4 ივლისს აშშ დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს და ამერიკელ ხალხს ამ დღეს გულითადად ულოცავენ მთელი მსოფლიოდან და, მათ შორის, მადლიერების გრძნობით ულოცავენ საქართველოდანაც. მადლიერების გრძნობა ძირითადად უკავშირდება ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშეწყობას, თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა თუ უწყვეტ დახმარებას ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში. ქართული მხარე იმედოვნებს, რომ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებშიც.
„საქართველოსათვის ამერიკის შეერთებული შტატები უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია და მასთან ჩვენ საერთო ღირებულებები და ინტერესები გვაკავშირებს. ჩვენ ვაფასებთ აშშ-ის ურყევ მხარდაჭერასა და უმნიშვნელოვანეს წვლილს, რომელიც მას მიუძღვის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში“, - ვკითხულობთ აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკაშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ვაშინგტონისთვის გაგზავნილ მისალოც წერილში. გიორგი კვირიკაშვილი აღნიშნავს, რომ „დამოუკიდებლობის დეკლარაციაში ასახული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ღირებულებები სრულიად უნივერსალურია თავისუფლების მოყვარული ერებისათვის და მისაბაძია მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის, საქართველოსთვისაც“.
ამერიკის შეერთებულ შტატებისადმი მადლიერებაა გამოხატული ასევე საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის მისალოც წერილებში. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება გამოხატავს იმედს, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა, რაც ხელს შეუწყობს მშვიდობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას როგორც რეგიონში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.
„თუკი საქართველო დემოკრატიული განვითარების გზიდან არ გადაუხვევს და მტკიცე დემოკრატიული ღირებულებების ერთგული დარჩება, არაფერი დაემუქრება საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი.
„სრულიად ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ შიდა პოლიტიკური ძალების ცვლილებას აშშ-ში არავითარი გავლენა არ მოუხდენია და არც შეიძლება მოახდინოს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე. ამერიკის შეერთებული შტატები იმგვარი პარტნიორია საქართველოსთვის, რომ ჩვენთვის ეს ურთიერთობა ყველაფერზე მაღლა დგას. საქართველოს სტრატეგიული არჩევანის რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ ამგვარი პარტნიორობის პირობებში. შესაბამისად, ეს ურთიერთობა უნდა იყოს - და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის - ისეთივე ეფექტური, როგორიც იყო ყველა წინა ადმინისტრაციის პირობებში“.
ირაკლი მენაღარიშვილი დარწმუნებულია, რომ მსოფლიოს სუპერსახელმწიფო, აშშ, ვერასოდეს შეეგუება რუსეთის აგრესიულ და დესტრუქციულ პოლიტიკას და, შესაბამისად, ეს ფაქტორი ზეგავლენას ვერ მოახდენს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობაზე, რომელიც 2009 წელს ხელმოწერილი ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პრინციპებს ეფუძნება.
იმ ვარაუდების საპირწონედ, რომ ვაშინგტონმა, შესაძლოა, რუსეთთან ურთიერთობები საქართველოს ინტერესების ხარჯზე დაალაგოს, ექსპერტები იხსენებენ, მათი თქმით, უაღრესად მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2017 წლის მაისში მოაწერა ხელი. ლაპარაკია ბიუჯეტის კანონზე, რომელშიც გაკეთდა ჩანაწერი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების შესახებაც. პრეზიდენტმა ტრამპმა ხელმოწერით დაადასტურა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საბიუჯეტო დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყნის მთავრობა, რომელმაც დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი და მათთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა. ასეთ ჩანაწერს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვან ბერკეტად განიხილავს საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე:
„ამერიკის შეერთებული შტატები ამ აქტით ძალიან მკაფიო მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა, ახდენს იმ შესაძლო განვითარების პრევენციას, რომელიც უკავშირდება სხვა სახელმწიფოების მიერ ოკუპაციის მხარდაჭერას და ამ თვალსაზრისით კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მკაფიო მხარდაჭერას“.
აშშ-ის ძალიან მასშტაბურ მრავალმხრივ დახმარებათა ჩამონათვალში საგანგებო ადგილს იკავებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფერო, რომელსაც სამომავლო იმედებიც უკავშირდება. იმის გარდა, რომ ვაშინგტონი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ჭრილში განიხილავს ვაზიანში ამერიკა-საქართველოს საბრძოლო მზადყოფნის ცენტრის გახსნის გეგმას, რომელზეც აქტიურად მუშაობს ორივე ქვეყანა:
„აქამდე სამხედრო მომზადება და ჩვენი თანამშრომლობა ძირითადად ეხებოდა ჯერ ერაყში, შემდეგ ავღანეთში გაგზავნას, სადაც მიმდინარეობს ანტიპარტიზანული მოქმედება და იქ აბსოლუტურად სულ სხვა მიმართულებით მზადდებოდა ქართული კონტინგენტი. მე ადრეც მითქვამს და სხვებსაც უთქვამთ, რომ ქართულ არმიას სჭირდება მომზადება სწორედ მოწინააღმდეგის მოგერიების თუ არა, გარკვეულ პერიოდში შეჩერების მიზნით, დაახლოებით ისეთივე ბრძოლებისთვის, რაც ჩვენ 2008 წლის აგვისტოს ომში გამოვიარეთ... როგორც ჩანს, ამერიკა-საქართველოს ერთობლივი ცენტრი ვაზიანში და ასევე კრწანისში მოქმედი ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრი ერთიანი ძალებით შეძლებენ, რომ ქართულმა ქვეითმა ბატალიონებმა თავიანთი საბრძოლო მზადყოფნა აიმაღლონ“.
აშშ განაგრძობს დახმარებას საქართველოს შეიარაღებული ძალების აღჭურვის მიმართულებითაც. მაისში ცნობილი გახდა, რომ 2017 წლის ბოლოსთვის საბჭოთა წარმოების ტყვიამფრქვევები (PKM) სრულად ჩანაცვლდება ნატოს სტანდარტების შესაბამისი ამერიკული წარმოების ტყვიამფრქვევებით (M-240). თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს არის იმ დახმარების მხოლოდ მცირე ნაწილი, რომელსაც საქართველო მოელის ამერიკისგან „საქართველოს თავდაცვისათვის მზადყოფნის პროგრამის“ ფარგლებში.