Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„12 მოკლული, 66 მილიონი დაჭრილი“


ფრანგული სატირული გამოცემის, „შარლი ებდოს“, თანამშრომლები 7 იანვარს ტერორისტულ თავდასხმას შეეწირნენ. წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურის გამოქვეყნების შემდეგ გამოცემის ოფისს სამი შეიარაღებული ადამიანი დაესხა. მომხდარს სწრაფადვე მოჰყვა მრავალათასიანი სოლიდარობის აქციები პარიზში და მსოფლიოს სხვა ქალაქებში. 8 იანვარს აქცია თბილისშიც იმართება.

საქართველო სოლიდარობას უცხადებს ფრანგულ სატირულ გამოცემა „შარლი ებდოს“. თბილისში 8 იანვარს აქცია იმართება, ლოზუნგით „მე ვარ შარლი“. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, თამარ გურჩიანი, ამბობს, რომ საქართველოს ჩართვა ამ კამპანიაში ძალიან მნიშვნელოვანია:

“ჩვენ ვართ კაცობრიობის ნაწილი და ადამიანის უფლებები, რომლებიც საფრთხის ქვეშ დგას, უნივერსალურია. ამ უფლების გამოყენების უფლება ადამიანებს მთელ მსოფლიოში ერთნაირად აქვთ. ამიტომაც, ჩვენი სოლიდარობა ძალიან მნიშვნელოვანია”.

ღამით პარიზში დიდი აქცია გაიმართა. ხალხი ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბა. ცენტრში ყველა კაფე, რომელიც, ჩვეულებრივ, სავსეა ხოლმე, სულ ცარიელი იყო. მთავარი გზებიც გადაკეტეს. ყველა ამაზე საუბრობდა...
ეკა ქევანიშვილი

თბილისში, ფრანგულ ინსტიტუტთან, აქცია სპონტანურად დაიგეგმა 7 იანვარს, რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც სამმა შეიარაღებულმა ტერორისტმა „შარლი ებდოს“ ოფისში 12 ადამიანი მოკლა, მათ შორის - ორი პოლიციელი, გამოცემის მხატვრები და ჟურნალისტები. ამ ამბავს სწრაფადვე მოჰყვა მოქალაქეების მასობრივი პროტესტი. პარიზის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. „12 მოკლული, 66 მილიონი დაჭრილი“ - ეწერა ერთ-ერთ ტრანსპარანტზე. რადიო თავისუფლების რეპორტიორი ეკა ქევანიშვილი პარიზში გამოსვლებს პირადად შეესწრო:

„ღამით პარიზში დიდი აქცია გაიმართა. ხალხი ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბა. ცენტრში ყველა კაფე, რომელიც, ჩვეულებრივ, სავსეა ხოლმე, სულ ცარიელი იყო. მთავარი გზებიც გადაკეტეს. ყველა ამაზე საუბრობდა. ვისაც კი გზას ვეკითხებოდით, გვეუბნებოდა ამ ამბის შესახებ. ზოგადად, ქალაქში გუშინ მთელი დღის განმავლობაში ძალიან უსიამოვნო განწყობა იყო“.

ამ განსაცდელის ჟამს ჩვენ მტკიცე თანადგომას ვუცხადებთ საფრანგეთის რესპუბლიკის ხელისუფლებასა და ფრანგ ხალხს. ჩვენ ვართ თქვენს გვერდით, რათა დავიცვათ ჩვენი საერთო კეთილდღეობა...
გიორგი მარგველაშვილი

ტერორისტული თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც სატირულმა გამოცემამ წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურა გამოაქვეყნა. საფრანგეთს სოლიდარობა და მხარდაჭერა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც ოფიციალურად გამოუცხადეს. განცხადება გაავრცელა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც:

„ამ განსაცდელის ჟამს ჩვენ მტკიცე თანადგომას ვუცხადებთ საფრანგეთის რესპუბლიკის ხელისუფლებასა და ფრანგ ხალხს. ჩვენ ვართ თქვენს გვერდით, რათა დავიცვათ ჩვენი საერთო კეთილდღეობა. ქართველი და ფრანგი სამხედროები გვერდიგვერდ დგანან მსოფლიოს ცხელ წერტილებში, რათა უზრუნველვყოთ საერთო მშვიდობა და უსაფრთხო მომავალი“.

პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცახდებაში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველო აგრძელებს ბრძოლას ტერორიზმის, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხის, წინააღმდეგ.

8 იანვარს დაგეგმილი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, თამარ გურჩიანი, მიიჩნევს, რომ საფრანგეთში გამოხატვის თავისუფლების გამო 12 ადამიანის მკვლელობა არ არის მხოლოდ საფრანგეთის პრობლემა. უფლებადამცველი ამბობს, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ მიდრეკილება საქართველოშიც არისო და ამის რამდენიმე მაგალითს იხსენებს:

ეს ბარბაროსული აქტი, რომელიც პრესისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ განხორციელდა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რადიკალური იდეოლოგიებიდან მომდინარე საფრთხეების სერიოზულობასა...
საგარეო საქმეთა სამინისტრო

„მაგალითად რომ ავიღოთ ზაზა ბურჭულაძის ცემა ან ერეკლე დეისაძის წიგნის გამოქვეყნებასთან დაკავშირებული პროტესტები. მე ვფიქრობ, რომ ჩვენთვის უცხო არ არის, რომ რელიგიას ამოფარებული ჯგუფები გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ იბრძვიან“.

მომხდარს გამოეხმაურა საქართველოს მუსლიმთა კავშირიც. გამოცემა „ტაბულასთან“ საუბრისას ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილემ, ტარიელ ნაკაიძემ, მომხდარი დაგმო და ფრანგ ხალხსა და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. მან ასევე მოუწოდა მსოფლიო მუსლიმებს, დაგმონ „ეს ბარბაროსული, ანტიჰუმანური აქტი, რომელიც მიმართულია კაცთა შორის მშვიდობის, გამოხატვის თავისუფლებისა და პიროვნების ღირსების წინააღმდეგ“.

საფრანგეთში მომხდარი შემთხვევა დაგმო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაუგრძნობს დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას უცხადებს საფრანგეთს:

„ეს ბარბაროსული აქტი, რომელიც პრესისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ განხორციელდა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რადიკალური იდეოლოგიებიდან მომდინარე საფრთხეების სერიოზულობასა და ტერორიზმის, როგორც ერთ-ერთი მთავარი გლობალური გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლისათვის საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებული ძალისხმევის მნიშვნელობას“.

საფრანგეთის პოლიცია კი „შარლი ებდოზე“ თავდასხმის ბრალდებით ორ ძმას ეძებს. ამერიკული გამოცემა „ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს დანამდვილებით აქვს კავშირი ჯიჰადისტებთან.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა, 8 დეკემბერი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა.

XS
SM
MD
LG