თბილისში 10 დეკემბერს გამოვლინდება საუკეთესო ნამუშევრები მედიაკონკურსში, სახელწოდებით „’ადამი’ - კულტურული მრავალფეროვნებისთვის“. ეს ჯილდო წელს პირველად გადაეცემა იმ ვიდეოპროექტებსა და ვებგვერდებს, რომლებიც ყველაზე კარგად ჰყვება ეთნიკური უმცირესობების, კულტურათა შორის ურთიერთობების შესახებ. მედიაკონკურსში მონაწილეობა მიიღეს მედიის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, მოლდავეთიდან და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებიდან. 97 მონაწილეს შორის საუკეთესოები კი შეარჩიეს ჟიურის წევრებმა როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ ევროპიდან. გიორგი გოგუა ესაუბრა მედიაპრიზის „’ადამი’ კულტურული მრავალფეროვნებისთვის“ დირექტორს, რეჟისორსა და დოკუმენტალისტს, შტეფან ტოლცს.
რადიო თავისუფლება: თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია კულტურული მრავალფეროვნების მხარდაჭერა/პოპულარიზაცია კონკურსში მონაწილე ქვეყნებში?
შტეფან ტოლცი: ჩვენ ხომ ვიცით, უცხო ქვეყნები საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ იმ ეთნიკურ თუ ტერიტორიულ პრობლემებს, რომლებიც ამ ქვეყნებს აწუხებს. ამიტომ, კარგი იქნებოდა, ჩვენ კარგად გვცოდნოდა ერთმანეთის პრობლემები - ერთმანეთის ენა. მაგალითად, წარმოიდგინეთ საქართველოში, ჯავახეთში, მცხოვრები ეთნიკური სომხები, რომლებმაც ქართული არ იციან და, უმეტესად, რუსულ ან სომხურ ახალ ამბებს ეცნობიან, ეთნიკურად ქართველმა მოსახლეობამ კი არ იცის, იქ როგორი ამბები მიდის - ასეთ პირობებში ძნელია ვისაუბროთ ამ ადამიანების საქართველოში ინტეგრაციაზე.
ამიტომაც, საქართველოს მოსახლეობამ უნდა ნახოს, გაიგოს, იცოდეს, რა ხდება იქ. სხვათა შორის, ჩვენს პრიზზე ნომინირებულია ერთი ვებგვერდი, რომლის შემქმნელი ახალგაზრდები ცდილობენ მოუყვნენ ეთნიკურად ქართულ მოსახლეობას ამბებს, რაც ჯავახეთში ხდება და თვითონაც იცოდნენ, რა ხდება დანარჩენ საქართველოში. ამიტომაც მგონია, რომ ასეთი მაგალითები ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ უფრო მეტი გვჭირდება.
რადიო თავისუფლება: თქვენი კონკურსი წელს პირველად გაიმართა და 90-ზე მეტი მონაწილე გყავდათ. რამდენად ელოდით ასეთ გამოხმაურებას?
შტეფან ტოლცი: სიმართლე გითხრათ, თავიდან უფრო მეტს ველოდი, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ძალიან ძნელია დაიწყო პროექტი და გასცე პრიზი, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ არავინ იცოდა. თუმცა ჩვენმა გუნდმა ძალიან კარგად იმუშავა - ფეისბუკითაც, ვებგვერდზეც... დაუკავშირდნენ მედიას, კინო სკოლებს და ა.შ., შეატყობინეს სიახლის შესახებ.
თუმცა, მეორე მხრივ, ცხადია, როგორც ქართულ, ისე უკრაინულ ან სხვა მონაწილე ქვეყნის მედიას თავისი პრობლემები აქვს და ძალიან ძნელია რაღაც ახალი შესთავაზო და დააინტერესო.
საბოლოო ჯამში, 97 ვებგვერდი და ვიდეო შემოვიდა, საიდანაც თერთმეტი საუკეთესო ნომინირებულია სხვადასხვა კატეგორიაში. როდესაც ჟიურის უცხოელ წევრებს ვესაუბრებოდი, აღნიშნავდნენ ზოგი მათგანის მაღალ ხარისხს. ბევრიც, რა თქმა უნდა, არ მოგვეწონა, მაგრამ ყველა წარდგენილი ნომინანტი, შემიძლია ვთქვა, ძალიან კარგია.
ეს უკვე წინგადადგმული ნაბიჯია, მიუხედავად იმისა, რომ მე, როგორც პროექტის დირექტორს, გამიხარდებოდა 100-ზე მეტი მონაწილე ყოფილიყო.
რადიო თავისუფლება: თქვენი დაკვირვებით, რამდენად აქტიურად მუშაობს მედია ამ პროექტში მონაწილე ქვეყნებში კულტურული მრავალფეროვნების კუთხით?
შტეფან ტოლცი: მართალია, ამ ქვეყნებში არიან არასამთავრობო და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც ამ თემაზე მუშაობენ, მაგრამ მე ამ ყველაფერს ვუყურებ როგორც კინორეჟისორი და დოკუმენტალისტი. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, სხვადასხვა ჟიურიში ვყოფილვარ და ვნახე, რომ პრიზი ყოველთვის ძალიან კარგი მოტივაციაა.
ამიტომაც პრიზი „ადამი“ სწორედ მედიებისთვისაა განკუთვნილი. მათგან ძალიან ბევრს შეიძლება კულტურული მრავალფეროვნების თემაზე არასდროს უმუშავია, მაგრამ როდესაც ისინი გაიგებენ, რომ არსებობს საერთაშორისო ჯილდო, მათ შეიძლება მხოლოდ იმიტომ დაიწყონ ამ საკითხზე მუშაობა, რომ კონკურსში მონაწილეობა მიიღონ. პრიზი ხომ მხოლოდ ფული არ არის - ეს არის კარგი კავშირებიც სხვადასხვა მედიასთან არა მარტო აღმოსავლეთ, არამედ დასავლეთ ევროპაშიც.
რადიო თავისუფლება: რა არის დღეს თქვენთვის მთავარი გამოწვევა, როგორც პროექტის დირექტორისთვის?
შტეფან ტოლცი: სიმართლე გითხრათ, ახლა ყველაზე მეტად გალა დაჯილდოებაზე ვფიქრობ, რომელიც 10 დეკემბერს თბილისში გაიმართება, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვლენ სტუმრები, რომლებიც არამარტო მედიაში არიან დასაქმებულები. ჩამოვლენ პოლიტიკოსები, სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები. ეს იქნება ამ პროექტის გაცნობა. მგონია, რომ ეს იქნება ერთგვარი ცეცხლი, რომელიც ახლა აინთება და იმედი მაქვს, რომ ეს ცეცხლი არა ერთ, არამედ კიდევ მინიმუმ სამ წელიწადს გაძლებს. ასევე, ვფიქრობ, მსგავსი გალა დაჯილდოება გაიმართოს, ვთქვათ, უკრაინაში, შემდეგ მოლდავეთში, შემდეგ ისევ ბათუმში და მედიაპრიზმა „’ადამი’ კულტურული მრავალფეროვნებისთვის“ სხვადასხვა ქვეყანაში იმოგზაუროს.