Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დი-ენ-ეის სოციოლოგიური კვლევის წმინდა ადამიანური დასკვნა


მსოფლიო დემოკრატიის ინსტიტუტის უკანასკნელმა სოციოლოგიურმა კვლევამ, ვფიქრობ, ზუსტად გამოხატა გარკვეული (მე ვიტყოდი, სპეციფიკური) კატეგორიის ადამიანების გუნება-განწყობა.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა ნახევარი (44%) სრულიად დარწმუნებულია, რომ საქართველო მთა-გორიანი ქვეყანაა და მას დასავლეთიდან ებჯინება შავი ზღვა. 35% კი ფიქრობს, რომ საქართველო ლავაშივით ბრტყელია და დასავლეთიდან მას არა შავი, არამედ კასპიის ტბორი ესაზღვრება. 7%-ს უჭირს პასუხის გაცემა ("წლებია სახლიდან არ გამოვდივარ, ვერ გეტყვით"), 4% კი თავს იკავებს პასუხის გაცემისაგან ("1-ლ ოქტომბრამდე მაცადეთ და მერე მოგახსენებთ").

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა აბსოლუტურ უმრავლესობას (94%) მაშინვე ეშლება ნერვები, როცა შემდეგ შეკითხვას უსვამ: "უყურე დღეს სააკაშვილს?". მომხრე გაბრაზებული და შერცხვენილი გატყუებს: "არ მიყურებია!", მოწინააღმდეგე კი ამაყად და აგდებულად გპასუხებს: "ვუყურე, ვუყურე..."

ახლა რეიტინგები ვნახოთ.

კვლევის მიხედვით, პარტია "ნაციონალური მოძრაობა" უახლოესი 12 წლის მანძილზე (ახალი სტილით - 21 წლით) მყარად შეინარჩუნებს 111%-ს.

მოულოდნელი რეიტინგული წამოზრდის მოწმენი ვხდებით გურამ ჩახვაძის სახითაც. კვლევის თანახმად, ეს დეპუტატი ახლა ყველა ქართველ პოლიტიკოსზე რეიტინგულია: მას პასიურ ამომრჩეველთა 102% უჭერს მხარს. მეორე ადგილზე ასევე რეიტინგულად წამოჩიტული ბაჩუკი ქარდავაა: მან მუხანათურად გადაუსწრო ზეაწეული რეიტინგებისათვის ფსიქო-ემოციურად მუდამ მზადმყოფ პაატა დავითაიას ("ასეთ რეიტინგებს თუ მაკადრებდნენ, სულ არ წავიდოდი ამნაირ ოპოზიციაში", - უთქვამს პოლიტიკოსს).

გამოკითხულთა აზრით, ხელისუფლებისადმი საშინლად კრიტიკულად განწყობილ პოლიტიკურ ძალთა შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი (6%) ე.წ. "თეთრების" პარტიასა და კუკავა-ბურჯანაძე-შაიგუს საერთო ეროვნულ გაერთიანებებს აქვთ.

დეპუტატმა დიმიტრიოს ლორთქიფანიძემ კი დიდსულოვნად განაცხადა უარი სექსუალურ უმცირესობათა ხმებზე, თორემ უეჭველად მიიღებდა 0,2%-ით მეტს; "მე კაცური ხმები მინდა, კაცების კი არა", - უთქვამს რეპუტაციაშეუბღალავ დეპუტატს.

ასევე, მაღალი პოპულარობით სარგებლოს (11%) ფენომენი, სახელად ფერია ანთია, რომელიც ჯერაც არაა დადგენილი, გვარ-სახელია, რაიმე პოემის სახელწოდება თუ მეგრულ-იმერული სადღესასწაული მოძახილი.
კვლევის მიხედვით, რაღაცნაირად საწყლად მიჩანჩალებს გაერთიანება "ქართული ოცნება", სადაც ყველაზე მაღალი რეიტინგი ყველა ეპოქისა და დროის საუკეთესო ფილმის (პოემა-შეგონება "კუკარაჩას") ავტორს, ქ-ნ ქეთევან {წამებულ} დოლიძეს აქვს. მას 48%-ით ჩამორჩება თავად ამ გაერთიანების ლიდერი.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს: გამოკითხულთა შეურყვნელი რწმენით, პრეზიდენტის რეიტინგი არ უნდა მოიხსენიებოდეს სხვა მოკვდავთა რეიტინგების გვერდით და მის მონაცემებს ზოგად ისტორიულ და გეოგრაფიულ კონტექსტში უნდა ვიკვლევდეთ.

შესაბამისად, კვლევაში მონაწილე სატელეფონო რესპონდენტების მზარდი უმრავლესობა სრულიად დარწმუნებულია, რომ მ. სააკაშვილი 99%-ით პოპულარულია სვიმონ-მესვეტეზე (მსოფლიო დემოკრატიის უნივერსიტეტის კვლევაში ზოგჯერ ასეთი შეკითხვებიც გვხვდება: "ვინ უფრო ცნობილია - სააკაშვილი თუ გიორგი მერჩულე?" ან "სააკაშვილი თუ ნუგზარ დიხამინჯია?"; "მობი დიკი თუ სააკაშვილი?").

გამოკითხულთა 62%-ის აზრით, მ. სააკაშვილი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს, 46% კი ფიქრობს, მ. სააკაშვილი საქართველოში ათჯერ უფრო პოპულარულია, ვიდრე ჯონი ჰოლიდეი თავის ქვეყანაში.

ხოლო ბათუმის დელფინების გამოკითხვის შემდეგ... თუმცა სჯობს, დელფინთა აზრი მომავლისთვის მოვიტოვოთ და მანამდე უშუალოდ გამომკვლევთა და მოკვლეულთა შესახებ მოვითხოვოთ კვლევა.
  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

XS
SM
MD
LG