Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შორეთის ტაძრის რეაბილიტაციის დროს ადრექრისტიანული ხანის წარწერებს მიაკვლიეს


შორეთის ტაძრის რეაბილიტაციისას, სავარაუდოდ, ადრექრისტიანული ხანის წარწერებს მიაკვლიეს. სამონასტრო კომპლექსის მიწისგან გასუფთავების შემდეგ მერვე საუკუნის ტაძრის ქვეშ მეცამეტე საუკუნით დათარიღებული ნაგებობაც აღმოჩნდა.

სატრაპეზო ტაძრის საკურთხევლის ქვეშ, ადრექრისტიანული ხანის სტელა და სხვადასხვა საუკუნის კედლები – შორეთის სამონასტრო კომპლექსის მიწისგან გასუფთავების შემდეგ მერვე საუკუნის ტაძრის ქვეშ მეცამეტე საუკუნით დათარიღებული ნაგებობა აღმოჩნდა. ისტორიკოსების აზრით, ამ პერიოდში, სივრცის გაზრდის მიზნით, ტაძრის ქვეშ მიწა გამოიღეს და სატრაპეზო და სათავსოები ააშენეს. ექსპედიციის ხელმძღვანელი მალხაზ დათუკიშვილი ვარაუდობს, რომ ტაძარი, თავდაპირველად, კლდეში ნაკვეთი ძეგლის სახით იყო წარმოდგენილი.

შორეთში ტაძრის აღდგენის მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რაც ეკლესიის სრულ სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოებს მოიცავს. მოწესრიგდება მთავარი ტაძრის ინტერიერი, აფსიდი, ჩრდილოეთისა და დასავლეთის მკლავები. ტაძარი დროებით გადაიხურება, ასევე, აღდგება კარიბჭე-სამრეკლოს პირველი სართულის ინტერიერი, სამხრეთ-დასავლეთ ეკლესიის ფასადები. გარდა ამისა, დაგეგმილია არქეოლოგიური კვლევების ჩატარებაც, აცხადებს ასპინძის სახალხო მუზეუმის დირექტორი გიორგი ზაზაძე.

შორეთის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები სამ ეტაპს მოიცავს. 2015 წელს ძეგლის საძირკველი და მისი გარკვეული ნაწილები გამაგრდა. ტაძრის მიმდებარედ, რომელსაც საუფლისწულო ტერიტორიებად მოიხსენიებენ, ვარაუდობენ, რომ ანტიკური პერიოდის ნამოსახლარია. მეორე ეტაპის სამუშაოები ნოემბრის დასაწყისში დასრულდება.კომპლექსის რეაბილიტაციას ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდი 130.000 ლარით აფინანსებს, აცხადებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე.

ასპინძის მუნიციპალიტეტში მდებარე შორეთის სამონასტრო კომპლექსი VI-VII-XV საუკუნეების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, კედლის მოზაიკით შემკული სამონასტრო ორსართულიანი ლავრით, სამრეკლოთი, სკრიპტორიუმით, მცირე სამლოცველოიანი ციხით და კლდეში ნაკვეთი სენაკებით. მნიშვნელოვანია შუა საუკუნეების კედელზე შესრულებული წარწერები, ისტორიული ცნობებით, აგრეთვე, მოზაიკური მხატვრობის ფრაგმენტები, რომელიც ქართულ საეკლესიო ხუროთმოძღვრებაში იშვიათია და მხოლოდ წრომში, გელათში, მარტვილსა და შორეთშია შემორჩენილი, განმარტავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე.

შორეთის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია-აღდგენის მესამე ეტაპი 2017 წლისთვისაა დაგეგმილი.

XS
SM
MD
LG