Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდაცვის მინისტრის შეცვლა და ნატო-საქართველოს ურთიერთობა


თინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი

4 მაისს თავ-თავიანთ უწყებებში პირველი სამუშაო დღე ჰქონდათ ახალ მინისტრებს, რომლებიც ვაკანტურ პოსტებზე პრემიერ-მინისტრმა გასულ კვირაში დაასახელა. თავდაცვის სამინისტროში შეხვედრებს მართავდა თინა ხიდაშელი, გარემოს დაცვის სამინისტროში – გიგლა აგულაშვილი, ხოლო სპორტის სამინისტროში – ტარიელ ხეჩიკაშვილი. პარალელურად აქტუალურობას არ კარგავს სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებული ვარაუდები და კითხვის ნიშნები. განსაკუთრებული აქცენტი თავდაცვის სამინისტროზე კეთდება და, კერძოდ, საგარეო პოლიტიკის ჭრილში.

ყოფილმა მინისტრებმა ახალ მინისტრებს პოსტები უპრობლემოდ გადაულოცეს, დააკვალიანეს და წარმატებებიც უსურვეს. ასე მოხდა თავდაცვის სამინისტროშიც. „ყველაფერი ძალიან კარგად იქნება“, – თქვა აწ უკვე ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ და გამოხატა რწმენა, რომ დაწყებული პროექტები და დაწყობილი გეგმები წარმატებით განხორციელდება. თავად თინა ხიდაშელი მოელის, რომ „ძალიან წარმატებული“ მინისტრი იქნება და რომ ყველაფერს გააკეთებს ქვეყნის დაცულობისა და უსაფრთხოებისთვის, რაც საერთაშორისო ურთიერთობათა რესურსის მაქსიმალურად ათვისებით გახდება შესაძლებელი.

თავდაცვის მინისტრმა უნდა მოახერხოს, რომ ემსახუროს ჯარს აქედან, სამოქალაქო სექტორიდან, და არ უნდა გახდეს ჯარისკაცი. ეს არის სწორედ 21-ე საუკუნის ის მოთხოვნა, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ...
თინა ხიდაშელი

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ქალი თავდაცვის მინისტრი ჯარისკაცობას არ აპირებს და ფუნქციათა აუცილებელ გამიჯვნას გეგმავს:

„ვფიქრობ, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ გადავიდეთ რეალურად იმ სტანდარტზე, რასაც ნატო და საერთაშორისო თანამეგობრობაში ჩვენი წევრობა ითხოვს. რა თქმა უნდა, იქნება შემთხვევები, როდესაც მე შეიძლება მნახოთ სამხედრო ფორმაში, მაგრამ ეს არ არის თავდაცვის მინისტრის მთავარი საქმე. თავდაცვის მინისტრმა უნდა მოახერხოს, რომ ემსახუროს ჯარს აქედან, სამოქალაქო სექტორიდან, და არ უნდა გახდეს ჯარისკაცი. ეს არის სწორედ 21-ე საუკუნის ის მოთხოვნა, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ“.

რატომ დაინიშნა რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე?

თუკი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს დავით საგანელიძეს მოვუსმენთ, ხიდაშელის დანიშვნით გაქრა შეკითხვები თავდაცვის სამინისტროს საგარეო ორიენტირებსა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გეგმების განხორციელებასთან დაკავშირებით. მართალია, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გაკეთებულ კომენტარში დავით საგანელიძე ასეთი შეკითხვების წარმოშობას სკეპტიკოსთა არასწორ აღქმებს მიაწერს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ მისმა კომენტარმა შეკითხვების ახალი წყება წარმოშვა.

მინდია ჯანელიძე ასეთ მიდგომას არ ეთანხმება და თვლის, რომ თავდაცვის სამინისტროს მისი მინისტრობის პერიოდში მონდომება არაფრისთვის დაუკლია:

მინდია ჯანელიძე
მინდია ჯანელიძე

„ყველა ის აუცილებელი აქტივობა, საერთაშორისო აქტივობა, განსაკუთრებით, - რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო აქტივობის 90 პროცენტი დასავლური აქტივობაა, –მიმდინარეობდა მაღალ დონეზე, მიმდინარეობდა აქტიურად“.

