Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერი თურქეთში - დაძაბულობის ნიშნების ფონზე


საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველ ოფიციალურ ვიზიტს თურქეთში წინ უსწრებდა არასასურველი სიგნალები ორი ქვეყნის ურთიერთობებში, რაც 16 ივლისის წარუმატებელ სამხედრო გადატრიალებას უკავშირდება. უფრო კონკრეტულად კი, თურქეთს არ მოსწონს, რომ საქართველოში მუშაობს სასწავლო დაწესებულებები, რომლებსაც ანკარის მიერ პუტჩის მთავარ ორგანიზატორად შერაცხილი და პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოანის უმთავრეს მტრად მიჩნეული ფეტულა გიულენი აფინანსებს. ანკარა მიიჩნევს, რომ გიულენის სკოლები და დაწესებულებები კარგ ნიადაგს წარმოადგენს ტერორიზმის ხელშეწყობისთვის. რამდენად შესაძლებელია, რომ ამ ფაქტორმა დაძაბოს ორი მეზობელი ქვეყნის – საქართველოსა და თურქეთის – კეთილმეზობლური ურთიერთობები?

გადმოწერა

საქართველოს სამთავრობო დელეგაციას, რომელსაც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს, 19 ივლისს ანკარის საერთაშორისო აეროპორტშითურქეთის ტრანსპორტის მინისტრი აჰმეთ არსლანი დახვდა. ოფიციალური წყაროს ცნობით, „თურქეთის ხელისუფლება უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს და მას რეგიონის სტაბილურობის კუთხით განიხილავს“. ვიდრე საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართებოდა და ხელი მოეწერებოდა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებს და, ასევე, ვიდრე გაიმართებოდა შეხვედრები ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმსა და პარლამენტის თავმჯდომარე ისმაილ ქაჰრამანთან, გიორგი კვირიკაშვილი ათათურქის მავზოლეუმს ეწვია და ხსოვნის წიგნში გაკეთებულ ჩანაწერში ათათურქს „მეოცე საუკუნის ერთ-ერთიუდიდესი მოღვაწე“ უწოდა, რომელმაც გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა კაცობრიობის ისტორიაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში მრავალგზის აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის თანამშრომლობა სულ უფრო ვითარდება პოლიტიკის, ვაჭრობის, ეკონომიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, თავდაცვის, უსაფრთხოების თუ კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროებში. თურქეთის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდამტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ხოლო გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს სახელით გამოხატა მწუხარება თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის დროს გარდაცვლილთა გამო. საქართველოს პრემიერმა თურქეთის სახელმწიფოსა და თურქ ხალხს მშვიდობა და სტაბილურობა უსურვა.

არც ის (გენერალური კონსული) და არც ჩვენ ვამბობთ, რომ კონკრეტული სკოლების მოსწავლეები ანდა ამ სკოლების კურსდამთავრებულები საქართველოში ტერორისტები არიან. ეს სრული გაუგებრობაა...
ზექი ლევენთ გუმრუქჩუ

ყველაფერი, რაც 19 ივლისს, პუტჩის მცდელობამდე კარგა ხნით ადრე დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში, მოხდა, სავსებით შეეფერებოდა ორი ქვეყნის მეგობრობას, პარტნიორობასა და კეთილმეზობლობას. ოფიციალურად არ თქმულა, რომ საუბარი შეეხო ანკარისთვის პრობლემურ თემას, რაც თურქი სასულიერო პირის, ამჟამად აშშ–ში მცხოვრები გავლენიანი ფეტულა გიულენის მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს უკავშირდება. კერძოდ, ორიოდე დღის წინ აჭარის ტელევიზიის ეთერში თურქეთის გენერალურმა კონსულმა იასინ თემიზქანმა გააკეთა განცხადება, რომ ბათუმში მოქმედი შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმი, რომელსაც გიულენი აფინანსებს, ტერორიზმს უწყობს ხელს. მას შემდეგ, რაც ამ ბრალდებას პროტესტი მოჰყვა საქართველოში, გენერალური კონსულის განცხადებას არასწორად ინტერპრეტირებული გაუგებრობა უწოდა თურქეთის ელჩმა საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ, თუმცა მისი განმარტების შინაარსიც ტერორიზმის თემას უკავშირდება:

„არც ის (გენერალური კონსული) და არც ჩვენ ვამბობთ, რომ კონკრეტული სკოლების მოსწავლეები ანდა ამ სკოლების კურსდამთავრებულები საქართველოში ტერორისტები არიან. ეს სრული გაუგებრობაა. თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ ვუზიარებთ ქართველ პარტნიორებს შეშფოთებას, რომ ფეტულას ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობა მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის დაკავშირებულია გარკვეული სასწავლო დაწესებულებების მართვასთან. სხვა მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების მსგავსად, ჩვენ განვაგრძობთ საკითხის განხილვას საქართველოს ხელისუფლებასთან, ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების სფეროში არსებული შესანიშნავი ურთიერთობის ფარგლებში“.

