Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წყალდიდობის მძიმე შედეგებით შესაძლოა პროკურატურა დაინტერესდეს


14 ივნისის წყალდიდობის გამომწვევი მიზეზები შესაძლოა პროკურატურის გამოძიების საგნად იქცეს – ასეთ ალბათობაზე, პრემიერ–მინისტრის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც ლაპარაკობენ. მინიშნებები კეთდება იმაზე, რომ დარღვევებით წარიმართა ვაკე-საბურთალოს გზისა და გმირთა მოედნის დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობა. ოპონენტების აზრით, „ქართული ოცნება“ პასუხისმგებლობის თავიდან აცილებასა და პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ცდილობს.

ინფრასტრუქტურულ პროექტებში დარღვევების არსებობა-არარსებობის საკითხი ექსპერტებმა უნდა შეისწავლონ, მიაჩნია ფინანსთა მინისტრს და ის დარგის ექსპერტებისგან „პირუთვნელ“ დასკვნას ელოდება. მართალია, ბრალეულობის საკითხს არ განიხილავს, მაგრამ 16 ივნისის კომენტარში ნოდარ ხადური ხაზს უსვამს გარემოებას, რომელიც მსმენელს გარკვეულ ეჭვებს აღუძრავს:

“თბილისში 2015 წლის 13-14 ივნისს მოვიდა ორჯერ ნაკლები წვიმა, ვიდრე მოვიდა, თუნდაც, 5 წლის წინ: შესაბამისად – 49 მმ, მაშინ როცა თბილისში იყო 70 და 120 მმ ნალექი მოსული. ამიტომ საჭიროა ზუსტად დაიდოს, თუ რა იყო ის დამატებითი ფაქტორები, რამაც, მიუხედავად იმისა, რომ წვიმა იყო ძალიან დიდი, გამოიწვია უფრო დიდი მსხვერპლი და ზარალი“.

„ბრალეულობის საკითხზე პროკურატურამ უნდა იმსჯელოს“, – განაცხადა 16 ივნისს დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ და საგამოძიებო ორგანოს წინასწარ მომზადებული დასკვნით სარგებლობაც შესთავაზა. მერს დასკვნის დეტალები არ დაუკონკრეტებია. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა კომენტარები მოჰყვაპრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელიც მან 15 ივნისს საგანგებო შტაბის სხდომაზე გააკეთა. პრემიერის აზრით, ტრაგიკულ მოვლენათა გამომწვევი მიზეზების დადგენის გარეშე ქვეყანა ვერ განვითარდება. მან ასევე თქვა, რომ საკითხი ექსპერტთა სპეციალურმა ჯგუფმა უნდა შეისწავლოს და, მეტი ობიექტურობის უზრუნველსაყოფად, შესაძლებელია პროცესში უცხოელი ექსპერტების ჩართვაც. პრემიერ-მინისტრი, როგორც თავად აღნიშნავს, არავის არაფერს აბრალებს, მაგრამ, სპეციალისტების ერთი ჯგუფის მოსაზრების გამეორებით, ისიც გარკვეულ ეჭვებს აღძრავს და პროცესში პროკურატურის სავარაუდო ჩართვაზეც ლაპარაკობს:

„დღეს ბევრი სპეციალისტი საუბრობს იმაზე, რომ ეს ორი გვირაბი, რომელიც იქნა აშენებული, და ასევე ახალი ესტაკადა-ახალი გზა ვერეს ხეობაში, ამან მნიშვნელოვანწილად განაპირობა ის, რაც მოხდა. მე არ ვიცი, ეს არის, უბრალოდ, ემოციური შეფასება თუ ეს არის სიმართლე. ამიტომ მე ვავალებ ყველა შესაბამის სამსახურს, რომ დაიწყონ ამაზე მუშაობა. უნდა გაკეთდეს სამუშაო ჯგუფი და ამის შემდეგ, მე არ გამოვრიცხავ, რომ პროკურატურაც დაინტერესდეს ამ საქმით“.

აგრესიამ და ბოღმამ, რაც მათში არის დაგროვილი, კვლავ ამან გადმოდინება დაიწყო და, რაც მთავარია, მათ, ეტყობა, უკვე იციან თავიანთი დანაშაულისა და უუნარობის შესახებ ამ სტიქიასთან მიმართებაში მათ გამო რაც მოხდა...
სევდია უგრეხელიძე

ირაკლი ღარიბაშვილს საგანგებო შტაბის სხდომაზე კონკრეტულ დარღვევაზე აღარ ულაპარაკია, თუმცა 14 ივნისს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ჩართვისას, მან საგანგებოდ აღნიშნა, რომ თავის დროზე, როცა ვაკე-საბურთალოს გზისა და გმირთა მოედნის დამაკავშირებელი მაგისტრალი შენდებოდა, არ არსებობდა გარემოზე ზემოქმედების დასკვნა და რომ ეს იყო ერთი მაგალითი საქმის მიმართ წინა ხელისუფლების უდიერი დამოკიდებულებისა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფალთა წარმომადგენლების მიდგომებს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად თვლიან „ნაციონალურ მოძრაობაში“. როგორც, მაგალითად, დედაქალაქის საკრებულოს წევრი სევდია უგრეხელიძე აღნიშნავს, ოპონენტებს საკუთარი თავის გადარჩების მიზანი ამოძრავებთ:

„აგრესიამ და ბოღმამ, რაც მათში არის დაგროვილი, კვლავ ამან გადმოდინება დაიწყო და, რაც მთავარია, მათ, ეტყობა, უკვე იციან თავიანთი დანაშაულისა და უუნარობის შესახებ ამ სტიქიასთან მიმართებაში მათ გამო რაც მოხდა და ამის გადაფარვა სურთ იმით, რომ აქცენტი გადაიტანონ, თითქოს, ამ ესტაკადის არაპროფესიონალურ დაგეგმვაზე“.

ეს ის შემთხვევაა, როცა გამოძიება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, – აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე, თუმცა, მისი აზრით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი თავისუფალი იყოს ხელისუფალთა წინასწარი შეფასებებისა და წინასწარ გამოხატული ეჭვებისგან, რადგანაც, ხათუნა ლაგაზიძის თქმით, ეს ყველაფერი გამოძიების შედეგებს მიაყენებს ჩრდილს:

„რეალურად შეიძლება ძიება მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ აქ მართლაც იყო გარკვეულწილად იმ ადამიანების შეცდომა თუ დანაშაული, ვინც ეს დააპროექტა, დაუკვეთა თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ როცა წინმსწრებად ასეთი განცხადებები კეთდება, ეს ყოველთვის ქმნის ფონს, რომ შენმა პოლიტიკურმა ოპონენტმა ამას მისცეს პოლიტიკური დევნის შეფასება“.

ამ კონტექსტში ხათუნა ლაგაზიძე იხსენებს, თუ როგორ დაადანაშაულა ოპონენტები ერთ-ერთ კომენტარში დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ. პოლიტოლოგი უმაღლესი და მაღალი თანამდებობის პირებს თავშეკავებასა და მეტ წინდახედულებას ურჩევს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG