Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

სპორტის სახეობები, რომლებიც კახეთში არ ვითარდება


სპორტის მთელი რიგი სახეობებისთვის კახეთში შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არსებობს. აპირებს თუ არა ადგილობრივი ხელისუფლება მხარი დაუჭიროს, მაგალითად, წყლის სპორტის განვითარებას? ახალგაზრდების ნაწილი გეგმავს კონკრეტული მოთხოვნებით ხელისუფლებას მიმართოს.

გადმოწერა

კახეთის მუნიციპალიტეტებში სპორტის გარკვეული სახეობები მეტ-ნაკლებად განვითარებულია - მაგალითად, ფეხბურთი, ჭიდაობის რამდენიმე მიმართულება, კალათბურთი და სხვა, თუმცა არის სახეობები, რომლებისთვისაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არსებობს - მაგალითად, საცურაო აუზი, რომელიც ყოველ სეზონზე იმუშავებს. ასეთი მომსახურება კახეთის არც ერთ ქალაქში არ არის, მათ შორის, არც ლაგოდეხში. არადა, საცურაო აუზზე მოთხოვნა დიდია. ლაგოდეხში მცხოვრები პედაგოგი ლალი ევტუშენკო გვეუბნება, რომ საცურაო აუზი საჭიროა არამარტო იმისთვის, რომ ამ სახეობის სპორტი განვითარდეს, ცურვას ხშირ შემთხვევაში ექიმები პაციენტებს უნიშნავენ, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს.

საცურაო აუზთან ერთად ლაგოდეხში არ არსებობსგამაჯანსაღებელი ფიტნეს კლუბი, სადაც რიგით ადამიანებს ელემენტარულად ვარჯიშის საშუალება ექნებოდათ. პრობლემაზე ლაპარაკობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგეთის ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორი ტასო მოდებაძე, რომელმაც ფიტნეს კლუბისა და პარკურცენტრის მოწყობისთვის პროექტი მოამზადა და ერთ-ერთ ფონდში წარადგინა.

გეგმავს თუ არა ადგილობრივი ხელისუფლება ინფრასტრუქტურის მოწყობას ზემოთ ჩამოთვლილი სპორტის სახეობებისთვის? - ჩვენ ამ შეკითხვით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ბარბაქაძეს მივმართეთ. სხვების მსგავსად, ისიც ფიქრობს, რომ საცურაო აუზი ნამდვილად საჭიროა ცხოვრების ჯანსაღი წესის დასამკვიდრებლად, მაგრამ, სამწუხაროდ, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში საცურაო აუზის მოწყობისთვის თანხები არ არის გათვალისწინებული. იდეები აქვს კერძო სექტორს, მაგრამ ახლა გადაჭრით არაფრის თქმა არ შემიძლიაო, ამბობს ბარბაქაძე.

ღია ტიპის საცურაო აუზია ლაგოდეხის აკვაპარკში, თუმცა ის მხოლოდ ზაფხულობით მუშაობს. ლაგოდეხში მცხოვრები ახალგაზრდების ნაწილი ამბობს, რომ უახლოეს მომავალში მუნიციპალიტეტის ხელისუფლებას კონკრეტული მოთხოვნებით მიმართავენ.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG