Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად დაცულია შრომითი უსაფრთხოება ბათუმში მიმდინარე მშენებლობებზე?


ერთ-ერთი მშენებლობა ბათუმში
ერთ-ერთი მშენებლობა ბათუმში

გასულ წელს საქართველოში, შრომის ადგილზე, 42 ადამიანი დაიღუპა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის კანონმდებლობა დამსაქმებელს ავალდებულებს დასაქმებულს შეუქმნას სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო, არ არსებობს მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც საწარმოებში შრომით უსაფრთხოებას მკაცრად გააკონტროლებდა. საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული აქვს ვალდებულება, რომ სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა უზრუნველყოს.

მიმდინარე წელს ბათუმში მშენებლობებზე დასაქმებულთა დაღუპვის ოთხი ფაქტი გახმაურდა. ბოლო შემთხვევა მოხდა 24 ივნისს: ფიროსმანის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობაზე მეცხრე სართულიდან 36 წლის მუშა გადმოვარდა. დაშავებული, მძიმე დაზიანებებით, მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მეორე დღეს გარდაიცვალა. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას.

ამავე მუხლით გამოძიება მიმდინარეობს გასულ წელს ხულოს რაიონში მშენებლობაზე ორი მუშის დაღუპვის ფაქტზე. უბედური შემთხვევა ხულოს რაიონის სოფელ ღურტაში ჰესის მშენებლობაზე მოხდა. იქ თურქეთის მოქალაქე და ხულოს მკვიდრი დაიღუპნენ. გარდაცვლილის მეუღლე, ირინა ქარცივაძე, ამბობს, რომ ჰესის მშენებარე კომპანიამ მას კომპენსაცია გადაუხადა. ოჯახი გამოძიების დასრულებას დღემდე ელოდება.

“როგორც მე ვიცი და თვითონაც მეუბნებოდა, რომ ყველა ვართ უსაფრთხოების ღვედებით ცალ-ცალკე დაბმული, იტყოდა ხოლმე, რომ ჩამოვარდნის შემთხვევაში ეს ღვედი აუცილებლად დაგვიჭერსო. მაგრამ მე ვიცი, რომ ეს ორი დაღუპული მუშა, ჩემი მეუღლე და მეორე, თურქეთის მოქალაქე, რომელიც მასთან ერთად დაიღუპა, იყვნენ ერთი ღვედით დაბმულები. არ ვიცი ,ეს რატომ მოხდა, ეს უკვე გამოძიებამ უნდა დაადგინოს”, - ამბობს ირინა ქარცივაძე.

მშენებლობების თითქმის 99 %-ს უსაფრთხოების ჩაფხუტი არ აქვს, სპეცტანსაცმელი არ აქვს, ინდივიდუალური დაცვის საშუალება, ღვედი, არ აქვს. მუშის უსაფრთხოების დასაცავად პრაქტიკულად არაფერი არ აქვთ, - ეს ვიზუალურადაც ჩანს მშენებლობებზე და თქვენც შეგიძლიათ დარწმუნდეთ ამაში...
ლევან გურგენიძე

მშენებლობებზე მუშების დაღუპვის შემთხვევებზე დაწყებულ გამოძიებებს აკვირდებიან აჭარის გაერთიანებულ პროფკავშირში, სადაც ამბობენ, რომ შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო აჭარაში ჯერ არავინ დასჯილა. ლევან გურგენიძე, რომელიც პროფესიული კავშირების აჭარის ორგანიზაციის ტექნიკური ინსპექტორია, ამბობს, რომ ბათუმში, მშენებლობებზე, სადაც 7 ათასზე მეტი დასაქმებულია, კომპანიები შრომის უსაფრთხოების ელემენტარულ წესებს არ იცავენ:

„მშენებლობების თითქმის 99 %-ს უსაფრთხოების ჩაფხუტი არ აქვს, სპეცტანსაცმელი არ აქვს, ინდივიდუალური დაცვის საშუალება, ღვედი, არ აქვს. მუშის უსაფრთხოების დასაცავად პრაქტიკულად არაფერი არ აქვთ, - ეს ვიზუალურადაც ჩანს მშენებლობებზე და თქვენც შეგიძლიათ დარწმუნდეთ ამაში. დამსაქმებელმა იცის, რომ არანაირი მაკონტროლებელი ორგანიზაცია სახელმწიფოს მხრიდან არ არსებობს და პასუხს უსაფრთხოების ნორმებზე არავინ არ მოსთხოვს, ამიტომ ფიქრობს, რომ რატომ არ შეიძლება ეკონომია გავაკეთოო“.

იმაზე, რომ ბათუმში მშენებლობებზე შრომის უსაფრთხოება დაცული არ არის, ლაპარაკობენ დამსაქმებელთა ასოციაციაშიც, სადაც 4 000-მდე კომპანიაა გაერთიანებული, მათ შორის სამშენებლოც. დამსაქმებელთა ასოციაციის ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დავით ჭყონია ამბობს, რომ შრომით უსაფრთხოებაზე არ არსებობს სახელმწიფოს მკაცრი კონტროლი, ამიტომ კერძო კომპანიებში დასაქმებულთა უსაფრთხო შრომას სათანადო ყურადღებას არ აქცევენ. მისივე თქმით, არის შემთხვევები, როდესაც უსაფრთხოების წესებს თავად მუშები არ იცავენ:

„ტრაგიკულად დასრულდა შემთხვევა, ადამიანი დაზიანდა სამშენებლო ობიექტზე. როგორც აღმოჩნდა, ამ კომპანიას შეძენილი ჰქონდა უსაფრთხოების ღვედები, სპეციალური დამჭერები, ბადეები და ა.შ., მაგრამ თვითონ იმ ობიექტზე არც ერთი დასაქმებული არ იყენებდა ამას და არც სამუშაოთა მწარმოებელი აკონტროლებდა და, როგორც აღმოჩნდა, რეალურად კომპანიამ გაიღო ხარჯი უსაფრთხოებაზე, მაგრამ იქ თანამშრომლების მხრიდან არ მოხდა ამის გამოყენება. ეს კომპლექსური პრობლემაა, რომლის შედეგად დგება ასეთი ფატალური შედეგი - ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზიანება“.

საქართველოს შრომის კოდექსი დამსაქმებელს ავალდებულებს უზრუნველყოს დასაქმებულისთვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო. ჯანდაცვის სამინისტროში 2015 წელს შეიქმნა აგრეთვე შრომის პირობების უსაფრთხოების დეპარტამენტი, რომელიც საწარმოებში, მათი თანხმობის შემთხვევაში, უსაფრთხოების ნორმებს ამოწმებს. აჭარის პროფკავშირების გაერთიანების იურისტი ნინო უტიაშვილი ამბობს რომ დარღვევის აღმოჩენისას დეპარტამენტს მხოლოდ რეკომენდაციის გაცემა შეუძლია:

„მას არ აქვს სანქცირების ფუნქცია, არ აქვს დამსაქმებლის დავალდებულების ფუნქცია. აქვს ერთადერთი უფლება, შეიმუშაოს რეკომენდაცია და იმუშაოს შრომის უსაფრთხოების დარღვევის პრევენციაზე, ნორმების დარღვევისა და იძულებითი შრომის პრევენციაზე“.

აღსრულების პრობლემა გვაქვს და ეს უნდა იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რამდენად ეფექტური იქნება სახელმწიფო და რამდენად ჩაერევა კერძო სამართლებრივ ურთიერთობაში. მე ვფიქრობ, ნამდვილად უნდა ჩაერიოს კერძო ურთიერთობაში დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის...
ლელა გვიშიანი

შრომის პირობების უსაფრთხოების დეპარტამენტს არ აქვს მაკონტროლებლის ფუნქცია შრომის უსაფრთხოებაზე. მას მხოლოდ რჩევის მიცემა შუძლია. მიუხედავად ამისა, რეკომენდაციების მაინც ითვალისწინებენ ხოლმე, ამბობს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელზა ჯგერენაია:

„შრომის უსაფრთხოებაზე მონიტორინგი განხორციელდა 200-მდე ობიექტში, მათ შორის 25 სახელმწიფო დაწესებულების კომპანია იყო. მოხდა შესწავლა, შემდეგ რეკომენდაციის გაცემა. გაცემული რეკომენდაციების შესრულების სტატისტიკა საკმაოდ პოზიტიურია. კომპანიის 60 პროცენტს ნაწილობრივ შესრულებული აქვს რეკომენდაცია, 30 პროცენტს კი სრულად. მხოლოდ 10 პროცენტს არ გაუთვალისწინებია რეკომენდაცია“.

ქვეყანაში შრომის უსაფრთხოება დეკლარირებულია, თუმცა არსებობს აღსრულების პრობლემა, ამბობს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი ლელა გვიშიანი:

„აღსრულების პრობლემა გვაქვს და ეს უნდა იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რამდენად ეფექტური იქნება სახელმწიფო და რამდენად ჩაერევა კერძო სამართლებრივ ურთიერთობაში. მე ვფიქრობ, ნამდვილად უნდა ჩაერიოს კერძო ურთიერთობაში დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის, ეფექტური მექანიზმები უნდა განახორციელოს - იქნება ეს სანქცირება, ჯარიმა თუ სხვა - იმისათვის, რომ შრომის უსაფრთხოება დაიცვას“.

სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა - ერთ-ერთი ვალდებულებაა, რომელიც საქართველომ, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით, უნდა შეასრულოს. ქვეყანამ სამიდან რვა წლამდე პერიოდში უნდა გაატაროს მნიშვნელოვანი რეფორმები დასაქმების, სოციალური და თანასწორი შესაძლებლობების ხელშეწყობისთვის. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს დასაქმების პოლიტიკის განვითარებას, მათ შორის - სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვას.

XS
SM
MD
LG