Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ჯანმრთელობისთვის საშიში ნაგავსაყრელები


სამცხე-ჯავახეთში არსებული არაკონტროლირებადი ნაგავსაყრელები ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების ის ნაწილი საუბრობს, რომელიც გარემოსდაცვით საკითხებზე მუშაობს. ჯერ კიდევ 2015 წელს, მესამე სექტორის ინიციატივით, პროექტ ,,დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში, კვლევა ჩატარდა, რომლის შედეგებიც მხარის პირველ პირებს გააცნეს.

კვლევამ, რომელიც სამცხე-ჯავახეთში არსებულ არაკონტროლირებად ნაგავსაყრელებზე ჩატარდა, სავალალო შედეგი აჩვენა. გარემოსდაცვითი ორგანიზაციების კონსორციუმმა კვლევის შედეგები რეგიონის ხელისუფლებას გააცნო. კონსორციუმის წარმომადგენლებმა ახალციხის, ასპინძისა და ნინოწმინდის ტერიტორიებზე არსებული ნაგავსაყრელები ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშად დაასახელეს. ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი და "ორქისის“ ექსპერტი გარემოს დაცვის საკითხებში ნუგზარ ბუაჩიძე მედიასთან განმარტავს, რომ ტოქსიკურმა ნივთიერებებმა დაშვებულ ნორმას გადააჭარბა.

ანალიზების შედეგად გაირკვა, რომ ნიადაგი ქიმიური და ტოქსიკური ნივთიერებებითაა გაჯერებული. ერთ-ერთ სახიფათო ადგილად ახალციხის მახლობლად, მდინარე ფოცხოვის სანაპიროზე არსებული ნაგავსაყრელიც დასახელდა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ტერიტორიები არა მხოლოდ უნდა დასუფთავდეს, არამედ მუნიციპალიტეტების მიერ გაკონტროლდეს კიდეც. რადიო თავისუფლებამ რეგიონის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობა გამოკითხა. გზისპირა სოფლებში მცხოვრები ადგილობრივები დასუფთავების თაობაზე არ ჩივიან, მაღალმთიანი სოფლების წარმომადგენლები კი ერთ-ერთ ძირითად პრობლემად ურნების ნაკლებობასა და, ზოგ შემთხვევაში, მათ უქონლობას ასახელებენ.

კიდევ ერთი არაკონტროლირებადი ნაგავსაყრელი, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, ასპინძის ტერიტორიაზე მდებარეობს. კვლევის მიხედვით, სოფელ ძველი ჭობარეთის მონაკვეთში არსებული მყარი ნარჩენების დიდი ოდენობა უმართავია და ნიადაგი ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავს. ასპინძაში ნაგავსაყრელების კუთხით შექმნილ სავალალო მდგომარეობაზე ლაპარაკობს მუნიციპალიტეტის გამგებელი. ლევან ცაბაძის აზრით, პრობლემის მოგვარება ადგილობრივი თვითმმართველობის ძალებს აღემატება.

ექსპერტების თქმით, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს გამოყოფს სახლის პირობებში არსებული უსარგებლო ნარჩენებიც - საღებავის ძველი ყუთები, ვადაგასული კოსმეტიკა, შამპუნები, წამლები, მწყობრიდან გამოსული თერმომეტრი, ფარანი და სხვა. სახელმწიფო სტრატეგიის მიხედვით, 2019 წლამდე მუნიციპალიტეტებში ადგილობრივ დონეზე არსებული ნაგავსაყრელები უნდა დაიხუროს და მის მაგივრად ერთი ან რამდენიმე რეგიონალური ნაგავსაყრელი აშენდეს, სადაც თავს მოიყრის მყარი ნარჩენები სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან. ადგილობრივი ნაგავსაყრელი, რომელიც ბორჯომში 2014 წელს აშენდა, სამართავად მყარი ნარჩენების კომპანიას გადაეცა.

XS
SM
MD
LG