Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სავიზო ლიბერალიზაცია: რა დოკუმენტებს მოგვთხოვენ საზღვარზე


1 მარტს ბრიუსელში ხელი მოეწერა ევროკავშირის სტრუქტურების მიერ დამტკიცებულ ახალ რეგულაციას, რომლის თანახმადაც საქართველომ უვიზო მიმოსვლის უფლების მქონე ქვეყნების ჩამონათვალში გადაინაცვლა. დარჩენილია მხოლოდ დოკუმენტის გამოქვეყნება ევროკავშირის ოფიციალურ გამოცემაში, რის შემდეგაც ის 21-ე დღეს შევა ძალაში. შესაბამისად, წინასწარი გათვლით, საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ მოგზაურობას ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში უკვე 28 მარტიდან შეძლებენ. რა დოკუმენტები იქნება საჭირო საზღვარზე და რა უნდა ვიცოდეთ იმისათვის, რომ პრობლემებს ავარიდოთ თავი?

სავიზო ლიბერალიზაციის დოკუმენტის ხელმოწერა, რომელსაც საქართველო საკმაოდ დიდხანს ელოდა, ბრიუსელში თბილისის დროით 17 საათზე შედგა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ანტონიო ტაიანიმ და ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის - მალტის - საპარლამენტო მდივანმა კრის აგიუსმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად. როგორც ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდეგ განაცხადა პრემიერმა კვირიკაშვილმა, საქართველო გააგრძელებს მიზანმიმართულ სვლას ევროპული ოჯახისკენ:

„მინდა მივულოცო საქართველოს ყველა მოქალაქეს ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც, მართლაც და, პირველ რიგში არის პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულება ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ. დღეს ევროკავშირის კარი გაიღო საქართველოსთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის და ეს უკვე აღარ არის პირველი ნაბიჯები ევროინტეგრაციის მიმართულებით, ეს უკვე არის მნიშვნელოვანი მიღწევა ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა მეგობარს ევროპარლამენტში, ევროკავშირის საბჭოში, ევროკომისიაში, ჩემს კოლეგებს და, პირველ რიგში, მინდა ჩვენს მოქალაქეებს გადავუხადო უდიდესი მადლობა ამ დიდი მხარდაჭერისთვის რეფორმების განხორციელების პროცესში. დღევანდელი დღე არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოსა და ჩვენი ხელისუფლების მიმართ უდიდესი ნდობის გამოხატულება. ეს არის ძალიან დასაფასებელი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უმნიშვნელოვანესი რეფორმები. საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის ნამდვილი წევრი. საქართველომ უნდა გააგრძელოს თანმიმდევრული სვლა ევროკავშირის მიმართულებით და ჩვენ ამას აუცილებლად განვახორციელებთ საქართველოს მოსახლეობასთან ერთად“.

როგორც რადიო თავისუფლების ბრიუსელელი კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი იტყობინება, უვიზო მიმოსვლის მექანიზმის ამოქმედებამდე სულ რაღაც 4 კვირა რჩება. ასეთი პროგნოზი ეყრდნობა დარჩენილ პროცედურათა ვადების გაანალიზებას: 1 მარტს ხელმოწერილი გადაწყვეტილება ერთი კვირის განმავლობაში უნდა გამოქვეყნდეს ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში და გამოქვეყნებიდან 21-ე დღეს უნდა ამოქმედდეს. შესაბამისად, ეს თარიღი, ოპტიმალური გათვლით, 28 მარტს უწევს.

როგორც ცნობილია, უვიზო მიმოსვლით ისარგებლებს ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს ყველა მოქალაქე 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური 90 დღის ვადით. საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი გავრცელდება ევროკავშირის 26 წევრ ქვეყანასა და ევროკავშირის არაწევრ 4 ქვეყანაზე. გამონაკლისს წარმოადგენს ევროკავშირის წევრი 2 ქვეყანა - დიდი ბრიტანეთი და ირლანდია.

ვიზების გაუქმების შემდეგ მნიშვნელოვნად გამარტივდება მიმოსვლის პროცედურები, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოწვეული მკვლევარი, გოგიტა ღვედაშვილი. მისი აზრით, ძალიან დიდი შეღავათი იქნება, როდესაც მოგზაურობის მსურველს აღარ მოუწევს ვიზის მოსაკრებლის გადახდა და საელჩოებში არსებულ რიგებში დგომა, რაც ხშირად შეუძლებელს ხდიდა სპონტანურად გამოჩენილი შანსის გამოყენებას. ამასთან, ისიც იშვიათ შემთხვევაში, მესაზღვრემ მაქსიმუმ, შესაძლებელია, მოგვთხოვოს მხოლოდ ის დოკუმენტები, რომლებიც ისედაც აუცილებელია მოგზაურობის მსურველისთვის:

