Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური ნეიტრალიტეტი პოლიციის სისტემაში


ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) გუნდი ერთწლიანი კვლევის შედეგად აცხადებს, რომ, მიუხედავად სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმებისა, პოლიცია არ არის თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან. სამართალდამცავ სტრუქტურებში არ არის დაცული პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, რაც პოლიციელთა მიმართ უნდობლობისა და ნიჰილიზმის მთავარი მიზეზია. გამოკვლევის ავტორები აცხადებენ, რომ დღემდე პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა ხელმძღვანელი პირების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. პრეზენტაცია გამოკვლევისა „პოლიტიკური ნეიტრალიტეტი პოლიციის სისტემაში“ EMC-მ 5 სექტემბერს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართა.

გადმოწერა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი თბილისსა და კახეთში პოლიციის საქმიანობას 2015 წლის ივლისიდან 2016 წლის ივნისამდე აკვირდებოდა. ამ ერთწლიანი მონიტორინგის შედეგია გამოკვლევა, რომლის პრეზენტაციაც 5 სექტემბერს გაიმართა. მიზანი იმის გარკვევა იყო, რამდენად ახერხებს საქართველოს პოლიცია პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას. გამოკვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ 2015 წლის აგვისტოში გატარებული რეფორმა - კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან უსაფრთხოების სამსახურების გამოყოფა - ვერ აღმოჩნდა სისტემური ხასიათის. პოლიტიკური ნეიტრალიტეტის მხრივ სისტემა კვლავაც მყიფე და არასტაბილურია, დაბალია პოლიციის, როგორც ინსტიტუციის, დამოუკიდებლობის დონე და არსებობს ორგანიზაციული მოწყობის პრობლემები, საკადრო პოლიტიკა გაუმართავია, ხშირია პოლიციელთა მხრიდან თვითნებობა. საკითხი ისევ უნდა დაბრუნდეს ხელისუფლების პოლიტიკურ დღის წესრიგში, აცხადებს გამოკვლევის ხელმძღვანელი სოფო ვერძეული:

სოფო ვერძეული
სოფო ვერძეული

„ხელისუფლებისათვის ერთ-ერთ მთავარ საკითხად მის პოლიტიკურ დღის წესრიგში პოლიციის შემდგომი რეფორმის დაგეგმვა უნდა დადგეს. ამ რეფორმამ უნდა გაითვალისწინოს სწორედ საკადრო სისტემის ცვლილება, პოლიციის მეტი დისტანცირება პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, პოლიციელების მეტი ავტონომია“.

გამოკვლევაში ვკითხულობთ, რომ კვლევის პერიოდში უშუალოდ პოლიციის მხრიდან „არ დაფიქსირებულა პოლიტიკური ოპოზიციის, პარტიების ლიდერების, მათი წარმომადგენლების მისამართით უხეში და არაპროპორციული ძალის გამოყენების სისტემური პრობლემა“, არც აშკარად არაპროპორციული და უხეში ძალის გამოყენებით დაკავებისა და პოლიტიკური ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქცია-მანიფესტაციის შეწყვეტის შემთხვევები, თუმცა, ავტორების აზრით, ამის მიზეზი, შესაძლოა, ისიც იყოს, რომ კვლევის პერიოდი არ გამოირჩეოდა პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული აქციების სიხშირით.

სამაგიეროდ, პოლიცია დემონსტრაციულად რეპრესიული ჩანდა სამოქალაქო აქტივისტებისა და, ზოგადად, აქტივისტთა ჯგუფების მიმართ - განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც აქტივისტები ხელისუფლების პოლიტიკას ან/და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, ინტერესებთან დაკავშირებულ მოვლენებს აპროტესტებდნენ.

„ჩვენ ვნახეთ, რომ ნარკოტესტირებაზე პირები იმ მოტივით გადაჰყავდა პოლიციას, რომ მომხდარიყო მათი დროებითი იზოლაცია და მათი სახელის დისკრედიტაცია. ამის ნათელი მაგალითი პარტიზანი მებაღის, ნატა ფერაძის, დაკავება და ნარკოტესტირებაზე გადაყვანა იყო“, - აცხადებს სოფო ვერძეული.

EMC-ის გუნდი მიიჩნევს, რომ საპოლიციო ინსტრუმენტები ხშირად პოლიციის ხელში თვითნებობის და უფლებამოსილების გადამეტების საფრთხედ იქცევა. ასეთი საპოლიციო ინსტრუმენტებია, მაგალითად, ნარკოტესტირებაზე პირების თვითნებური და დაუსაბუთებელი გადაყვანა ან ადმინისტრაციული დაკავების დაბალი სტანდარტებით გამოყენება.

გურამ იმნაძე
გურამ იმნაძე

ხარვეზიან საკადრო პოლიტიკაში კვლევის ავტორები გამოკვეთენ იმ ფაქტორს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი, ფაქტობრივად, შეუზღუდავ უფლებამოსილებას ფლობს. პოლიტიკის დოკუმენტების ანალიზის შედეგად კი ირკვევა, რომ ხელისუფლებას არა აქვს ნათელი ხედვა, თუ როგორ უნდა იქნეს მიღწეული პოლიციის ავტონომიურობა. გამოკვლევის ერთ-ერთი ავტორი, გურამ იმნაძე, აცხადებს, რომ შს მინისტრს ძალიან უჭირს დისტანცირება საკუთარი პოლიტიკური ძალისგან:

„გასაგებია, რომ მინისტრები მათი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მინისტრთა კაბინეტის წევრები არიან და, ამავე დროს, კონკრეტული პოლიტიკური გუნდის წევრებიც, მაგრამ მათი პოლიტიკური დისკურსი უნდა იყოს განპირობებული არა პარტიული ინტერესებით, არამედ იმით, რომ ისინი, ამავე დროს, არიან ქვეყნის პირველი პოლიციელები და მათ კანონით ევალებათ, რომ პოლიტიკურად ნეიტრალურები იყვნენ“.

EMC-ს გამოკვლევას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სამინისტროსთვის მისაღებია შენიშვნების ნაწილი და რომ გამოკვლევას დადებითად აფასებს, თუმცა თქვა ისიც, რომ პოლიცია პოლიტიკისგან დისტანცირებას ცდილობს:

„იმ სამართლებრივი ინსტრუმენტების ფარგლებში, რაც დღეს გაგვაჩნია, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ პოლიცია იყოს პოლიტიკისგან შორს. შესაძლოა, ცალკეული შემთხვევები მაინც იყოს, რადგან პოლიციას ბევრი თანამშრომელი ჰყავს, მაგრამ, მთლიანობაში, იმ ხანგრძლივი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, რასაც თქვენც თვალს ადევნებთ, პოლიცია მაქსიმალურად დეპოლიტიზებულია. კარგი შედეგები გვქონდა წინა არჩევნებზე, წელს კიდევ უფრო დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ვიყოთ მაქსიმალურად ავტონომიურები“.

პირდაპირ გადმოღება რომელიმე სხვა მეთოდისა საქართველოში არ გაამართლებს. მაგალითად, ჩვენთან ისეთ მინარევებს იგონებენ, რომ, შესაძლოა, გერმანული ტექნოლოგია საერთოდ ვერ გაერკვეს, კონკრეტულმა პირმა ნარკოტიკი მოიხმარა თუ არა. არის ეს სირთულეები, პროცესი მიდის, ჯერ შედეგი არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს იმედი, რომ ამ მეთოდს აუცილებლად შევცვლით...
შალვა ხუციშვილი

პოლიციის დეპოლიტიზაციის კონტექსტში ნარკოტესტირების საკითხის მოხვედრამ ცოტა გააკვირვა შს მინისტრის მოადგილე. შალვა ხუციშვილმა ამ საკითხის კომენტირებისას განაცხადა, რომ საქართველოს აქვს მკაცრი ნარკოპოლიტიკა, თუმცა ის დღეს მკვეთრად, ერთი ხელის მოსმით, ვერ შეიცვლება. თქვა ისიც, რომ სამინისტროს გუნდი მუშაობს ალტერნატიულ სისტემაზე, რომ ნარკოტესტირების მოქმედი მეთოდი ჩანაცვლდეს, თუმცა ცვლილებას გარკვეული დრო დასჭირდება:

„ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ ეს მეთოდი ჩავანაცვლოთ, ურთიერთობა გვაქვს რამდენიმე უცხოურ კომპანიასთან, გავეცანით გერმანულ პროექტსაც, თუმცა, ჩვენი კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დასკვნით, დღეს პირდაპირ გადმოღება რომელიმე სხვა მეთოდისა საქართველოში არ გაამართლებს. მაგალითად, ჩვენთან ისეთ მინარევებს იგონებენ, რომ, შესაძლოა, გერმანული ტექნოლოგია საერთოდ ვერ გაერკვეს, კონკრეტულმა პირმა ნარკოტიკი მოიხმარა თუ არა. არის ეს სირთულეები, პროცესი მიდის, ჯერ შედეგი არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს იმედი, რომ ამ მეთოდს აუცილებლად შევცვლით“.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში მიიჩნევენ, რომ პოლიციის პოლიტიზების რისკის შესამცირებლად მთელი რიგი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. მათ შორის მთავარი პოლიციის ავტონომიურობაა. კვლევითი ჯგუფის კიდევ ერთ წევრი კი, მარიამ მხატვარი, ჩამოთვლის იმ რამდენიმე აუცილებელ ამოცანას, რომლებიც, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის აზრით, დღეს შსს-ს წინაშე დგას:

„მნიშვნელოვანია, რომ მინისტრის, როგორც პოლიტიკური ფიგურის, ჩართულობის ხარისხმა დაიკლოს, სამაგიეროდ, გაიზარდოს გარკვეული დეპარტამენტის ავტონომიურობის ხარისხი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ფუნქციურად უფრო დამოუკიდებელი უნდა გახდეს გენერალური ინსპექციაც, სათანადოდ გაიწეროს წახალისების მექანიზმები, ასევე მნიშვნელოვანია ეთიკის კოდექსის, აღსრულებისა და მონიტორინგის სტრატეგიის შემუშავება. ამჟამად შსს-ში არც მამხილებლის ინსტიტუტის მარეგულირებელი რეჟიმია, რაც ასევე არის ყურადღებამისაქცევი“.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG