ახმეტაში საკობიანოს თემში შემავალ სოფელ ქორეთში მოსახლეობის ნაწილი სტადიონზე სკოლის მშენებლობის დაწყებას აპროტესტებს. ისინი შენობისთვის სხვა, ალტერნატიული ადგილის მოძიებას ითხოვენ. ვითარების გასარკვევად ქორეთში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტოს წარმომადგენლები ჩავიდნენ. დაიწყო მსჯელობა ალტერნატიულ ლოკაციაზეც, თუმცა ირკვევა, რომ თუ შეთანხმება ვერ შედგა, შესაძლოა, ქორეთში სკოლა აღარ აშენდეს. რა პირობებში სწავლობენ მოსწავლეები ახმეტის სოფლებში და რას წერს სახალხო დამცველი 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში სასკოლო ინფრასტრუქტურის მდგომარეობაზე?
სკოლის ავარიული შენობები
- საქართველოს მასშტაბით სულ 211 საჯარო სკოლაა, რომელიც სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს. ზოგ შენობაში სწავლა სახიფათო და მოსწავლეების ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
- 2017 წლის მონაცემებით, კახეთში 17 სკოლაა, სადაც მოსწავლეებს განათლების მიღება ავარიულ სკოლაში უწევთ.
- მიმდინარე წლიდან სკოლების მშენებლობასა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე პასუხისმგებლობა ადგილობრივ ხელისუფლებას დაეკისრა.
ახმეტის მუნიციპალიტეტში, საკობიანოს თემში შემავალ სოფელ ქორეთში მოსახლეობის ერთი ნაწილი ამბობს, რომ სოფლის სტადიონზე სკოლის აშენება იგეგმება, რაც მათთვის მიუღებელია. უკმაყოფილო ადგილობრივებმა აქცია გამართეს. ამ აქციაზე ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა, ლეილა ბაღაკაშვილმა, თქვა, რომ „სტადიონი ერთადერთი ადგილია, სადაც დღეს სოფლის ახალგაზრდებს გართობა შეუძლიათ“. მისივე თქმით, სტადიონის მოპირდაპირედ არის სხვა ტერიტორია, სადაც შესაძლებელია ახალი სკოლა აშენდეს:
„ამ ადგილზე რატომ უნდა გააკეთონ? ეს სტადიონი ხომ თავიდანვე სკოლას ეკუთვნოდა?! სკოლა აშენდეს იქ, სადაც საჭიროა და არა სტადიონზე, რადგან ბავშვები უსტადიონოდ დარჩებიან“.
ქორეთში ამჟამად დაწყებითი, 4-წლიანი სკოლა ფუნქციონირებს, თუმცა ყოფილი საბავშვო ბაღის შენობაში. ახალი სკოლაც დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის უნდა აშენდეს. რატომ აირჩია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლის ასაშენებლად სტადიონი და გაითვალისწინებენ თუ არა მოსახლეობის მოთხოვნებს? როგორც საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი თინაძემ გვითხრა, დღეს ის სოფელ ქორეთის მოსახლეობას შეხვდა და დაიწყეს ფიქრი სკოლის სხვა ადგილას აშენებაზე, თუმცა, თინაძისავე თქმით, თუკი ალტერნატიული ფართი ვერ მოიძებნა, შესაძლოა, სკოლა სხვა სოფელში აშენდეს:
„ალტერნატიულ ვარიანტებს ვეძებთ... ის ტერიტორია, რაზეც სტადიონიც არის განთავსებული, 10 ათასი კვადრატია და ნაწილზე მიდიოდა სკოლის მშენებლობის დაგეგმვა. თუ ამ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე სკოლის მშენებლობა ვერ მოხერხდება და პრობლემა იქნება, მაშინ სკოლის აშენება განიხილება საერთოდ სხვა ლოკაციაზე და სხვა დასახლებულ პუნქტში“.
ახმეტაში კიდევ ერთ დასახლებაშია სკოლის პრობლემა. სოფელ წინუბანში ამ 14 წლის წინ საჯარო სკოლის ავარიული შენობა დაინგრა და მაშინ 55-მდე მოსწავლე და 10 მასწავლებელი დროებით სოფლის კულტურის სახლის ყოფილ შენობაში გადაიყვანეს, თუმცა, დაპირების მიუხედავად, სკოლა აქამდე არ აშენებულა. იქ კი, სადაც ახლა მოსწავლეები სწავლობენ, არ არის სველი წერტილი, ხოლო საპირფარეშო შენობის ეზოში ხის ფიცრებითაა მოწყობილი. სკოლისთვის დროებით გამოყიფილ ფართში არსებულ მდგომარეობაზე პედაგოგი შორენა ქავთარაშვილი ამბობს:
„სველი წერტილი არ გვაქვს. დამლაგებელს წყალი ვედროთი მოაქვს. თუ ახალი სკოლა არ აშენდება, რემონტი მაინც სჭირდება. ყველაფერი გასაკეთებელია - ჭერი, კედლები და სხვა ყველაფერი“.
აშენდება თუ არა სოფელ წინუბანში სკოლა, არავინ იცის. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში გვითხრეს, რომ მიმდინარე წლიდან სკოლების მშენებლობასა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე პასუხისმგებლობა ადგილობრივ ხელისუფლებას დაეკისრა.
საჯარო სკოლებში არსებული ინფრასტრუქტურული მდგომარეობის შესახებ ლაპარაკია სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშშიც, სადაც წერია, რომ საქართველოში საჯარო სკოლების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ავარიულ და საფრთხის შემცველ პირობებში ფუნქციონირებს. როგორც ბავშვთა უფლებების ცენტრის უფროსმა მაია გედევანიშვილმა გვითხრა, 2017 წლის მონაცემებით, კახეთში 17 სკოლაა, სადაც მოსწავლეებს განათლების მიღება ავარიულ სკოლაში უწევთ:
„განსაკუთრებით სოფლებში არსებულ სკოლებს სჭირდება ამ მხრივ ყურადღების მიქცევა. ინფრასტრუქტურაში აუცილებლად შედის სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის მხრივ არსებული მდგომარეობა. საქართველოში 94 საჯარო სკოლაში საერთოდ არ არის წყლის სისტემა შეყვანილი. ჩვენი რეკომენდაციაა ზოგადად გაუმჯობესდეს საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურული მდგომარეობა და განახლდეს სასწავლო ინვენტარი“.
სახალხო დამცველის წლევანდელი საპარლამენტო ანგარიშის თანახმად, საქართველოს მასშტაბით სულ 211 საჯარო სკოლაა, რომელიც სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს. ზოგ შენობაში სწავლა სახიფათო და მოსწავლეების ჯანმრთელობისთვის საზიანოა.