„ჩამონათვალი შემცირდა სულ ოთხ ძირითად დოკუმენტამდე და ეს გახლავთ წასვლის და ჩამოსვლის ბილეთი, რომელიც აუცილებლად უნდა გვქონდეს; ეს გახლავთ სამოგზაურო დაზღვევა (რაც დღეში, სადღაც, ერთი ლარი ჯდება); უნდა გვქონდეს ასევე ფინანსური დადასტურება, რაც წარმოადგენს მაქსიმუმ 50 ევროს ერთი დღის განმავლობაში. ეს, შესაძლოა, იყოს ნაღდი ფული ან ბანკიდან ამონაწერი. ეს ფული საჭიროა ელემენტარული პირადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, როდესაც ჩვენ ვიმყოფებით შენგენის ზონაში; და კიდევ ერთი დოკუმენტია საჭირო: უნდა გვქონდეს ელექტრონული ჯავშანი იმ სასტუმროსი, რომელშიც ვაპირებთ დარჩენას. იმ შემთხვევაში, თუკი მეგობართან ან ნათესავთან მივდივართ, უნდა გვქონდეს ამ პირის რაიმე ოფიციალური დოკუმენტი - მაგალითად, პირადობის მოწმობის ასლი და საკონტაქტო ინფორმაცია. თუ ჩვენ გვექნება მასპინძლის მისამართი და ტელეფონის ნომერი, მესაზღვრეს შეეძლება გადაამოწმოს ნებისმიერი ინფორმაცია დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში“.

ხომ შეუძლია ადამიანს, გამოიყენოს უვიზო რეჟიმი და სპეციალურად ჩავიდეს ევროკავშირის/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში, ნახოს რაღაც ადგილები, გაიცნოს ხალხი, გააცნოს მათ თავისი კვალიფიკაცია და მიაღწიოს იმას, რომ მოითხოვონ ის, როგორც სპეციალისტი...
კახა გოგოლაშვილი

თუ როგორ უნდა ისარგებლონ საქართველოს მოქალაქეებმა უვიზო მიმოსვლის მექანიზმით და რა უნდა გაითვალისწინონ ამ პროცესში - ეს ყველაფერი დაწვრილებით არის მოთხრობილი საინფორმაციო კლიპში, რომელიც საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ორგანიზებით არის გადაღებული. როგორც ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას, უვიზო მიმოსვლა დაამსხვრევს პრორუსული პროპაგანდის მიერ თავს მოხვეულ მითებს, გააძლიერებს საქართველოს მოქალაქეების ინტერესს ევროკავშირის მისამართით და ბევრი შესაძლებლობა იქნება ათვისებული ძირითადად ახალგაზრდების მიერ. ამასთან, ექსპერტის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის მექანიზმი დასაქმების საშუალებას არ იძლევა, მაინც გაჩნდება საკუთარი შესაძლებლობების კანონიერად რეალიზების პერსპექტივები:

„ხომ შეუძლია ადამიანს, გამოიყენოს უვიზო რეჟიმი და სპეციალურად ჩავიდეს ევროკავშირის/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში, ნახოს რაღაც ადგილები, გაიცნოს ხალხი, გააცნოს მათ თავისი კვალიფიკაცია და მიაღწიოს იმას, რომ მოითხოვონ ის, როგორც სპეციალისტი... რადგანაც, თუკი დამსაქმებელი იძლევა იმის არგუმენტაციას, რომ სწორედ ეს სპეციალისტი სჭირდება მას, მაშინ მას შეუძლია მიიღოს დასაქმების უფლება ევროკავშირში“.

და თუკი მაინც შეცდა ვინმე და ევროკავშირის/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში დასარჩენ უკანონო გზებს მიმართა, მისთვის სასჯელი საკმაოდ მკაცრი იქნება. როგორც გოგიტა ღვედაშვილი განმარტავს, მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის წესების დამრღვევ ადამიანს 5 წლით აეკრძალება შესვლა ევროკავშირის/ შენგენის ზონის ქვეყნებში და შესაძლებელია, რომ მას ასევე დაეკისროს ჯარიმა 3 ათასი ევროს ოდენობით. ხოლო თუკი უვიზო მიმოსვლის უფლების მქონე რომელიმე ქვეყნიდან მიგრანტთა დიდი ნაკადი მიაწყდება რომელიმე მიმღებ ქვეყანას ევროკავშირში, ასევე დიდი რაოდენობის ადამიანი მოითხოვს თავშესაფარს ანდა უკანონო ქმედებებით შეაწუხებს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას, ამოქმედებას არ დააყოვნებს უვიზო მიმოსვლის სწრაფი შეჩერების მექანიზმი და ეს ასე იქნება საქართველოსთვისაც.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG