Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის მინისტრებმა დაამტკიცეს საბოლოო ცვლილება რეგულაციაში, რომელიც საქართველოსთვის უვიზო რეჟიმს ითვალისწინებს


ევროკავშირის მინისტრების შეხვედრაზე, კერძოდ ტრანსპორტის, ტელეკომუნიკაციებისა და ენერგეტიკის საბჭოს სხდომაზე, მხარი დაუჭირეს საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას, რომელიც შენგენის ზონის წევრებზე ვრცელდება. საბჭოს სხდომაზე მხარი დაუჭირეს უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმსაც. ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, რომელმაც ვიზიტად მყოფ ევროკომისართან, დიმიტრის ავრამოპოლუსთან შეხვედრის შემდეგ მასთან ერთად გამართა პრესკონფერენცია. „ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ დღეს ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა საბოლოო ცვლილება რეგულაციაში, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას ითვალისწინებს. ეს არის საბოლოო ნაბიჯი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს ამ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას!“ კვირიკაშვილის განმარტებით, 1 მარტს ხელს მოაწერენ განახლებულ რეგულაციას, რასაც რამდენიმე დღეში მოჰყვება ოფიციალურ ჟურნალში მისი გამოქვეყნება. შემდეგ კი, გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში, საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ მოკლევადიანი ვიზით მოგზაურობას ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებში. თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია მიულოცა დიმიტრის ავრამოპულოსმაც, რომელიც არის ევროკომისარი მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში.

XS
SM
MD
LG