Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასტუმროების ბიზნესი საქართველოში


სასტუმრო ბორჯომში
სასტუმრო ბორჯომში

ტურისტულ ბიზნესსა და ტურისტების მზარდ ნაკადებზე საუბრისას მნიშვნელოვანია იმ მონაცემების გააზრება, თუ რამდენად მზადაა საქართველოს ტურისტული ინფრასტრუქტურა ტურისტების ხარისხიანად მისაღებად. დღეს სასტუმროების ბიზნესში არსებულ სტატისტიკას მიმოვიხილავთ.

2016 წელს საქართველოში სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 1 415 ეკონომიკური სუბიექტი ფუნქციონირებდა, რომელთაც 1 496 სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება (ადგილობრივი ერთეულებისა და ფილიალების ჩათვლით) გააჩნიათ.

„საქსტატის“ ცნობით, სასტუმროს მომსახურებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებულ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება წარმოადგენს, რომლის წილად 2016 წელს მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო რაოდენობის 57.4% მოდის, ინდივიდუალურ მეწარმეებზე – 40.6%, ხოლო დანარჩენ სუბიექტებს სააქციო საზოგადოების (1.3%), სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა (0.1%) და სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის (0.6%) სტატუსი აქვთ.
მოქმედი სასტუმროების უმეტესი ნაწილი, 99.5%, კერძო საკუთრებაშია, ხოლო 0.5% – სახელმწიფო საკუთრებაში. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოში მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო ფართობი, დაახლოებით, 1.7 მილიონ კვადრატულ მეტრს შეადგენდა, რაც 2015 წლის შესაბამის მაჩვენებელს 29.5%-ით აღემატება. აქედან იჯარით გაცემულია 28.7 ათასი კვადრატული მეტრი, ხოლო ყველა ნომრის საცხოვრებელმა ფართმა 821.4 ათასი კვადრატული მეტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 33.3%-ით მეტია.

ამასთან, გასულ წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების მთელმა რაოდენობამ 61.4 ათასი ერთეული შეადგინა. ნომრების საერთო რიცხვი კი 28.4 ათასი ერთეულია, რომელთაგან 10.0% ლუქსია, 12.9% – ერთადგილიანი, 57.8% – ორადგილიანი, ხოლო 19.3% სამ- და მეტადგილიან ნომრებს წარმოადგენს.

2016 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 2.5 მილიონ სტუმარს მოემსახურა, რაც 37%-ით აჭარბებს 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
„საქსტატის“ ცნობით, სტუმართა 65.8% საზღვარგარეთის ქვეყნებიდან შემოვიდა, 34.2% კი – საქართველოდან. საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებს უმეტესად რუსეთიდან (13.8%) სტუმრობდნენ. ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსულთა უმეტესობას პოლონეთსა (21.1%) და გერმანიიდან (18.1%) შემოსული ტურისტები შეადგენდნენ, ხოლო სხვა ქვეყნების სტუმართაგან უდიდესი ნაწილი თურქეთსა (24%) და ირანიდან (11.8%) ეწვია საქართველოს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში სტუმართა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ირანიდან (6.6-ჯერ), რუსეთიდან 71.2%-ით, თურქეთიდან – 70.0%-ით, უკრაინიდან – 41.4%-ით, გერმანიიდან – 27.9%-ით, პოლონეთიდან – 21.6%-ით, აშშ-დან – 19.4%-ით და სომხეთიდან – 11.9%-ით.

რაც შეეხება სტუმრობის მიზანს, „საქსტატის“ ცნობით, საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებს ვიზიტორთა დიდი ნაწილი, 74.6%, რეკრეაციისა და დასვენების მიზნით ეწვია. საქმიანი და პროფესიული მიზნით – 16%, სამკურნალოდ – 1.6%, ხოლო 7.8% – სხვა მიზნით ჩამოსული ადამიანები იყვნენ.

რეკრეაციისა და დასვენების მიზნით, სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების არარეზიდენტი სტუმრებიდან 14.3% რუსეთზე მოდის, 13.6% – თურქეთზე, 7.4% – უკრაინაზე, 6.8% – ირანზე, 6.3% – ისრაელზე, 3.6% – აზერბაიჯანზე, 3.6% – სომხეთსა და 3.2% – პოლონეთზე.

XS
SM
MD
LG