Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საშობაო კოჰაბიტაცია


შობას პრეზიდენტი, მთავრობის რამდენიმე წევრთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში შეხვდა.
შობას პრეზიდენტი, მთავრობის რამდენიმე წევრთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში შეხვდა.
შობას პრეზიდენტი, მთავრობის რამდენიმე წევრთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში შეხვდა, პრემიერ-მინისტრი კი მშობლიურ ჭორვილაში. შობის აღსანიშნავად არჩეული ადგილების გარდა, განსხვავებული იყო პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის საშობაო მილოცვა-სურვილებიც. პრეზიდენტის სიტყვაში პოლიტიკური შემადგენელი ჭარბობდა, პრემიერ-მინისტრი კი რამდენიმეწამიანი მისალოცი ტექსტით შემოიფარგლა. რას შეიძლება ნიშნავდეს პრეზიდენტის მიერ ნახსენები ”ნგრევა” და ”წარსულთან პაემანი”?

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შობის ღამეს, სამების ტაძარში მედიასთან საუბრისას, თქვა, რომ სურს ყოველ ახალ წელს უკეთესი განწყობით ვხვდებოდეთ, ყოველ შობას კი მეტი ოპტიმიზმით. ამას გარდა, პრეზიდენტის სიტყვა პოლიტიკური სურვილებით იყო გაჯერებული:

” მე მინდა ვისურვო წლევანდელი წლისთვის, რომ არ დავუშვათ იმ ყველაფრის ძირის გამოთხრა, რასაც ამდენი წლის განმავლობაში დიდი რუდუნებით ვაშენებდით; არ დავუშვათ ის ნგრევა, რომლითაც გვემუქრებიან; არ დავუშვათ უკან დაბრუნება ქვეყნის და ეს წარსულთან დაწყებული არასასურველი პაემანი ერთხელ და სამუდამოდ საქართველომ დაასრულოს. მე ვარ რეალისტი, მაგრამ, ამავე დროს, მე ვარ ოპტიმისტი და მიმაჩნია, რომ ყველანაირ დროებით სიძნელეებს გადავლახავთ, ყველანაირ შესაძლო რისკებს საქართველო გვერდზე გაწევს და გააგრძელებს თავის განვითარებას, იმიტომ რომ ჩვენი ხალხი ამას იმსახურებს”.

საქართველოს პრეზიდენტისგან განსხვავებით, პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სულ რამდენიმეწამიან სიტყვაში ჩატია სათქმელი და იმედი გამოთქვა, რომ ყველა ერთად ავაშენებთ ახალ საქართველოს:
სიცრუე იმდენად არის, რამდენადაც, ჯერ ერთი, არავის ”ოცნებიდან” არ უთქვამს, რომ უნდა დაინგრეს ის, რაც აშენებულა და, პირიქით, სულ იმაზე იყო ხაზგასმა, რომ უნდა შენარჩუნდეს ყველაფერი ...
რამაზ საყვარელიძე

”შობა საყვარელი და ტრადიციული დღესასწაულია ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის. ამ დღეს უდიდესი სიხარულით ველოდებით და ყველა ოჯახში საზეიმო განწყობა სუფევს. სიმბოლურად შობა ახლის დაბადებას ნიშნავს და მჯერა, რომ ჩვენ ყველანი ერთად ახალი შემართებით ავაშენებთ ჩვენს საოცნებო საქართველოს. ყველას გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს! მშვიდობა, სიკეთე და სიყვარული არ მოჰკლებოდეს თქვენს ოჯახებს!”

პრეზიდენტის საშობაო მილოცვის ტექსტს ფსიქოლოგი და პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე საინფორმაციო ომს უწოდებს, რომელიც პრეზიდენტმა მას შემდეგ დაიწყო, რაც კოჰაბიტაციაზე უარი თქვა, და თუ პრეზიდენტის სიტყვებს ჩავუკვირდებით, ამბობს რამაზ საყვარელიძე, ეს არის ტყუილი ინფორმაციული ნაკადი. ის აზვიადებს ”ქართული ოცნების” მიერ ნათქვამ ფრაზებს, დავუშვათ, ”მშვიდობის ხიდის” შესაძლო ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, და ამას უწოდებს ნგრევას, წარსულში დაბრუნებაზე საუბრისას ის გულისხმობს რუსეთთან ურთიერთობის შესაძლო ს ცვლილებას. თუმცა რეალურად, რამაზ საყვარელიძის სიტყვებით, პრეზიდენტი საინფორმაციო ომს ეწევა არა მარტო ქართული საზოგადოების, არამედ დასავლეთის თვალშიც:

”სიცრუე იმდენად არის, რამდენადაც, ჯერ ერთი, არავის ”ოცნებიდან” არ უთქვამს, რომ უნდა დაინგრეს ის, რაც აშენებულა და, პირიქით, სულ იმაზე იყო ხაზგასმა, რომ უნდა შენარჩუნდეს ყველაფერი, რაც პოზიტიური ჰქონდა განვლილ პერიოდს; მეორეც, პრეზიდენტი მიანიშნებს, რომ საერთაშორისო ორიენტაცია უნდა შევინარჩუნოთ, ანუ ის გაცილებით მეტს გულისხმობს, რომ შექმნა, ვიდრე რეალურად შექმნა”.
ერთადერთი კონდექტი არის ის, რომ მე, როგორც ერთი კონკრეტული ადამიანი, რომელიც განვასახიერებდი პროგრესს, მოდერნიზაციას და ა.შ., თუ მე არ ვიქნები ხელისუფლებაში, მაშინ ყველაფერი იქნება ცუდად ...
მარინა ჩიტაშვილი

რამაზ საყვარელიძის თქმით, პრეზიდენტი ცდილობს საზოგადოებაში ახალი ხელისუფლების მიმართ უნდობლობა და წინააღმდეგობის გრძნობა გააჩინოს. მეორე მხრივ, პრემიერ-მინისტრის გამოსვლის შეფასებისას რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ივანიშვილი არ ერთვება პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ რიტორიკულ ბრძოლაში, რადგან ეს მისი სტილი არ არის:

”თუ ივანიშვილმა რაღაც გადაწყვიტა, მას დიდხანს შეუძლია იყოს პასიური, დიდხანს შეუძლია გაატაროს მოვლენები ისე, თითქოს რეაქციას არ იძლევა. არჩევნების წინ, როდესაც პოლიტიკაში შემოსვლაზე განაცხადა, მერე გაჩერდა და მთელი საქართველო იძახდა, რატომაა გაჩერებულიო. გაჩერდა, დაუცადა, სანამ არ მომწიფდა ის წერტილი სივრცეში და ის სტრატეგია, რომლითაც პრაქტიკულად უშეცდომო ნაბიჯებს გადადგამდა საარჩევნო კამპანიაში. ის მომლოდინე პოლიტიკოსია - მტაცებლებმა რომ იციან ჩასაფრება და მომენტის დალოდება. მტაცებელიც, რა თქმა უნდა, არის - ის პოლიტიკურ ბრძოლაშია ჩაბმული”.

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის დირექტორის, ფსიქოლოგ მარინა ჩიტაშვილის სიტყვებით, პრეზიდენტი საკუთარ გამოსვლაში ცდილობს საზოგადოებას რეალობა მუქ ფერებში წარმოუჩინოს და საკუთარ მნიშვნელობას და როლს გაუსვას ხაზი:

”ერთადერთი კონდექტი არის ის, რომ მე, როგორც ერთი კონკრეტული ადამიანი, რომელიც განვასახიერებდი პროგრესს, მოდერნიზაციას და ა.შ., თუ მე არ ვიქნები ხელისუფლებაში, მაშინ ყველაფერი იქნება ცუდად. ამის პერიფრაზი სხვა სიტყვებით გახლავთ: მე თუ არ ვიქნები, წყალს და მეწყერს წაუღია ყველაფერი, ანუ პრეზიდენტი თამაშობს ამ სენტენციის გამოყენებით”.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG