Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირია: რუსეთი და საფრანგეთი ვერ თანხმდებიან, ვინ გამოიყენა ქიმიური იარაღი


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი (მარჯვნივ) და მისი ფრანგი კოლეგა ლორან ფაბიუსი მოსკოვში შეხვედრისას
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი (მარჯვნივ) და მისი ფრანგი კოლეგა ლორან ფაბიუსი მოსკოვში შეხვედრისას
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვს აქვს „უსერიოზულესი საფუძველი“ ივარაუდოს, რომ გასულ თვეში დამასკთან ახლოს ქიმიური იარაღის გამოყენება „პროვოკაცია“ იყო. ლავროვმა სამშაბათს სირიის საკითხზე მოსკოვში ფრანგ კოლეგასთან, ლორან ფაბიუსთან გამართა შეხვედრა, ორშაბათს კი გაეროს ინსპექტორებმა, რომლებიც სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს სწავლობდნენ, „ცხადი და დამაჯერებელი“ უწოდეს მათ მიერ მოპოვებულ „მტკიცებულებებს“, რაც 21 აგვისტოს ინციდენტის დროს ზარინის გამოყენებას ადასტურებს.

გაეროს ექსპერტების მიერ ორშაბათს გამოქვეყნებული ანგარიში ადასტურებს 21 აგვისტოს იერიშის დროს დამასკთან ახლოს ქიმიური ნივთიერების - ზარინის - გამოყენებას, რასაც 1400-ზე მეტი კაცის დაღუპვა მოჰყვა. ანგარიშის მიზანი არ ყოფილა იმის დადგენა, თუ რომელმა მხარემ გამოიყენა ქიმიური იარაღი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რომელიც არ დააკმაყოფილა გაეროს ინსპექტორების ანგარიშმა, დარწმუნებულია, რომ ქიმიური იარაღი პროვოკაციის მიზნით გამოიყენეს:

„უსერიოზულესი საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ეს იყო პროვოკაცია, ზოგიერთმა ჩვენმა პარტნიორმა კი უაპელაციოდ განაცხადა, რომ მხოლოდ სირიის რეჟიმს შეეძლო ამ ქიმიური იარაღის გამოყენება“.

სერგეი ლავროვმა ეს განცხადება სამშაბათს მოსკოვში, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლორან ფაბიუსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა და გაეროს ინციდენტის შემდგომი გამოძიებისაკენ მოუწოდა:

„ჩვენ გვსურს, რომ 21 აგვისტოს მოვლენები მიუკერძოებლად, ობიექტურად და პროფესიულად იქნეს გამოძიებული“.


ამ საკითხში მოსკოვისა და პარიზის პოზიციები განსხვავებულია. გაეროს ანგარიში დამაჯერებელიაო, კიდევ ერთხელ გაიმეორა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა:

„რაც შეეხება [გაეროს ქიმიური იარაღის საქმეთა გამომძიებელ აკე] სელსტრომის, გაეროს ინსპექტორის, ანგარიშს, ვფიქრობ, რომ ეს ანგარიში, როგორც გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა აღნიშნა, ძალიან გამამტყუნებელი დოკუმენტია. თუკი გავითვალისწინებთ გამოყენებული ზარინის მოცულობას, სამიზნეებს, [შეტევის განხორციელებისათვის] საჭირო აღჭურვილობას და სხვა ასპექტებს, მაშინ ჩვენ ეჭვგარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 21 აგვისტოს თავდასხმის უკან დგას სირიის რეჟიმი “.

ამასთან, სირიის მთავარმა ოპოზიციურმა ჯგუფმა, სირიის ეროვნულმა საბჭომ, რომელსაც მხარს დასავლეთის სახელმწიფოები უჭერენ, გაეროს ინსპექტორთა ანგარიშის შემდეგ მყისიერი საერთაშორისო ჩარევა მოითხოვა. სირიის ოპოზიცია ანგარიშში მოტანილ მტკიცებულებებს უწოდებს „გამამტყუნებელს და ეჭვმიუტანელს“, აშკარად იმის დამადასტურებელს, რომ მხოლოდ სირიის რეჟიმს შეეძლო მსგავსი იერიშის განხორციელება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაიმეორა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაში, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სირიის ხელთ არსებული ქიმიური იარაღის ამოღების თაობაზე შეთანხმების შესრულება, არ იყოს ნახსენები გაეროს წესდების მე-7 თავი, რომელიც ძალის გამოყენების უფლებას იძლევა. გასულ კვირაში, ჟენევაში სერგეი ლავროვთან გამართული შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ შეთანხმება „სრულ უფლებას აძლევს აშშ-სა და რუსეთს, რომ გამოიყენონ გაეროს წესდების მე-7 თავით განსაზღვრული ზომები სირიის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში“.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG