Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრთხეები 8 ოქტომბრის არჩევნების წინ


ანაკლიის საარჩევნო უბანი. 2014 წელი
ანაკლიის საარჩევნო უბანი. 2014 წელი

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ უსაფრთხოების გამოწვევებზე თუ მშვიდობიანი გარემოს უზრუნველყოფის აუცილებლობაზე, თუმცა პროვოკაციების მომწყობებსა თუ არეულობის მსურველებს მხარეები მხოლოდ ერთმანეთის რიგებში ხედავენ. ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ეწევა პრემიერ-მინისტრის ინიციატივას პარტიებს შორის ე.წ. სამშვიდობო მემორანდუმის გაფორმების თაობაზე, თუმცა მემორანდუმს ხელი უკვე მოაწერეს შს სამინისტრომ და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. მთავარ მიზნად “საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უსაფრთხო საარჩევნო გარემოს” უზრუნველყოფა სახელდება. არასამთავრობო სექტორში ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობენ და ასევე თვლიან, რომ ვითარებას დიდწილად ამწვავებენ პოლიტიკური სუბიექტები თავიანთი დაუსაბუთებელი განცხადებებითა და ბრალდებებით.

საფრთხეები 8 ოქტომბრის არჩევნების წინ
please wait

No media source currently available

0:00 0:05:57 0:00
გადმოწერა

„დღეს ჩვენ თანამშრომლობის ახალ საფეხურზე გადავედით, ვინაიდან მიზნად ვისახავთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უსაფრთხო საარჩევნო გარემო უზრუნველვყოთ ყველასათვის“, – განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ 19 სექტემბერს მას შემდეგ, რაც შს მინისტრთან ერთად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი:

„ჩვენი მიზანია 8 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნებზე მისულ ამომრჩეველს დახვდეს პროფესიულ დონეზე ორგანიზებული არჩევნები, სადაც მათ სრულიად თავისუფალ გარემოში შეეძლებათ საკუთარი მოქალაქეობრივი ვალის შესრულება. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის განუხრელი დაცვის აუცილებლობას და დღევანდელი შეთანხმებით ვზრუნავთ კიდეც აღნიშნულის უზრუნველყოფაზე“.

რეგიონებში საპოლიციო დანაყოფების ხელმძღვანელების მიერ შეიქმნება საპასუხისმგებლო ჯგუფები, რომლებიც თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყოფენ მოსალოდნელი საფრთხეების, მათი გამომწვევი მიზეზებისა და რისკების მუდმივ შეფასებას და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას...
გიორგი მღებრიშვილი

ცესკოსთან გაფორმებულ მემორანდუმს მაღალ შეფასებას აძლევს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილიც. „ამ მემორანდუმზე ხელმოწერით, ჩვენ კიდევ ერთხელ ვთანხმდებით, რომ აქტიურად ვითანამშრომლებთ ჩვენი საერთო მიზნისთვის - ხმის მიცემის პროცესის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფისათვის. ვფიქრობ, კანონმდებლობის განუხრელი დაცვით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შორის თანამშრომლობის სწორად წარმართვა იქნება არსებითი საფუძველი მშვიდობიანი, გამჭვირვალე და სანდო საარჩევნო გარემოს შექმნისათვის“, - განაცხადა მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა, პოლიციის აპოლიტიკურ როლს გაუსვა ხაზი და შესაძლო დარღვევების სწრაფად აღმოფხვრის პირობა დადო. გიორგი მღებრიშვილი ამბობს, რომ პოლიცია მზად არის არჩევნებზე უსაფრთხოების დაცვისთვის:

„მე გამოვეცი სპეციალური ბრძანება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის, რომლის მიხედვითაც, რეგიონებში საპოლიციო დანაყოფების ხელმძღვანელების მიერ შეიქმნება საპასუხისმგებლო ჯგუფები, რომლებიც თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყოფენ მოსალოდნელი საფრთხეების, მათი გამომწვევი მიზეზებისა და რისკების მუდმივ შეფასებას და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას“.

სამართალდამცველების მხრიდან მზადყოფნის დეკლარირების მიუხედავად, გასულ კვირაში პრემიერ-მინისტრმა მაინც საჭიროდ ჩათვალა ე.წ. სამშვიდობო მემორანდუმის გაფორმება პარტიებს შორის იმისათვის, რომ თითოეულმა მათგანმა იზრუნოს უსაფრთხოებაზე და ხელი არ შეუწყოს პროვოკაციების გამწვავებას. ჯერჯერობით უცნობია ამ მემორანდუმის ბედი, რადგანაც მის მიმართ პარტიებს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ და თუკი, მაგალითად, რესპუბლიკური პარტია და „თავისუფალი დემოკრატები“ არსებითად მზად არიან ხელმოსაწერად, ხელმოწერაზე სასტიკ უარს ამბობენ, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობა“ და ლეიბორისტული პარტია.

ფაქტია, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” ვერ ცვლის თავისი მოქმედების სტილს – ისინი ძლიერები არიან ბინძური პროვოკაციების მოფიქრებაში, თუმცა აშკარაა, რომ მათ ამ პროვოკაციების აღსრულების რესურსი რეალურად აღარ აქვთ...
ირაკლი კობახიძე

პარალელურად, ხელისუფლება და ოპოზიცია არცთუ იშვიათად ადანაშაულებენ ერთმანეთს პროვოკაციების მოწყობასა თუ ხელშეწყობაში. ასე იყო 19 სექტემბერსაც, როდესაც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ, ოპონენტებს პროვოკაციის მოწყობაში დასდო ბრალი. საგანგებო ბრიფინგზე მან თქვა, რომ გამთენიისას მაჟორიტარობის კანდიდატ ლევან გოგიჩაიშვილის შტაბში „ნაციონალური მოძრაობის“ მიგზავნილი აქტივისტები შევიდნენ. მათ „ქართული ოცნების“ მაისურები ეცვათ და შეიარაღებული იყვნენ პისტოლეტებით:

„ისინი შევიდნენ ოფისში, დაიწყეს საუბარი ჩვენს აქტივისტებთან. როგორც მოგვიანებით გაირკვა, აღნიშნული პროვოკაციის მიზანი იყო ამ ფაქტის გარედან გადაღება და შემდეგ ტელევიზიის საშუალებით იმის ჩვენება, რომ თითქოს ”ქართული ოცნების” შტაბებში იკრიბებიან შეიარაღებული ადამიანები და კრიმინალური მიდრეკილების მქონე ადამიანები... ფაქტია, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” ვერ ცვლის თავისი მოქმედების სტილს – ისინი ძლიერები არიან ბინძური პროვოკაციების მოფიქრებაში, თუმცა აშკარაა, რომ მათ ამ პროვოკაციების აღსრულების რესურსი რეალურად აღარ აქვთ“.

ირაკლი კობახიძის თქმით, პროვოკატორები „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ სევდია უგრეხელიძის შტაბის წარმომადგენლები იყვნენ. ოდნავ მოგვიანებით განმარტება გააკეთა თავად სევდია უგრეხელიძემაც, ფაქტი სხვაგვარად შეაფასა და თითი „ქართული ოცნებისკენ“ გაიშვირა:

”ეს არის კარგად დაგეგმილი პროვოკაცია „ქართული ოცნების“ მხრიდან... მე, რა თქმა უნდა, ყველა აქტივისტს შეიძლება არ ვიცნობდე, მაგრამ შემოგზავნილი ეს წევრები იყვნენ დათხოვნილი და გაგდებული შტაბიდან იმის გამო, რომ გამოვლინდნენ როგორც აგენტურა... ჩვენ მოვითხოვთ სამართალდამცველი ორგანოებიდან, რომ თუ მათ ამ გაგდების შემდეგ დაგეგმეს და რაიმე პროვოკაცია მართლაც მოახდინეს და მართლაც მოახდინეს თავდასხმა „ქართული ოცნების“ შტაბზე, უმკაცრესად იყვნენ დასჯილი“.

ლევან ნატროშვილი
ლევან ნატროშვილი

უსაფრთხოების უზრუნველყოფის ჭრილში უმთავრესი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას რომ ეკისრება, ამას კარგად აცნობიერებენ მესამე სექტორში, მაგრამ ხაზი ესმება აუცილებლობასაც, რომ ვითარების დაძაბვისგან თავი შეიკავოს ყველა მხარემ. სწორედ თავშეკავების, წინდახედულობისა და ძალადობრივი ფაქტების დაგმობის აუცილებლობაა ხაზგასმული 16 სექტემბერს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელმა ლევან ნატროშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ვითარების დაძაბვას დიდწილად ხელს უწყობს ისეთი ბრალდებები და განცხადებები, რომლებიც კონკრეტული მტკიცებულებებით არ არის გამყარებული:

„ქართულ ოცნებას“ ჰქონდა რამდენიმე განცხადება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აწყობს პროვოკაციებს და სურს მას რაღაც არეულობის მოწყობა, თუმცა კონკრეტულ ფაქტებზე არ ყოფილა საუბარი, თუ რაში გამოიხატა ეს... ასევე ხშირად ვისმენთ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისგან განცხადებებს, რომ გაყალბდება არჩევნები, დაგვარბევენ, ამას გვიზამენ, იმას გვიზამენ... რეალურად, ბევრი განცხადება კეთდება (დასაბუთების გარეშე) მხოლოდ იმიტომ, რომ გულზე მჯიღი ვიცეთ და ორთქლი გამოვუშვათ“.

დაძაბული ვითარების განმუხტვისა თუ პროვოკაციების თავიდან აშორების საშუალებას სამართალდამცველთა ადეკვატურ ქმედებებში ხედავს სახალხო დამცველი, თუმცა, როგორც უჩა ნანუაშვილმა განაცხადა 19 სექტემბერს, ძალადობის ფაქტებზე ადეკვატური რეაგირების კუთხით ბოლო პერიოდში პრობლემები შეინიშნება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG