საქართველოში დასრულდა შუახევის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რომლის საინვესტიციო ღირებულებამ 416 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. მშენებლობის დასრულების ცერემონია ახლახან, 24 ივნისს გაიმართა. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, „შუახევიჰესი“ 450 გიგავატ/საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და უზრუნველყოფს სათბური გაზების შემცირებას წელიწადში 200 000 ტონაზე მეტით. სწორედ ამ ჰესის მშენებლობას უკავშირებს მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობის ნაწილი საცხოვრებელი პირობების გაუარესებას და ეკოლოგიური პრობლემების შექმნას.