კანონპროექტში, რომელსაც სამშაბათს უყრიან კენჭს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში, საქართველოს შემთხვევაში რუსეთი ოკუპანტი ქვეყნის სტატუსით არის მოხსენიებული და მის წინააღმდეგ უკვე არსებული სანქციების გამკაცრება იგეგმება. საუბარია ძირითადად ეკონომიკური ხასიათის სანქციებზე, რომელთა დაწესებაც საკმაოდ უსიამოვნო იქნება რუსეთისთვის. საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის მისამართით რუსეთის მხრიდან გამოვლენილი აგრესიული და დესტრუქციული ქმედებები სერიოზულ საფრთხედ არის შეფასებული და დოკუმენტის ტექსტი მოუწოდებს შეერთებული შტატების პრეზიდენტს კონკრეტული ნაბიჯები გადადგას ამ დესტრუქციული ძალების წინააღმდეგ. გლობალური მშვიდობის ხელყოფისთვის, ახალი დოკუმენტის თანახმად, სანქციების დაწესება ჩრდილოეთ კორეისა და ირანის წინააღმდეგაც არის განზრახული. როგორია მოლოდინი - მოაწერს თუ არა ხელს ამ მკაცრ დოკუმენტს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი?
ამერიკელი კანონმდებლების მხარდაჭერის მომლოდინე ახალი დოკუმენტის თანახმად, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ძირგამომთხრელი პოლიტიკა, უნდა დაუბრუნოს თავიანთ სახელმწიფოთა საზღვრების კონტროლის უფლება საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის მთავრობებს და შეწყვიტოს თავისი უკანონო სამხედრო ყოფნა ამ დამოუკიდებელი ქვეყნების ტერიტორიებზე. რუსეთს დამოუკიდებელი ქვეყნების ანექსიასა და ოკუპაციაში ედება ბრალი და საქართველოს შემთხვევაში საგანგებოდ ესმება ხაზი რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ გაფორმებული შეთანხმების დარღვევას:
„რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება განაგრძობს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მოთხოვნათა იგნორირებას საქართველოსთან მიმართებით. ამ მოთხოვნათა თანახმად, რუსეთის ფედერაციამ უკან უნდა გაიყვანოს თავისი არმია, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში თავისუფალი შესვლის უფლება უნდა ჰქონდეთ ჰუმანიტარულ ჯგუფებს და კონფლიქტის ზონების მონიტორინგის საშუალება უნდა მიეცეს ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიას“.
კანონპროექტში აღნიშნულია ასევე, რომ 2018-2019 ფინანსური წლების განმავლობაში რუსეთის ზეგავლენის საწინააღმდეგო ფონდში გამოყოფილი იქნება 250 მილიონი დოლარი, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას გაუწევს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ ქვეყნებს და ასევე ქვეყნებს, რომლებიც ჩართული არიან ევროკავშირისა და ნატოს გაფართოების პროცესში, მათ შორის: ალბანეთს, ბოსნიას, საქართველოს, მაკედონიას, მოლდავეთს, კოსოვოს, სერბიასა და უკრაინას.
კანონპროექტმა, რომელსაც წარმომადგენელთა პალატას დასამტკიცებლად სამშაბათს დემოკრატი კონგრესმენი ელიოტ ენჯელი წარუდგენს, ივნისში სენატის ორპარტიული მხარდაჭერა მოიპოვა და მას შემდეგ ტექსტს მხოლოდ ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული თემა შეემატა. კონგრესმენ ენჯელსაც იმედი აქვს, რომ დოკუმენტს, ასევე ორპარტიული შეთანხმების საფუძველზე, უპრობლემოდ დაამტკიცებს წარმომადგენელთა პალატის შემადგენლობა და რომ რუსეთს აუცილებლად უნდა დაუწესდეს გამკაცრებული სანქციები. მართალია, 22 ივლისის განცხადებაში ელიოტ ენჯელი საქართველოს არ მოიხსენიებს, მაგრამ იდეა, შემართება და ტონი უცვლელია:
„სასიხარულოა, რომ ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა და სენატი შეთანხმდნენ იმ ორპარტიული კანონპროექტის გარშემო, რომელიც მკაცრ სანქციებს უწესებს რუსეთს, ირანსა და ჩრდილოეთ კორეას. კრემლი ჩაერია ჩვენს არჩევნებში 2016 წელს, რუსეთის არმია განაგრძობს ყირიმის უკანონო ოკუპაციასა და აგრესიას აღმოსავლეთ უკრაინაში და რუსეთი ასრულებს სამაშველო რგოლის როლს ასადის მკვლელი რეჟიმისთვის სირიაში. პრეზიდენტმა ტრამპმა ამ დრომდე არ ისურვა სერიოზულად გამოხმაურებოდა საკითხს და, ამრიგად, კონგრესს დააკისრა მყისიერი პასუხისმგებლობა, პასუხი აგებინოს ვლადიმირ პუტინს. ამავე დროს, ჩრდილოეთ კორეასა და ირანის ბალისტიკური სარაკეტო პროგრამები გლობალურ საფრთხეს ქმნის. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გაგზავნოს მკაცრი სიგნალი, რომ ამგვარი ქმედებები დასრულდეს“.
