Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოტლანდიელთა განაჩენი: "არა" გამოყოფას!


გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში დარჩენის შოტლანდიელი მომხრეები გამარჯვებას ზეიმობენ
გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში დარჩენის შოტლანდიელი მომხრეები გამარჯვებას ზეიმობენ

შოტლანდიის ამომრჩეველმა 18 სექტემბერს გამართულ ისტორიულ რეფერენდუმზე მხარი არ დაუჭირა გაერთიანებული სამეფოდან ქვეყნის გამოყოფას. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში დარჩენას მიემხრო ამომრჩეველთა 55 პროცენტი. შოტლანდიის ეროვნული პარტიის ლიდერმა და ქვეყნის პირველმა მინისტრმა ალექს სალმონდმა აღიარა დამარცხება და თანამემამულეებს ეროვნული ერთობისკენ მოუწოდა, ხოლო გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა კმაყოფილება გამოთქვა რეფერენდუმის შედეგებით და განაცხადა, რომ შოტლანდიას თვითმმართველობის უფრო მაღალი ხარისხი მიენიჭება.

„ხმათა უმრავლესობით შოტლანდიამ გადაწყვიტა, ამ ეტაპზე არ გახდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო. მე ვიღებ ხალხის ამ განაჩენს“ - უთხრა ედინბურგში შეკრებილ მხარდამჭერებს შოტლანდიის ეროვნული პარტიისა და, ზოგადად, დამოუკიდებლობის მოძრაობის ლიდერმა ალექს სალმონდმა.

დაპირისპირებულ ბანაკში კი ამ დროს გამარჯვებას ზეიმობდნენ. „შოტლანდიელმა ხალხმა თქვა თავისი სათქმელი. გახლეჩას ერთობა ვამჯობინეთ, უაზრო გაყოფის წინაშე უპირატესობა მივანიჭეთ დადებით ცვლილებებს“ - განაცხადა 19 სექტემბერს, გლაზგოში გამოსვლისას, შოტლანდიის დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეთა მოძრაობის თავკაცმა ალისტერ დარლინგმა.

კმაყოფილება არც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს დევიდ კამერონს დაუმალავს: „როგორც კამპანიის მსვლელობაშიც აღვნიშნე, გული მომიკვდებოდა, ჩვენი გაერთიანებული სამეფო რომ დაშლილიყო. ვიცი, რომ ამ შეგრძნებას ბევრი იზიარებდა არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელს მსოფლიოში - რადგან ერთად ჩვენ ბევრს მივაღწიეთ წარსულში და კიდევ ბევრის მიღწევა შეგვიძლია მომავალში,“ - თქვა კამერონმა და დასძინა, რომ აუცილებლად შეასრულებს 16 სექტემბერს გამოთქმულ დაპირებებს შოტლანდიის პარლამენტისთვის უფლებამოსილების გაფართოების შესახებ. კერძოდ, კამერონის წინადადებები ითვალისწინებს შოტლანდიის ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას ბიუჯეტისა და გადასახადების, აგრეთვე, სოციალურ სფეროში. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, კამერონის თქმით, 2015 წლის იანვარში გამოქვეყნდება.

შოტლანდიის ეროვნული პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, ნიკოლა სტერჯონმა გაწბილება გამოთქვა რეფერენდუმში განცდილი მარცხის გამო. მაგრამ მანვე დასძინა, კენჭისყრამ მკაფიოდ დაგვანახვა, რომ ხალხს ცვლილება მოსწყურდაო. სტერჯონიც, პარტიის ლიდერი ალექს სალმონდიცა და მათი მხარდამჭერებიც იმედოვნებენ, რომ არცთუ შორეულ მომავალში ისევ მიეცემათ საშუალება, კენჭი უყარონ შოტლანდიის დამოუკიდებლობის საკითხს და წერტილი დაუსვან ბრიტანეთთან სამსაუკუნოვან ერთობას.

ის, რომ შოტლანდიელებს შორის ამ საკითხში აზრთა სხვადასხვაობაა და რომ გაერთიანებულ სამეფოში დარჩენის მსურველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არ აღემატება გამოყოფის მომხრეთა რიცხვს, გამარჯვებული მხარის ლიდერთათვისაც ნათელია. მათ არც უცდიათ ამ გარემოების უგულებელყოფა. აი, რა თქვა მაგალითად იმავე ალისტერ დარლინგმა, შოტლანდიის დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეთა მოძრაობის ლიდერმა:

„მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ დებატებმა ამ საკითხზე ჩვენს ქვეყანაში მკაფიო დაპირისპირება წარმოშვა. ეს იყო კამპანია, რომელიც თან ენერგიით გვავსებდა და თან, ზოგჯერ, ერთმანეთთან გვაპირისპირებდა. ზოგმა ლაპარაკის უნარიც დაკარგა და მხოლოდ საარჩევნო ყუთთან ხმის მიცემით გამოხატა თავისი პოზიცია. ამ დაპირისპირებას ახლა ჩვენ უნდა მოვუაროთ და საამისოდ საჭიროა, მყარად გვეპყრას ხელთ პროცესების მართვის სადავეები. ჩემი კოლეგები და მე მზად ვართ, ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას, რათა დავამტკიცოთ, რომ ამ კენჭისყრის შემდეგაც შეგვწევს უნარი, ერთობა შევინარჩუნოთ.“

დაბოლოს, რამდენიმე სტატისტიკური ცნობა: რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება ჰქონდა შოტლანდიის ყველა ლეგალურ მცხოვრებს, რომელიც კენჭისყრის დღისთვის, სულ ცოტა, 16 წლისა იყო. ამომრჩეველთა აქტიურობამ 85 პროცენტი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ოთხ მილიონზე მეტმა ადამიანმა.

XS
SM
MD
LG