მინდია ჯანელიძის მონდომებასა და სწორი გზით სვლაში ეჭვი არც თინა ხიდაშელს ეპარება. როგორც მან უთხრა 4 მაისს ჟურნალისტებს, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ასეთი მსჯელობა და რეალური შეკითხვები რომ არსებობდეს, ის ვერ ითანამშრომლებდა თავის წინამორბედთან, რომელიც უშიშროებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის პოსტს დაუბრუნდა. არადა, მასთან ის მჭიდრო თანამშრომლობას აპირებს.

შესაძლოა გარეშე თვალისთვის ეს არ იყო ხილული, მაგრამ საქმეში ჩახედული ადამიანები ხედავდნენ, რომ მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს თავდაცვის სამინისტრო სასურველი ტემპითა და ძალისხმევით ვერ მუშაობდა საქართველოს ევროატლანტიკური ინტერესების შესაბამისად და, მაგალითად, ეფექტიანად ვერ ახორციელებდა უელსის სამიტზე მონიჭებული არსებითი პაკეტის გეგმებს, – ვარაუდობს ჩვენთან საუბრისას დამოუკიდებელი ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე. ასეთი ვარაუდის საფუძველს მას თავდაცვის მინისტრის პოსტზე მინდია ჯანელიძის მკვეთრად პროდასავლური ფიგურით ჩანაცვლების ფაქტი უმყარებს:

„როგორც ჩანს, ჯანელიძე ვერ ახდენდა ჩვენი დასავლელი პარტნიორების თვალში საკმარისად მკაფიოდ იმის დემონსტრირებას, რომ თავდაცვის სამინისტრო დგას მკვეთრად პროდასავლურ კურსზე და, შესაბამისად, ეს გადადიოდა მთელ მთავრობაზე... მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ თუნდაც მისი როლი საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენაში, რასთან დაკავშირებითაც ბევრი კითხვა არსებობს – ეს, რაც საჯაროდ გამოვიდა...“

თუმცა ჯანელიძის ხიდაშელით ჩანაცვლების სვლაში ზაალ ანჯაფარიძე შიდაპოლიტიკურ ინტერესებსაც ხედავს. მისი აზრით, „ქართული ოცნება“ კოალიციისა და, შესაბამისად, უმრავლესობის დაშლის საფრთხის წინაშე იდგა და რესპუბლიკელთა ფრთის გაძლიერებით ასეთი მოსალოდნელობა თავიდან იქნა აცილებული.

ირაკლი ალადაშვილი
ირაკლი ალადაშვილი

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი თავდაცვის მინისტრების ხშირად გამოცვლას ყოველთვის პრობლემად მიიჩნევდა და წლების განმავლობაში ხმამაღლა ლაპარაკობდა კიდეც ამაზე. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, „ქართულმა ოცნებამ“ ორწელიწად-ნახევარში უკვე თავდაცვის სამი მინისტრი გამოიცვალა და თუკი ასე გაგრძელდა, შესაძლოა, მან გაუსწროს კიდეც „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელმაც 9-წლიანი მმართველობის პერიოდში თავდაცვის მინისტრი 7-ჯერ გამოცვალა.

რაც შეეხება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მე-17 თავდაცვის მინისტრის სამომავლო საქმიანობის წარმატებასთან დაკავშირებულ პროგნოზს, ირაკლი ალადაშვილი ფიქრობს, რომ სასიკეთო გარღვევა არ არის მოსალოდნელი და ეს, დიდწილად, არასაკმარისი დაფინანსების ბრალია. როგორც ანალიტიკოსი განმარტავს ჩვენთან საუბრისას, ამჟამად თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის 70%-ზე მეტი მიდის სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური პირობების დაკმაყოფილებაზე და ფული აღარ რჩება, მაგალითად, წვრთნებისა და სამხედრო ტექნიკის გარემონტებისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ ახლის შეძენაზე.

ვიდრე პარლამენტი უკვე გამინისტრებული დეპუტატების უფლებამოსილების შეჩერებისა და მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებისთვის ემზადება, ოპოზიციური სპექტრი ისევ მწვავე უკმაყოფილებას გამოხატავს. ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ რთული ეკონომიკური პრობლემების ფონზე მთავრობაში ფასადური ცვლილებები არაეფექტიანი იქნება, თუმცა შედეგს ვერც მთელი მთავრობის შეცვლა მოიტანდა. მაგალითად, როგორც „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა დეპუტატმა ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა 4 მაისს, რეალისტურ შედეგს ვერაფერი მოიტანს კულისებიდან ერთპიროვნული მმართველობის პირობებში.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG