Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ფული არ დარიგდება“


ბათუმი
ბათუმი
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 მარტს მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად პრემიერ-მინისტრის სარეზერვო ფონდიდან 6 მილიონი ლარი გამოიყოფა. წინასწარი მონაცემებით, თანხა მოხმარდება გრიგალის შედეგად დაზიანებული კერძო სახლებისა და ინფრასტრუქტურის აღდგენას აჭარაში, შიდა ქართლში, გურიასა და მცხეთა-მთიანეთში.

ძლიერმა ქარმა მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა შიდა ქართლის მხარეს. მარტო ქალაქ გორსა და გორის რაიონში 35 საცხოვრებელი კორპუსი და 110 ნაგებობა დაზიანდა. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას განცხადებით, ასევე დაზარალდა მთელი რიგი დასახლებული პუნქტებისა სამეგრელოს, გურიის, აჭარისა და მცხეთა-მთიანეთის მხარეებში, სადაც, მისივე თქმით, სტიქიური უბედურების შედეგების აღმოსაფხვრელად დაიხარჯება როგორც ადგილობრივი ბიუჯეტის ფული, ასევე მთავრობის მეთაურის ფონდიდან გამოყოფილი სახსრები:

„უკვე დაზუსტდა ყველა ადგილობრივ თვითმმართველობაში არსებული მდგომარეობა და დაემატა ორი ადგილობრივი თვითმმართველობა, რომლებსაც საკუთარი რესურსებით გაუჭირდებათ სტიქიასთან გამკლავება. ეს არის დუშეთის და მცხეთის მუნიციპალიტეტები“.
ეს უკვე გადაწყვეტილია. დაფინანსდება სამუშაოები - მაგალითად, შენობებისათვის სახურავების შეკეთება. თვითმმართველობა გააფორმებს ხელშეკრულებას კომპანიასთან, რომელიც შეასრულებს სათანადო სამუშაოს...
შოთა მურღულია

მთავრობის გათვლებით, თავდაპირველად იგეგმებოდა 5 მილიონამდე ლარის გამოყოფა, თუმცა, ვიცე-პრემიერ კახი კალაძის თქმით, რეგიონებიდან მიღებული სრული ინფორმაციის გათვალისწინებით, ეს თანხა გაიზრდება:

„შემოვიდა ზარები რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მცხეთისა და დუშეთის რაიონებიდან, სადაც, მოსახლეობის თქმით, საცხოვრებელ სახლებს დაუზიანდა სახურავები. მიმდინარეობს დათვლა და არ არის გამორიცხული, რომ ჩვენ მიერ დასახელებული თანხა - 5 მლნ ლარი - გაიზარდოს“.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯამში, სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციისთვის 6 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამასთან, როგორც ფინანსთა სამინისტროში განმარტეს, რეგიონებში არ შეჩერდება ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტები სრულად დააფინანსებენ ყველა იმ ხარჯს, რაც მუნიციპალიტეტებს სტიქიამდე ჰქონდათ დაგეგმილი. რაც შეეხება დახმარების ფორმას, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის შოთა მურღულიას თქმით, სათანადო ყურადღების გარეშე არც ერთი დასახლებული პუნქტი არ დარჩება, თუმცა ფული არ დარიგდება.
ცენტრალური ხელისუფლება ყველანაირად ერიდება რწმუნებულებთან თანამშრომლობას, არადა, რწმუნებულის აპარატს აქვს მაკონტროლებლის ფუნქციები, ფლობს ინფორმაციას სრულად...
ხათუნა ოჩიაური

„ეს უკვე გადაწყვეტილია. დაფინანსდება სამუშაოები - მაგალითად, შენობებისათვის სახურავების შეკეთება. თვითმმართველობა გააფორმებს ხელშეკრულებას კომპანიასთან, რომელიც შეასრულებს სათანადო სამუშაოს. თვითმმართველობამ ჩადო ხელშეკრულებაში ძალიან მკაცრი მოთხოვნები ხარისხსა და ვადებთან დაკავშირებით, ოღონდ ეს ვადები არის რეალური და არა ისე, რომ ორ-სამ დღეში გადაიხუროს 40 შენობა. თვითმმართველობას შეეძლო, კომპენსაციის სახით, დაზარალებულებისათვის მიეცა თანხა, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ასეთ შემთხვევაში შეიძლებოდა ფული სულ სხვა საქმეზე დახარჯულიყო“, უთხრა შოთა მურღულიამ რადიო თავისუფლებას.

მთავრობა სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციას ადგილობრივ თვითმმართველობებთან მჭიდრო კოორდინაციით ცდილობს, თუმცა არ თანამშრომლობს მხარეებში პრეზიდენტის რწმუნებულის ინსტიტუტთან, უთხრა რადიო თავისუფლებას მცხეთა-მთიანეთში პრეზიდენტის რწმუნებულმა ხათუნა ოჩიაურმა:

„ცენტრალური ხელისუფლება ყველანაირად ერიდება რწმუნებულებთან თანამშრომლობას, არადა, რწმუნებულის აპარატს აქვს მაკონტროლებლის ფუნქციები, ფლობს ინფორმაციას სრულად და ის წარმოადგენს არა მხოლოდ პრეზიდენტს, არამედ მთავრობასაც. ჩვენ ვართ მთავრობის ნაწილი, მაგრამ ჯერჯერობით ცდილობენ დაამყარონ პირდაპირი კონტაქტი გამგებლებთან, რომლებიც პირწმინდად შეცვალეს, როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდნენ. არ დარჩა არც ერთი გამგებელი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს მუშაობდა“.

ამგვარი ვითარების გამო, ხათუნა ოჩიაურს უჭირს იმის თქმა, თუ რამდენად ადეკვატურია ცენტრალური ხელისუფლების ძალისხმევა, აღმოფხვრას სტიქიური უბედურების შედეგად მიყენებული ზიანი, თუმცა მთავრობაში ირწმუნებიან, რომ სათანადო დახმარების გარეშე არავინ დარჩება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG