Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვალეში ერთი კვირაა სასმელი წყლის მიწოდებას ითხოვენ


ქალაქ ვალეს მოსახლეობა ერთი კვირაა სასმელ წყალს მეზობელი სოფლებიდან ეზიდება. მოსახლეობას წყლის მიწოდება ახალ წლამდე ორი დღით ადრე შეუწყდა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ვალელების პრობლემის მოგვარება ერთკვირიანი ლოდინის შემდეგ წყლის დარიგებით გადაწყვიტა. ვიდრე პრობლემა მოგვარდება, მოსახლეობას სასმელი წყალი სპეციალური მანქანით დაურიგდება. შექმნილი პრობლემების მიუხედავად, მოსახლეობა სასმელი წყლის საფასურს სულადობის მიხედვით მაინც იხდის. ადგილობრივები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

გადმოწერა

ახალციხის გამგებლის წარმომადგენელი ვალეს ადმინისტრაციულ ერთეულში განმარტავს, რომ პრობლემა ძლიერი ყინვების გამო შეიქმნა. მდინარის წყალი სათავე ნაგებობიდან შემკრებ ჭამდე ვერ აღწევს, საიდანაც შემდეგ მოსახლეობას უნდა გაუნაწილდეს. ელიოზ ბარბლიშვილის აზრით, ზამთარ–ზაფხულ არსებული პრობლემიდან გამოსავალი ახალი სისტემის აშენებაა.

ვალეში სათავე ნაგებობაზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები 30 დეკემბრიდან მუშაობენ, თუმცა პრობლემის მოგვარება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ამ დროისათვის გაყინულია, დაახლოებით, ორკილომეტრ-ნახევარი ტერიტორია. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე-ჯავახეთის ფილიალის მენეჯერი გურამ შეშაბერიძე აცხადებს, რომ 5 იანვრიდან გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, მუნიციპალიტეტის ტექნიკის დახმარებით, მასშტაბური სამუშაოების დაწყებას აპირებს.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლების თქმით, 2017 წელს პროექტის განხორციელება იგეგმება, რომლის ფარგლებში ახალი სისტემა აშენდება. ვალეს მოსახლეობა მთის წყლით მომარაგდება. შედეგად, ქალაქი სასმელ წყალს 24 საათის განმავლობაში უწყვეტი რეჟიმით მიიღებს, თუმცა კონკრეტულად რა დროა საჭირო დღეისათვის ვალეში არსებული პრობლემის მოსაგვარებლად, კომპანიას ამაზე პასუხი არა აქვს. სათავე ნაგებობაზე ჩასატარებელი სამუშაოების პარალელურად, ვალეს მცხოვრებლებს ხვალიდან, დამატებით, კიდევ ორი მანქანა მოემსახურება. წყალმომარაგების კომპანიაში ირწმუნებიან, რომ ამგვარი მომსახურება იქამდე გაგრძელდება, სანამ მოსახლეობას წყლის მიწოდება არ აღუდგება.

XS
SM
MD
LG