ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქის ძველ უბანში მდებარე საფეხმავლო „თეთრ ხიდზე“ ავტომანქანების მოძრაობის აღდგენის ინიციატივით გამოვიდა ინჟინერი ოთარ ჩიხლაძე, რომელიც ქუთაისის ყოფილი მერის, შოთა მურღულიას, მრჩეველი იყო.
მოძრაობა "თეთრ ხიდზე"
- „თეთრი ხიდის“ რკინის კონსტრუქცია 1872 წელს საფრანგეთიდან ჩამოიტანეს და, ინჟინერ ზეზელმანის პროექტის მიხედვით, დაამონტაჟეს მანამდე არსებული ხის ხიდის სანაცვლოდ, რომლის ბურჯები 1860 წელს წყალდიდობამ დააზიანა.
- ხის ხიდი რუსეთის იმპერატორის, ნიკოლოზის სახელობის იყო, მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აგებულ ახალ ხიდს კი „თეთრი“ მისი შეფერილობის გამო უწოდეს.
- „თეთრი ხიდი“ ერთმანეთთან აკავშირებს მდინარე რიონის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე მდებარე გრიშაშვილისა და პუშკინის ქუჩებს.
ოთარ ჩიხლაძის განცხადებით, თუ ხიდი ავტომანქანებს გაატარებს, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, კერძოდ კი, „თეთრი ხიდის“ პარალელურ რუსთაველის ხიდზე, მოძრაობა 25 %-ით განიტვირთება. ოთარ ჩიხლაძის განმარტებით, ავტოტრანსპორტისთვის 10 წლის წინ დაკეტილ “თეთრ ხიდს” შესაბამისი რეკონსტრუქცია სჭირდება:
“ქუთაისში ისე მომრავლდა ტრანსპორტი, რომ ქალაქის ცენტრალური ქუჩები ვერ ატარებს და საჭიროა გავათავისუფლოთ ნაწილობრივ. თუ ამ ხიდს აღვადგენთ, ქალაქის ცენტრში შემცირდება 25 %-ით. მე ვფიქრობ, რომ ამჟამად ეს ყველაზე კარგი გამოსავალია. ხიდზე ტროტუარები იქნება და ავტომანქანებიც იმოძრავებს და ფეხით მოსიარულეებიც“.
ქუთაისის „თეთრი ხიდი“ ერთმანეთთან აკავშირებს მდინარე რიონის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე მდებარე გრიშაშვილისა და პუშკინის ქუჩებს. ქალაქის ისტორიულ ნაწილში მდებარე პუშკინის ქუჩაზე შენობებს რეკონსტრუქცია 2006 წელს ჩაუტარდა, „თეთრი ხიდი“ კი, იმის გამო, რომ, სპეციალისტების დასკვნით, ამორტიზებული იყო და სატრანსპორტო მოძრაობას ვეღარ გაუძლებდა, მხოლოდ ფეხით მოსიარულეთათვის გადაკეთდა. მასალები „თეთრი ხიდის“ შესახებ და მისი ფოტოები დაცულია სახელმწიფო არქივში, ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმსა დ ფოტოკინომატიანის მუზეუმში. მისი ხელმძღვანელის, რამაზ მორჩაძის, განცხადებით, „თეთრი ხიდის“ რკინის კონსტრუქცია 1872 წელს საფრანგეთიდან ჩამოიტანეს და ინჟინერ ზეზელმანის პროექტის მიხედვით დაამონტაჟეს მანამდე არსებული ხის ხიდის სანაცვლოდ, რომლის ბურჯები 1860 წელს წყალდიდობამ დააზიანა. ხის ხიდი რუსეთის იმპერატორის, ნიკოლოზის სახელობის იყო, მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აგებულ ახალ ხიდს კი „თეთრი“ მისი შეფერილობის გამო უწოდეს. რამაზ მორჩაძის შეფასებით, უმჯობესი იქნება „თეთრი ხიდი“ მხოლოდ ქვეითად მოსიარულეებისთვის დარჩეს, რადგან ქუთაისის ისტორიული ნაწილის ქუჩები ვიწროა და არ არის განკუთვნილი ავტომანქანების მოძრაობისთვის:
„ჩემი აზრით, ქვეითად მოსიარულეებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ავტომანქანების გადასაადგილებლად პუშკინის ქუჩა ძალიან ვიწროა და იგი ფეხით მოსიარულეებისთვისაა გათვალისწინებული“.
ქუთაისის „თეთრი ხიდის“ შესახებ ისტორიული მასალები დაცულია ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმშიც. მისი მეცნიერ თანამშრომელი, მზია ზარნაძე, ამბობს, რომ „თეთრი ხიდი“ ქალაქის განაშენიანებისა და განვითარების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და მხოლოდ საკომუნიკაციო დანიშნულება არ გააჩნია:
„ხიდი მხოლოდ საკომუნიკაციო საშუალება არ არის ქალაქის ორი მხარის დასაკავშირებლად, არამედ ის ქმნის იერსახეს ქალაქისას. ასეა „თეთრი ხიდის“ შემთხვევაშიც. მე „თეთრი ხიდი“ წარმომიდგენია იმ სახით, როგორიც არის, მაგრამ უნდა იყოს გამყარებული, მოვლილი, განხორციელდეს მისი რეკონსტრუქცია. ხიდი უნდა შევინარჩუნოთ, როგორც რელიკვია“.
„თეთრი ხიდის“ საფეხმავლოდ დატოვების მომხრეა ქუთაისელთა ნაწილიც. რადიო თავისუფლების რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ ავტომანქანებისთვის ხიდის გახსნა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში საავტომობილო მოძრაობას ვერ განტვირთავს. „თეთრი ხიდის“ რეკონსტრუქციას ითხოვენ ის მოქალაქეები, რომლებიც ხიდით ყოველდღიურად სარგებლობენ, რადგან წლების წინ დაგებული ხის საფარი ნაწილობრივ დაზიანებულია:
მირჩევნია ფეხით სასიარულო იყოს. აქ სატრანსპორტო მოძრაობა რომ აღდგეს, აღარ იქნება საშუალება მოქალაქეებმა იმოძრაონ თავისუფლად...
„მირჩევნია უკეთესი პირობებით ფუნქციონირებდეს ხიდი, რომ არ ჩავარდეს ვინმე. ეს არის ერთ-ერთი სასიამოვნო ადგილი ფეხით მოსიარულეთათვის. ნამდვილად არ მივესალმები აქ ავტომანქანების და ტრანსპორტის მოძრაობას“.
„აქ მოძრაობის აღდგენა იმდენად ვერ განტვირთავს ქალაქს, რომ რაიმე არსებითი შედეგი მოიტანოს. ძველთაძველი ხიდია, ქუთაისის მშვენება არის და უნდა შენარჩუნდეს ამ სახით. ზაფხულობით ხალხი გამოდის, სეირნობს, აქ კარგი ჰაერია და უნდა შეინარჩუნოს ამ სახით ქალაქმა“.
„მირჩევნია ფეხით სასიარულო იყოს. აქ სატრანსპორტო მოძრაობა რომ აღდგეს, აღარ იქნება საშუალება მოქალაქეებმა იმოძრაონ თავისუფლად“.
თავის მხრივ, ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე დაგეგმილია „თეთრი ხიდის“ ფეხით სავალი ნაწილის რეკონსტრუქცია. ეს ნაწილი აკაციის ხისგანაა დამზადებული. ქალაქის ახალი მერის, გიორგი ჭიღვარიას, ინიციატივით, ხის საფარი, შესაძლოა, მინით შეიცვალოს, თუმცა საბოლოო პროექტი ჯერ არ არსებობს. ქუთაისის ხუთი ხიდიდან ერთ-ერთი უძველესი, საუკუნე-ნახევრის წინ აგებული „თეთრი ხიდი“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.