Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის გამოცდილება ქართული საპენსიო რეფორმისთვის


ავტორი: ირინა გურული

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებით შექმნილი პროექტი პრაქტიკულად დამთავრებულია. მისი თქმით, 2013 წელს, ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელობით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჯანდაცვის სამინისტროც მონაწილეობს, პარტნიორობას და კონსულტაციებს კი უწევს მსოფლიო ბანკი.

"ამ ხნის განმავლობაში შეიქმნა პროექტი, რომელიც პრაქტიკულად უკვე დამთავრებულია და ის ითვალისწინებს გარკვეული პილოტური ჯგუფების გადაყვანას დაგროვებით პენსიაზე. დაგროვებითი პენსია, თავისი შინაარსით, ნიშნავს იმას, რომ იმ პერიოდში, როდესაც ადამიანი მუშაობს, გარკვეული თანხის აკუმულირებას აკეთებს შესაბამის ფონდებში, რომელიც ეფექტურად მართავს ამ თანხას. დაგროვებითი მეთოდი საშუალებას აძლევს ადამიანს, როდესაც ასაკით პენსიას მიაღწევს, მისი პენსია საგრძნობლად მაღალი იყოს, ვიდრე ყველა დანარჩენის", - განაცხადა სერგეენკომ.

მსოფლიოში დაგროვებითი საპენსიო სისტემის არაერთი მოდელი არსებობს, რომლებზეც ჩვენ მომავალში - მას შემდეგ, რაც ქართული რეფორმის დეტალები გახდება ცნობილი - კიდევ შევჩერდებით, თუმცა ამჯერად, ვფიქრობთ, საინტერესო უნდა იყოს ჩვენი უახლოესი მეზობლის, სომხეთის, გამოცდილება ამ თვალსაზრისით..

2010 წელს სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო ხუთი კანონი, რომელიც ახალ, მრავალდონიან (მრავალსვეტიან), საპენსიო სისტემას უყრიდა საფუძველს. კანონი სავალდებულო დაგროვებითი პენსიის შესახებ ოფიციალურად ძალაში 2014 წლის პირველი იანვრიდან შევიდა. სავალდებულო საპენსიო შენატანები გავრცელდა 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებზე (დაბადებულები 1974 წლის შემდგომ). 40 წელს გადაცილებულ პირებს ჰქონდათ უფლება ნებაყოფლობით მიეღოთ მონაწილეობა ამ სქემაში. სისტემაში ჩართვის შემდეგ მოქალაქეს არ ჰქონდა უფლება შეეცვალა საპენსიო სქემა იმ შემთხვევაშიც კი, თუ შეიცვლიდა ან დაკარგავდა სამსახურს. სწორედ ეს სქემა შევიდა ძალაში სომხეთის რესპუბლიკაში 2014 წლის პირველი იანვრიდან. სავალდებულო საპენსიო სქემის მიხედვით, დარიცხული შემოსავლებიდან შენატანების ოდენობა განისაზღვრება 10 პროცენტით. შენატანებს საპენსიო ფონდში ახორციელებენ დაქირავებულები. ამასთან, მონაწილის მხრიდან შენატანის ოდენობა განისაზღვრება 5 პროცენტით, ხოლო დანარჩენ 5 პროცენტს სახელმწიფო ფარავს. თუმცა დაწესებული იყო სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული შენატანის ზედა ზღვარი - 25 000 სომხური დრამის ოდენობით. მობილიზებულ თანხებს განაგებდა აქტივების მართვის ორი კომპანია, რომელიც აკუმულირებული თანხების ინვესტირებას ახდენდა. ამ ინიციატივების პარალელურად, განხორციელდა საგადასახადო სისტემის რეფორმა, შემოღებულ იქნა უნიფიცირებული საშემოსავლო გადასახადი, გაუქმდა სოციალური დაზღვევის ფონდი, რომელიც სოციალურ შენატანებს აგროვებდა და პასუხისმგებელი იყო შენატანებზე დაფუძნებული პენსიების გაცემაზე.

კანონის ძალაში შესვლის პარალელურად, ქვეყანაში გაჩნდა საპროტესტო მოძრაობა - სამოქალაქო ინიციატივა „მე წინააღმდეგი ვარ!“. აქციის მონაწილეთა ძირითადი პროტესტი გამოწვეული იყო, საპენსიო რეფორმის ფარგლებში, მათ მიერ განკარგვადი ყოველთვიური შემოსავლის შემცირებით და ხელისუფლების მიმართ არსებული უნდოობით. პროტესტის პარალელურად, ოთხმა ოპოზიციურმა საპარლამენტო პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. სომხეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით, სასამართლომ „სავალდებულო დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონის გარკვეული მუხლები არაკონსტიტუციურად ცნო. კანონის თანახმად, ადამიანს ევალებოდა კერძო საპენსიო ფონდებში საპენსიო შენატანების განხორციელება და სწორედ ეს იქნა მიჩნეული ანტიკონსტიტუციურად. 2014 წლის 27 ივნისს კანონში შევიდა ცვლილებები, რომელთა თანახმადაც, 2014 წლის პირველი ივლისიდან საჯარო სექტორის მოხელეებს, დაბადებულებს 1973 წლის შემდგომ, ევალებათ ხელფასის 5 პროცენტის ოდენობის ყოველთვიური „მიზნობრივი სოციალური გადასახდელები“ განახორციელონ. ეს გადასახდელები ჩაანაცვლებს საპენსიო შენატანების ცნებას და, ნაცვლად კერძო საპენსიო ფონდებისა, მიმართული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტში და მხოლოდ შემდეგ გადანაწილდება საპენსიო ფონდებში. საპენსიო რეფორმაში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იქნება კერძო სექტორში დასაქმებულთათვის 2017 წლის ივლისამდე.

XS
SM
MD
LG