თუკი წარმომადგენელთა პალატის მხარდაჭერასაც მოიპოვებს, მათ შორის რუსეთის სანქციებთან დაკავშირებით, საბოლო გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნდა მიიღოს. ის ან ხელს მოაწერს ახალ დოკუმენტს, ანდა, შესაძლოა, ვეტოც დაადოს. შეკითხვა - მოაწერს თუ არა ხელს პრეზიდენტი ტრამპი ახალ დოკუმენტს - განსაკუთრებით იკვეთება იმ ფონზე, როდესაც ახალი კანონპროექტი ზღუდავს აშშ-ის პრეზიდენტის უფლებამოსილებასაც და, კერძოდ, მას აღარ ექნება სანქციების ცალმხრივად გაუქმების ბერკეტები.
საქართველოს ხელისუფლებას ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ანალიტიკოსები იმედოვნებენ, რომ დონალდ ტრამპი მხარს დაუჭერს ამ დოკუმენტს და, როგორც, მაგალითად, პოლიტოლოგმა გიორგი გობრონიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, აშშ-ის პრეზიდენტი გამოიყენებს შანსს, რომ ის რუსეთის ინტერესების გამტარებლის როლში არ აღმოჩნდეს:
„ჯერჯერობით ჩვენ არ გვახსოვს შემთხვევა, რომ პრეზიდენტ ტრამპს უარი ეთქვა ან არ შეერთებოდა მსგავს დოკუმენტებს... საერთოდ, მრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტი ტრამპი, თავის უსაფრთხოების გუნდსა და კონგრესთან ერთად, იმავე რუსეთთან მიმართებით თამაშობს კარგი და ცუდი პოლიციელის როლს, რომ თითქოს, აი, ტრამპს უნდა ურთიერთობების დალაგება რუსეთთან, მაგრამ როგორ გამოვა ეს ყველაფერი, დამოკიდებულია ისევ და ისევ რუსეთის ფედერაციაზე... მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ამდენი სკანდალი იყო და ამდენი რამ მოხდა ტრამპსა და რუსეთთან დაკავშირებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არაფერში აწყობს, რომ წავიდეს ამ ყველაფრის წინააღმდეგ“.
დოკუმენტს, რომელსაც წარმომადგენელთა პალატამ სამშაბათს უნდა უყაროს კენჭი, გიორგი გობრონიძის მსგავსად, საქართველოს ინტერესების ამსახველ „ძალიან კარგ და მკაცრ დოკუმენტად“ მოიხსენიებს ჩვენთან საუბრისას პოლიტოლოგი შორენა ლორთქიფანიძეც. თითქოს ახალი არაფერი თქმულა, მაგრამ მიდგომა მაინც გამკაცრებულია:
„ასეთი ტიპის (დოკუმენტი) პირველია, პრინციპში, სადაც ასე სისტემურად არის წარმოდგენილი პრობლემა რუსეთთან მიმართებით, ამ პრობლემის ყველა განზომილებით: ოკუპაცია, ანექსია, საინფორმაციო პოლიტიკა და ასე შემდეგ... პრინციპში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალ ფაზაში შედის საერთაშორისო ურთიერთობები ასეთი ტიპის პრობლემების წამოწევითა და აქტუალიზებით“.
სხვა ანალიტიკოსების მსგავსად, შორენა ლორთქიფანიძესაც იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი ტრამპი მხარს დაუჭერს ამ ახალ დოკუმენტს, თუმცა პოლიტოლოგი არ გამორიცხავს, საბოლოო ვარიანტის ტონი ოდნავ შერბილდეს კიდეც, მაგალითად, ირანთან მიმართებით, რომელმაც ბოლო პერიოდში კვლავ გამოავლინა ნება გაითვალისწინოს დასავლეთის მითითებები.
რაც შეეხება რუსეთს, მართალია, რუსეთის ფედერაცია დასავლეთის სანქციების შიშს ადეკვატურად არასოდეს იმჩნევს და პრეზიდენტი პუტინი ხშირად ამ საკითხზე ნიშნის მოგებითაც ლაპარაკობს, მაგრამ ექსპერტების დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ეს მხოლოდ საკითხის გარეგნული მხარეა, სინამდვილეში კი რუსეთის ეკონომიკა ამ ყველაფერზე ძალიან ცუდად რეაგირებს.