Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობო ორგანიზაციები: სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობაა


ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ პროტესტის ნიშნად ჩაშალეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია, რომელიც 30 მაისს უნდა გამართულიყო. მიზეზად დასახელდა სასამართლო სისტემაში არსებული სავალალო მდგომარეობა და რეფორმის უშედეგობა, რაც, არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, მმართველი პოლიტიკური გუნდის მიკერძოებული ჩარევის შედეგს წარმოადგენს. ჩაშლილი შეხვედრის ფარგლებში მწვავე განცხადებები გაკეთდა. არასამთავრობო ორგანიზაციები საგანგებო საპარლამენტო შეხვედრების ორგანიზებას ითხოვენ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის მეხუთე ანგარიშის პრეზენტაციის ჩაშლისთვის მოწვეულ სტუმრებს ბოდიში მოუხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა; აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემაში არსებული სავალალო სიტუაცია სხვა გზას, უბრალოდ, აღარ ტოვებს და საგანგაშო მაგალითებად დაასახელა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნისა და სტრასბურგის სასამართლოსთვის მოსამართლეთა კანდიდატურების შერჩევის პროცესები. მოწვეულმა სტუმრებმა პრეზენტაციის ჩაშლის შესახებ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც თავიანთი ადგილები დაიკავეს და ანგარიშის გასაცნობად მოემზადნენ:

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დღეს საბჭოს მონიტორინგის ანგარიშის წარმოდგენა და დავარცხნილად და მშვიდად საუბარი იმაზე, როგორ ინგრევა სისტემა, იქნება ძალიან არაადეკვატური და არასწორი ნაბიჯი. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ შევქმნათ სურათი, რომ თითქოს პროგრესი არის, მაგრამ გარკვეული ხარვეზები რჩება, რადგან ეს ასე არ არის... და არ ვაპირებთ, გავაგრძელოთ მოსმენა იმ მესიჯის, რომელსაც უკვე წლებია ვისმენთ ხელისუფლებისგან, რომ სასამართლო სისტემა ერთ ღამეში ვერ შეიცვლება, მაგრამ რეფორმა დგას სწორ გზაზე და ეს არის მთავარი“.

ანა ნაცვლიშვილი
ანა ნაცვლიშვილი

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, სასამართლო სისტემის რეფორმამ სწორი გზიდან აშკარად გადაუხვია, რეფორმის სამმა ტალღამ პრაქტიკულად ნულოვანი შედეგი მოიტანა და ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა მმართველმა გუნდმა და საქართველოს პარლამენტმა უნდა აიღონ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ საგანგებოდ აღნიშნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის, პერსონალური წვლილი სასამართლო სისტემის გაუმჯობესების მცდელობაში, თუმცა იქვე დააზუსტა, რომ ცალკეული პირების ძალისხმევა შედეგის მომტანი არ არის, რადგან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიკერძოებული მიდგომებია გაბატონებული.

ჩაშლილ პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს შორის თავად ნინო გვენეტაძეც იყო. მონიტორინგის პროცესისთვის მან არასამთავრობო ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა, თუმცა მათი პროტესტი არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ რეფორმა არ იძლევა მყისიერ შედეგს:

„თქვენი ფორმა გამოხატვისა და პრობლემებზე რეაგირებისა - ეს არის თქვენი გადაწყვეტილება. მე მიმაჩნია და მესმის ის, რომ პრობლემები ნამდვილად გაგვაჩნია, მაგრამ პრობლემების დაძლევას სჭირდება დრო, სჭირდება გარკვეული გონივრული მიდგომები და თანმიმდევრული სვლა“.

ნინო გვენეტაძისგან განსხვავებით, პრეზენტაციის ჩაშლის გამო სიბრაზე ვერ დამალა იუსტიციის საბჭოს წევრმა, ვახტანგ თორდიამ, და, მეტიც, მან არასამთავრობო ორგანიზაციები არაობიექტური ინტერესებით მოქმედებაშიც კი დაადანაშაულა:

„თქვენ გამოგყავთ იუსტიციის საბჭო გმირებით და ანტიგმირებით. ასე არ არის. იუსტიციის საბჭო არის მონოლითური, ღირსეული, პასუხისმგებლობის მქონე კოლექტივი, რომელიც ღებულობს გადაწყვეტილებებს, რომელიც ვიღაცას არ მოსწონს და ვიღაცას მოსწონს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის უკვე უვარგისია... ტენდენციურობა, არაობიექტურობა, რომელიც თქვენ გახასიათებთ, ამის დასტური იყო დღევანდელი თქვენი განცხადება... 9 წლის წინ თქვენ ასეთი აქტიურები იყავით?“

თქვენი ფორმა გამოხატვისა და პრობლემებზე რეაგირებისა - ეს არის თქვენი გადაწყვეტილება. მე მიმაჩნია და მესმის ის, რომ პრობლემები ნამდვილად გაგვაჩნია, მაგრამ პრობლემების დაძლევას სჭირდება დრო, სჭირდება გარკვეული გონივრული მიდგომები და თანმიმდევრული სვლა...
ნინო გვენეტაძე

ასეთ შეფასებას ღიმილით შეხვდნენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელები და მათ აზრი, ცხადია, არ შეუცვლიათ. მაგალითად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემაში გამეფებული კლანური მმართველობის გამო, სისტემის მიღმა რჩებიან ღირსეული მოსამართლეები, ხოლო მათ ადგილს იკავებენ ისინი, რომელთა გვარებიც უკვე წლებია უარყოფითი ნიშნით ხვდება არასამთავრობო სექტორის ანგარიშებში:

„ეს კლანები არის ხელშეწყობილი და გამაგრებული ზუსტად იმ მხარდაჭერით, რომელსაც ისინი იღებენ უკვე სასამართლოს გარედან. ამ შემთხვევაში აქ არის საუბარი მმართველ გუნდზე და ის პრობლემები, რომლებიც არის სასამართლოში, პირდაპირ მომდინარეობს ზუსტად მმართველი პარტიიდან და ამიტომ მმართველმა პარტიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, თუ რა ხდება დღეს სასამართლო სისტემაში. საუბარი იმაზე, რომ ისინი თურმე სასამართლო სისტემაში არ ერევიან, არის ტყუილი, იმიტომ რომ ისინი ერევიან მაშინ, როდესაც ეს მათ სჭირდებათ“.

30 მაისის პრეზენტაციის ჩაშლის მიუხედავად, საიასა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, კვლავაც გაგრძელდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგი და გაგრძელდება უფრო მკაცრადაც; თუმცა მანამდე ისინი გადაუდებელ ამოცანად თვლიან საგანგებო საკომიტეტო შეხვედრების ორგანიზებას პარლამენტში. როგორც ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მუშაობა „ძალიან სწრაფ და სრულყოფილ“ სასამართლო რეფორმაზე.

30 მაისს, საღამოს, გამოქვეყნდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის რიგით მეხუთე ანგარიში, რომელიც ჩაშლილ პრეზენტაციაზე უნდა განხილულიყო. მასში, მაგალითად, აღნიშნულია, რომ „მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსები ტოვებდა კონკურსის პროცესისადმი საბჭოს მხოლოდ ფორმალური მიდგომის შთაბეჭდილებას“ და „კვლავ დაბალია საბჭოს სხდომების გამჭვირვალობის ხარისხი“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG