Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ინტერესები ამერიკა-რუსეთის დაპირისპირების ფონზე


რექს ტილერსონი (მარცხნივ) და სერგეი ლავროვი
რექს ტილერსონი (მარცხნივ) და სერგეი ლავროვი

ნატოს, აშშ-ისა და რუსეთის ბოლოდროინდელი დაძაბული ურთიერთობების ფონზე, რაც სირიაში განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა, ყურადღებას იპყრობს 12 აპრილს გამართული შეხვედრები: თეთრ სახლში შშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნატოს გენერალურ მდივანს უმასპინძლა, ხოლო მოსკოვში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინსა და საგარეო უწყების ხელმძღვანელს სერგეი ლავროვს. მხარეები არ მალავენ, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა მეტისმეტად დაძაბულია. სამაგიეროდ, ახლო წარსულში გაჩენილი ეჭვების საპირისპიროდ, უფრო მტკიცედ და იმედისმომცემად აღიქმება ნატოსა და შეერთებული შტატების სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. როგორ გამოიყურება ეს პროცესები საქართველოს ინტერესების ჭრილში?

12 აპრილს ნატოს გენერალურ მდივანთან ერთად თეთრ სახლში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა, მართალია, „ძალიან წარმატებული“ უწოდა სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის მიერ მოსკოვში გამართულ შეხვედრებს, აღნიშნა, რომ ეს ხელს უწყობს აშშ-ისა და მისი მოკავშირეების „უსაფრთხოების ინტერესებს“ და გამოთქვა იმედი, რომ მისი ქვეყანა და ნატო შეძლებენ დაარეგულირონ ურთიერთობები რუსეთთან, მაგრამ ითქვა ისიც, რომ რუსეთთან ურთიერთობები „ამჟამად, შესაძლოა, ყველაზე უფრო უარესი იყოს, ვიდრე ოდესმე“. არ ვიცით, ურთიერთობების დათბობის მცდელობიდან რა გამოვაო, აღნიშნა დონალდ ტრამპმა და იქვე თითქოს ერთმანეთს შეადარა რუსეთისა და შეერთებული შტატების ძალები. მან თქვა:

„პუტინი რუსეთის ლიდერია. რუსეთი ძლიერი სახელმწიფოა. ჩვენ (ამერიკა) ვართ ძალიან ძლიერი სახელმწიფო“.

დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

ამასთან, დონალდ ტრამპმა გაახმაურა მტკიცე მესიჯი, რომ შეერთებული შტატები უკან არ დაიხევს სირიის საკითხთან მიმართებით, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ძალიან ძლიერია და რომ შეერთებული შტატები ნატოელ პარტნიორებთან ერთად იმოქმედებს:

„მომავალ თვეებსა და წლებში მე მჭიდროდ ვიმუშავებ ყველა ჩვენს ნატოელ მოკავშირესთან, რათა გაძლიერდეს ჩვენი პარტნიორობა და მოვემზადოთ სამომავლო გამოწვევებისთვის, რომლებიც მრავლად იქნება. მათ შორის, უნდა განახლდეს ხედვა უსაფრთხოების კუთხით დღეს არსებული აქტუალური გამოწვევების მისამართით, მიგრაციისა და ტერორიზმის ჩათვლით. ჩვენ ასევე ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ, რათა აღმოვფხვრათ სირიაში ამჟამად არსებული კატასტროფული ვითარება“.

რექს ტილერსონთან შეხვედრის შემდეგ გავრცელდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, მწირი კომენტარი. მან შეხვედრას „შინაარსიანი“, „მეტად გულახდილი“ უწოდა და დასძინა, რომ ის და ტილერსონი შეთანხდნენ საგანგებო წარმომადგენელთა დანიშვნაზე, რომლებიც მათ დაეხმარებიან ორმხრივ ურთიერთობებში წარმოშობილ გაუგებრობათა აღმოფხვრაში. თუმცა მკაცრი და არაკეთილგანწყობილი იყო განცხადებები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გააკეთა სხვადასხვა დროს მას შემდეგ, რაც ამერიკამ 7 აპრილს სარაკეტო იერიში განახორციელა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის დაქვემდებარებულ საავიაციო ბაზაზე. ეს ფაქტი კი, თავის მხრივ, სირიის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ასადის რეჟიმის მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენებას მოჰყვა. პუტინმა, მაგალითად, თქვა, რომ სარაკეტო იერიში - ეს იყო აგრესია სუვერენული სახელმწიფოს - სირიის - მიმართ და აშშ-მა საერთაშორისო სამართალი გამოგონილი საბაბით დაარღვია.

დაძაბულობა იმდენად აშკარაა, რომ ურთიერთობების დათბობა და საერთო ენის გამონახვა ნაკლებად წარმოუდგენიათ ანალიტიკოსებს, თუმცა, როგორც პოლიტოლოგმა შორენა ლორთქიფანიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ბუნებრივია, აშშ და ნატო ინარჩუნებენ რუსეთთან დიალოგის სურვილს და მცდელობას გამონახონ შეხების წერტილები, რადგან ომი არავის სურს. სხვა საკითხია, რა გამოვა ამ მცდელობიდან, თუმცა, შორენა ლორთქიფანიძის თქმით, საქართველოსთვის ყველა შემთხვევაში ხელსაყრელია მშვიდობა:

დღევანდელ დღეს ამერიკა აცნობიერებს შავი ზღვის რეგიონში არსებულ რეალობას - იზრდება ამერიკის სამხედრო დასწრება შავი ზღვის რეგიონში, კერძოდ, რუმინეთში და ბულგარეთში. გარდა ამისა, საქართველოში იგეგმება ამერიკა-საქართველოს ერთობლივი სამხედრო მომზადების ცენტრის გახსნა...
ნიკა ჩიტაძე

„ნატოს სტრატეგია რუსეთთან მიმართებაში ჯერ კიდევ არის თავდაცვა, შეკავება და დიალოგის რეჟიმი, მიუხედავად იმ მკაცრი განცხადებებისა, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვისმენთ. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ მშვიდობა და უსაფრთხოება მსოფლიოსთვის არის მნიშვნელოვანი, ეს დიალოგისა და დისკუსიის გარეშე, უბრალოდ, შეუძლებელია... რაც უფრო გართულდება დიდ ძალებს შორის ურთიერთობა სტრატეგიულ საკითხებზე, ეს ჩვენზე პირდაპირ იმოქმედებს... ასე რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველო თავის პრინციპებს არ ღალატობს, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენთვის, როგორც პატარა ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია დიალოგი დიდ ძალებს შორის, ისევ ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე“.

დიდ მოთამაშეებს შორის არსებულ დიდ დაძაბულობას ასევე საქართველოს ინტერესების ჭრილში განიხილავს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე. ის არ იზიარებს აზრს, რომ დაპირისპირებულმა მხარეებმა მშვიდობას, შესაძლოა, გარიგების ხარჯზე მიაღწიონ და ერთგვარად გაცვალონ სირია და საქართველო. პოლიტოლოგი თავის პოზიციას რადიო თავისუფლებასთან განმარტავს:

„დღევანდელ დღეს ამერიკა აცნობიერებს შავი ზღვის რეგიონში არსებულ რეალობას - იზრდება ამერიკის სამხედრო დასწრება შავი ზღვის რეგიონში, კერძოდ, რუმინეთში და ბულგარეთში. გარდა ამისა, საქართველოში იგეგმება ამერიკა-საქართველოს ერთობლივი სამხედრო მომზადების ცენტრის გახსნა... ამიტომაც მე მგონია, რომ საქართველო კვლავ დარჩება ამერიკის ინტერესების სფეროში და ამიტომაც არა მგონია, რომ რაიმე გარიგება მოხდეს... რუსეთს არ აწყობს სირიის დაკარგვა, რადგან სირია, შეიძლება ითქვას, რომ ის არის რუსეთის ერთადერთი პლაცდარმი ახლო აღმოსავლეთში და, ფაქტობრივად, ერთადერთი პლაცდარმი რუსეთისთვის პოსტსაბჭოთა სივრცის ფარგლებს გარეთ“.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ, უსაფრთხოების უზრუნველყოფის ჭრილში, საქართველოსთვის ერთადერთი სწორი გზაა შეინარჩუნოს მტკიცე დასავლური კურსი და კიდევ უფრო განამტკიცოს ურთიერთობები ნატოსა და მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG