თელავის ისტორიული მუზეუმის კომპლექსი ხუთწლიანი პაუზის შემდეგ მუშაობას, სავარაუდოდ, 2017 წლის ბოლოს განაახლებს. სავარაუდოდ იმიტომ, რომ პროექტის დასრულების ვადებმა უკვე რამდენჯერმე გადაიწია. ოპოზიცია ტურისტთა იმედგაცრუებასა და დაკარგულ შემოსავლებზე ლაპარაკობს.
უკვე 5 წელზე მეტია თელავის ისტორიული მუზეუმის კომპლექსი, რომელიც ერეკლე მეორის სასახლეს, ეთნოგრაფიულ განყოფილებასა და გალერეას აერთიანებს, დამთვალიერებლისთვის დაკეტილია.
მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომელიც ამ 5 წლის განმავლობაში სხვადასხვა მიზეზით რამდენჯერმე შეჩერდა.
მუზეუმის ხელმღვანელი გურამ ურჩუხიშვილი გვეუბნება, რომ ახლა სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და, მშენებლების დაპირების თანახმად, მუზეუმი დამთვალიერებლისთვის მიმდინარე წლის ბოლოს გაიხსნება.
მუზეუმში სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ მიმდინარე წლის დასაწყისში დაათვალიერა. თელავში ჩავიდა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გალაქტიონ ბუაძეც.მაშინ ითქვა, რომ სამუშაოები 2017 წლის ზაფხულში დასრულდებოდა, თუმცა ახლა ირკვევა, რომ სამუშაოები არა ზაფხულში, არამედ ზამთარში დასრულდება.
გალაქტიონ ბუაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ამბობს, რომ მუზეუმის რეაბილიტაცია ტურისტების მოსაზიდად და, შესაბამისად, ქვეყნისთვის დამატებითი შემოსავლების მისაღებად დაიწყო.
მუზეუმის კარი რომ დაკეტილია და დამთვალიერებელი იქ 5 წელზე მეტია ვერ შედის, პროტესტის მიზეზია ოპოზიციისთვის. ქალაქ თელავის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ბადურ რევაზიშვილი, გვეუბნება, რომ უმიზეზოდ გაჭიანურებულმა სამუშაოებმა საერთაშორისო ტურისტების იმედგაცრუება გამოიწვია, ხოლო ადგილობრივმა ბიუჯეტმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა.
თელავის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია, კახეთის რეგიონის განვითარების ფარგლებში, 2012 წლის მარტში დაიწყო.სამუზეუმო კომპლექსში განთავსებული თელავის პედაგოგიური ინსტიტუტის შენობის დემონტაჟი მოხდა, რაც ისტორიკოსთა ნაწილის პროტესტის მიზეზი გახდა. ისტორიული შენობის ადგილზე „ღვინის მუზეუმისთვის“ თანამედროვე დიზაინის შენობა უნდა აეშენებინათ, თუმცა საბოლოო პროექტში ამ შენობის მშენებლობა აღარ მოხვდა.
როგორი იქნება განახლებული თელავის ისტორიული მუზეუმის კომპლექსი, დამთვალიერებელი მის შეფასებას, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლოს შეძლებს.