმა 1969 წელს შექმნა. სტანდარტს A Child Is Born ჰქვია.

XS
SM
MD
LG