ჩვენთან მოქმედი სასწავლებლების თემა უფრო ლოკალური ხასიათისაა და იმდენად აქტუალური არ არის თურქეთის საზოგადოებაში, როგორც აშშ-ის მიერ ფეტულა გიულენის თურქეთისთვის გადაცემის საკითხი... კავკასიის რეგიონში თურქეთის ყველაზე მთავარ მოკავშირე ქვეყანაში – აზერბაიჯანშიც – არ არის დახურული გიულენის სახელთან დაკავშირებული ყველა სკოლა...
ალეკო კვახაძე

ფეტულა გიულენის სახელი საქართველოში არაერთ საგანმანათლებლო დაწესებულებას უკავშირდება და მათ შორის არის, მაგალითად, შავი ზღვის უნივერსიტეტი თბილისში, დემირელის სახელობის სკოლა თბილისში, შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმი ბათუმში თუ დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა ქუთაისში. ამ დაწესებულებების მესვეურები კატეგორიულად არ იზიარებენ ანკარის მიერ წამოყენებულ ბრალდებებს ტერორიზმთან დაკავშირებით და მათ შორის არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძეც. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, არაფერი მეტყველებს გიულენის კავშირზე ტერორისტულ იდეებთან:

„თუ ის ტერორისტია, მაშინ როგორ ცხოვრობს ის 1999 წლიდან შშ–ში და ამ დემოკრატიულ ქვეყანაში როგორ მისცეს მას თავშესაფარი? ფეტულა გიულენი სასარგებლო საქმიანობას ახორციელებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის საქართველოშიც ფუნქციონირებს მისი მხარდაჭერით რამდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულება და მისი მოძრაობა ქადაგებს ცივილიზაციებს შორის დიალოგს, მშვიდობასა და რელიგიურ შემწყნარებლობას“.

ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, ანალიტიკოსებს ეჭვიც არ შეჰპარვიათ, რომ ამ საკითხზე საუბარი აუცილებლად მოუწევდა პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, ანკარაში მისი ვიზიტის ფარგლებში. თუმცა ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ალეკო კვახაძე თითქმის დარწმუნებულია, რომ ანკარა პირდაპირ ვერ მოსთხოვს თბილისს ფეტულა გიულენის სახელთან დაკავშირებული საგანმანათლებლო დაწესებულებების დახურვას და პრობლემა ბზარს ვერ გააჩენს ორი ქვეყნის ურთიერთობებში:

„ჩვენთან მოქმედი სასწავლებლების თემა უფრო ლოკალური ხასიათისაა და იმდენად აქტუალური არ არის თურქეთის საზოგადოებაში, როგორც აშშ-ის მიერ ფეტულა გიულენის თურქეთისთვის გადაცემის საკითხი... კავკასიის რეგიონში თურქეთის ყველაზე მთავარ მოკავშირე ქვეყანაში – აზერბაიჯანშიც – არ არის დახურული გიულენის სახელთან დაკავშირებული ყველა სკოლა, თუმცა ალიევის ხელისუფლებამ დახურა რამდენიმე სკოლა. ანუ არ არის ასე ცალსახად, რომ ერთი ხელის მოსმით მოითხოვონ ყველა სკოლის დახურვა და ყველა სკოლა დაიხუროს“.

თუმცა ანალიტიკოსთა რიგებში ერთი ნაწილი მაინც არ მოელის ასეთ იოლ გამოსავალს - საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობების მიუხედავად, ფაქტია, რომ 16 ივლისის წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების შემდეგ, ანკარა არ აპირებს ყურადღების მოდუნებას ფეტულა გიულენისა და მისი საქმიანობის მისამართით. იმის გამო, რომ პუტჩის ორგანიზებაში დადანაშაულებული პირის მყისიერი ექსტრადირება არ მოახდინა, ანკარა ვაშინგტონსაც გაუნაწყენდა და თურქეთის პრემიერმა აშშ-ს ტერორიზმთან ბრძოლის ორმაგ სტანდარტებში დასდო ბრალი. სამშაბათს პრემიერმა ილდირიმმა თურქეთის პარლამენტს განუცხადა, რომ ანკარამ აშშ-ში ოთხი დოსიე გაგზავნა გიულენის ექსტრადიციის მოთხოვნით. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ მანამდე განაცხადა, რომ აშშ უარს არ ამბობს ექსტრადიციაზე, თუმცა მას შესაბამისი მტკიცებულებები ესაჭიროება და არ არის საკმარისი მხოლოდ ბრალდებების არსებობა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG