Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ხედავს დონალდ ტრამპი აშშ-რუსეთის ურთიერთობას


დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

აშშ-რუსეთის ურთიერთობაში ნდობის ხარისხი ძალიან დაბალია. ბოლო დღეებში ასეთი და მსგავსი შეფასებები გამოთქვეს ორივე ქვეყნის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და ვლადიმირ პუტინმა და არამარტო მათ. არადა, აშშ-ში წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპი ისე აქებდა პუტინს, ისე ირწმუნებოდა, მოსკოვთან კარგი ურთიერთობა მექნებაო, რომ ბევრი მოელოდა ვაშინგტონისა და მოსკოვის დაახლოებას. მაგრამ საქმეს ასეთი პირი არ უჩანს, რაზეც შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბოლო განცხადებებიც მეტყველებს.

გადმოწერა

დონალდ ტრამპის სიტყვებით, მის ქვეყანას „არ გამოსდის ურთიერთობა რუსეთთან“ და ორმხრივი ურთიერთობა, შესაძლოა, "ყველა დროის ყველაზე მძიმე ეტაპზე იყოს" დასული. ეს შეფასება ტრამპმა გამოთქვა ვაშინგტონში 12 აპრილს, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი მოსკოვში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს. ეს იყო აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლების პირისპირ შეხვედრა ყველაზე მაღალ დონეზე მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა.

გულახდილად ვიმსჯელეთ ამჟამინდელ ეტაპზე ამერიკა-რუსეთის ურთიერთობაში. მე გამოვთქვი შეფასება, რომ ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა ამჟამად მძიმე ეტაპზეა. დაბალია ჩვენს ორ ქვეყანას შორის ნდობის ხარისხი. მსოფლიოში უდიდესი ბირთვული არსენალის მქონე ორ ქვეყანას არ შეიძლება, რომ ასეთი ურთიერთობა ჰქონდეს...
რექს ტილერსონი

„შესანიშნავი იქნებოდა, როგორც ამაზე ეს-ესაა ვილაპარაკეთ, რომ ნატოსა და ჩვენს ქვეყანას კარგი ურთიერთობა გვქონდეს რუსეთთან. ამჟამად რუსეთთან ურთიერთობა ნამდვილად არ არის კარგი. რუსეთთან ურთიერთობის მხრივ, შესაძლოა, ყველა დროის ყველაზე მძიმე ეტაპზე ვიმყოფებოდეთ. დიდი ხანი გაგრძელდა, სანამ აქამდე მოვიდოდით, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება. პუტინი რუსეთის ლიდერია. რუსეთი ძლიერი ქვეყანაა. ჩვენ კი ძალიან, ძალიან ძლიერი ქვეყანა ვართ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები", - განაცხადა ტრამპმა ვაშინგტონში ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან, შეხვედრის შემდეგ. თუმცა საკუთრივ პუტინისა და ტილერსონის საუბართან დაკავშირებით ტრამპმა თქვა, შეხვედრამ მშვენივრად ჩაიარა - შესაძლოა, უკეთ, ვიდრე მოსალოდნელი იყოო.

ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ამჟამად მწვავე უთანხმოებას იწვევს ვითარება სირიაში, სავარაუდოდ, მთავრობის ჯარების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შემდეგ. ამ ინციდენტიდან სამ დღეში, 7 აპრილს, აშშ-მა სარაკეტო თავდასხმა განახორციელა სირიაში სამხედრო-საჰაერო ბაზაზე მაშინ, როცა რუსეთი განაგრძობს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მხარდაჭერას. 12 აპრილს რუსეთმა ვეტო დაადო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც დასავლეთის ქვეყნებმა მოამზადეს ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების დასაგმობად. რეზოლუციით დამასკისაგან მოითხოვდნენ, წარმოედგინა ინფორმაცია თავდასხმის დღეს ჩატარებული ყველა საჰაერო ოპერაციის შესახებ. რუსეთის მხრიდან ეს იყო უკვე მერვე ვეტო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებზე, რომლებიც გმობდა სირიის პრეზიდენტის რეჟიმს.

„გულახდილად ვიმსჯელეთ ამჟამინდელ ეტაპზე ამერიკა-რუსეთის ურთიერთობაში. მე გამოვთქვი შეფასება, რომ ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა ამჟამად მძიმე ეტაპზეა. დაბალია ჩვენს ორ ქვეყანას შორის ნდობის ხარისხი. მსოფლიოში უდიდესი ბირთვული არსენალის მქონე ორ ქვეყანას არ შეიძლება, რომ ასეთი ურთიერთობა ჰქონდეს“, - ეს სიტყვები კი მოსკოვში წარმოთქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა, რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან, შეხვედრის შემდეგ. თავის მხრივ, ლავროვმა თქვა, რომ, „არსებული პრობლემების“ მიუხედავად არსებობს ერთობლივი მუშაობის საგულისხმო პერსპექტივა. უფრო კონკრეტულად, გადაწყდა, რომ ორი ქვეყანა შექმნის „მუშა ჯგუფს“, რომელსაც „მომცრო საკითხების“ კოორდინაცია დაევალება. ამან, განმარტავს ლავროვი, ხელი უნდა შეუწყოს „უფრო სერიოზული პრობლემების“ მოგვარებას.

ძნელი სათქმელია, „მუშა ჯგუფს“ უკავშირდება თუ არა ოპტიმიზმი, რომელიც დონალდ ტრამპმა 13 აპრილს გამოთქვა - ერთ დღეში მას შემდეგ, რაც გამოაცხადა, რუსეთთან ურთიერთობის მხრივ შესაძლოა, ყველა დროის ყველაზე მძიმე ეტაპზე ვიმყოფებოდეთო. 13 აპრილს მან ტვიტერზე დაწერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის - დრო რომ მოვა, ყველა გონს მოეგება და სტაბილური მშვიდობა დამყარდებაო.

იენს სტოლტენბერგი და დონალდ ტრამპი
იენს სტოლტენბერგი და დონალდ ტრამპი

ბოლოს, დონალდ ტრამპის კიდევ ერთ საყურადღებო გამონათქვამზე. მან 12 აპრილს ვაშინგტონში ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ შეაქო ალიანსი, რომელსაც წინასაარჩევნო პერიოდში „დრომოჭმულს“ უწოდებდა. „ნატოს გენერალურ მდივანთან მქონდა ნაყოფიერი დისკუსია იმის შესახებ, თუ კიდევ რისი გაკეთება შეუძლია ნატოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის გამო მე დიდი ხნის წინ გამოვთქვი უკმაყოფილება და ნატომ ცვლილება მოახდინა და ახლა ებრძვის ტერორიზმს. მე ნათქვამი მაქვს, რომ ის დრომოჭმული იყო. აღარ არის დრომოჭმული. ვიმედოვნებ, რომ ნატო უფრო აქტიურ როლს შეასრულებს ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ჩვენი ერაყელი პარტნიორების ბრძოლის მხარდასაჭერად“, - განაცხადა ტრამპმა ვაშინგტონში ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ და იქვე ახსენა ნატოს დამსახურება: ევროპის ისტორიაში მშვიდობის უპრეცედენტოდ ხანგრძლივი პერიოდი.

XS
SM
MD
LG