Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკა-საქართველო: ახალი ნაბიჯი უსაფრთხოების სფეროში


რექს ტილერსონი და გიორგი კვირიკაშვილი
რექს ტილერსონი და გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის აშშ-ში სამდღიანი (8-10 მაისი) ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა შეთანხმება აშშ-სა და საქართველოს შორის „ინფორმაციის ძირითადი უსაფრთხოების შესახებ“ (GSOIA), რომელსაც საგანგებო ყურადღება ეთმობა თეთრი სახლისა და სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებსაიტებზე გამოქვეყნებულ ცნობებში. აშშ-ის მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა, ხოლო საქართველოს მხრიდან პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. დოკუმენტს მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს ხელისუფლება. შეთანხმება შეეხება ორი ქვეყნის თანამშომლობას ტერორიზმთან ბრძოლისა და სამხედრო სფეროს განვითარების მიმართულებებით. რის შესაძლებლობებს აძლევს ახალი შეთანხმება საქართველოს?

გადმოწერა

რექს ტილერსონისა და გიორგი კვირიკაშვილის მიერ 9 მაისს ხელმოწერილ შეთანხმებას ამერიკა-საქართველოს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის „მთავარი ქვაკუთხედი“ უწოდა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა შონ სპაისერმა სამშაბათს პრესასთან შეხვედრის დროს, ყოველდღიური ბრიფინგების ფორმატში. პარალელურად, ამავე სიტყვათა შეთანხმებას ვხვდებით სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში, რომელიც, ამავე დროს, გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის შეთანხმების მიზნებსა და შესაძლებლობებზე:

„შეთანხმება (GSOIA) წარმოადგენს ძირითად ქვაკუთხედს აშშ-სა და საქართველოს შორის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ თანამშრომლობაში. ეს შეთანხმება (GSOIA) ქმნის კანონიერ საფუძველს სადაზვერვო ინფორმაციის ორმხრივი გაცვლისთვის და გააძლიერებს თანამშრომლობას ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. შეთანხმება ასევე გაზრდის საქართველოს სამხედრო თავსებადობას ნატოს წევრი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან. ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოს მცდელობას შეიარაღებული ძალების გარდაქმნის კუთხით და სამომავლოდ გზას გაუკვალავს უსაფრთხოების სფეროს სხვა შეთანხმებების გაფორმებას შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის“.

სახელმწიფო დეპარტამენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებული იმავე ინფორმაციის თანახმად, შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს წვლილისთვის გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში და მაღალი შეფასება მისცა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ რეფორმირების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. აქვე კიდევ ერთხელ დადასტურდა შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს განგრძობად წინსვლაში ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა ასევე ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების მტკიცე და უცვლელ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. „ლიდერები შეთანხმდნენ კვლავაც მიმართონ ძალისხმევა საქართველოს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისკენ“ - ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„შეხვედრა იყო ძალიან დეტალური, სადაც განვიხილეთ ძალიან საინტერესო პერსპექტივები ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე აშშ-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის შესახებ“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ. გიორგი კვირიკაშვილმა ილაპარაკა ასევე ორ ქვეყანას შორის ხელმოწერილ შეთანხმებაზე:

„ეს ითვალისწინებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონტექსტში ინფორმაციის უსაფრთხო გაცვლას, რაც ნიშნავს იმას, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ ვთანხმდებით, რომ ამ სახის ინფორმაციის უსაფრთხო გაცვლა მოხდება. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო გახლავთ აშშ-ის სანდო პარტნიორი, ჩვენ გვაქვს ზურგს უკან ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობის 25 წელი... ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა სახელმწიფო მდივანთან, სადაც ჩვენი ურთიერთობების ყველა მიმართულებაზე ვისაუბრეთ და ვისაუბრეთ ამ მიმართულებების გაღრმავების ძალიან საინტერესო პერსპექტივაზე“.

9 მაისს ხელმოწერილ შეთანხმებას შეერთებული შტატების ოფიციალური წყაროები მოიხსენიებენ შეთანხმებად „ინფორმაციის ძირითადი უსაფრთხოების შესახებ“, ხოლო საქართველოს ოფიციალურ წყაროებში ის მოხსენიებულია შეთანხმებად ,, საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოების ზომების შესახებ”.

სახელწოდებას რომ თავი დავანებოთ, ამ ეტაპისთვის გავრცელებული ინფორმაცია სრული სურათის შესაქმნელად არასაკმარისია უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის, ბესო ალადაშვილისთვის. თუმცა ექსპერტი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას არც იმას გამორიცხავს, რომ შესაძლოა ხსენებული შეთანხმების დეტალები გასაიდუმლოებული იყოს და საჯარო განხილვებს არც სამომავლოდ დაექვემდებაროს. ამ ეტაპზე ბესო ალადაშვილი, არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მხოლოდ ვარაუდების დონეზე ლაპარაკობს:

„ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს შეეხება ან უკვე არსებული ხელშეკრულების გაფართოებას და სფეროების გაფართოებას, ანდა სულ ახალი ასპექტების შემოტანას ახალი ადმინისტრაციის მიერ... ჩანს, რომ ეს მოიცავს ყველა სფეროს, რაც უსაფრთხოების სექტორში შედის. აქ ყველა იმ სახის ინფორმაციაზეა ლაპარაკი, რომელიც აქტუალურია - სამხედრო სახის ინფორმაციაზე, ნატოსთან ურთიერთიერთობა იქნება ეს, მრავალმხრივი ურეთიერთობა თუ იქნება ეს ორმხრივი ურთიერთობა ჩვენსა და შეერთებულ შტატებს შორის“.

ბესო ალადაშვილის თქმით, უსაფრთხოების სფეროში ტერორიზმთან ბრძოლისა თუ სამხედრო თანამშრომლობის მიმართულებებით საქართველოს არაერთი შეთანხმება აქვს გაფორმებული როგორც შეერთებულ შტატებთან, ასევე ნატოს წევრ სხვა სახელმწიფოებთან, თუმცა ფაქტია, რომ საქმე გვაქვს გარკვეული სახის სიახლესთან და, ექსპერტის აზრით, რადგანაც შეთანხმების ხელმოწერას შეერთებული შტატების ოფიციალურმა წყაროებმა საჯარო სივრცეში ასეთი ყურადღება დაუთმეს, ჩანს, რომ დოკუმენტი უმნიშვნელო არ არის ვაშინგტონისთვის.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG