Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სამშვიდობო ექსპრესის“ ფილმის ჩვენება-დისკუსია


გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ახალგაზრდებმა საზოგადოებას დოკუმენტური ფილმი „სამშვიდობო ექსპრესი“ უჩვენეს. ფილმი მომზადდა პროექტ „ახალგაზრდული სამშვიდობო ექსპრესის“ ფარგლებში. გასული წლის ზაფხულში, 17 დღის განმავლობაში, ქართველმა და ოსმა სტუდენტებმა ავტობუსით ერთად იმოგზაურეს თურქეთში, საბერძნეთში, მაკედონიაში, სერბეთსა და კოსოვოში, სადაც ადგილობრივ სტუდენტებს, ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებს შეხვდნენ, ისაუბრეს კონფლიქტების მოგვარების პრობლემებზე. ფილმშიც ეს ამბებია მოთხრობილი. პროექტის კოორდინატორი, ორგანიზაცია მეგობრობის ხიდის - „ქართლოსის“ - წარმომადგენელი გიორგი სტეფნაძე ამბობს, რომ პროექტი შედგა, რადგან ქართველმა და ოსმა ახალგაზრდებმა ამ მოგზაურობისას ერთმანეთი უკეთ გაიცნეს და ევროპაში არსებული კონფლიქტების შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღეს.

ფილმის ჩვენებას პროექტში ჩართული ახალგაზრდებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ოს თანატოლებთან ერთად ყოფნისას მიღებულ შთაბეჭდილებებზე ისაუბრეს. მოეწყო დისკუსიაც ქართულ-ოსური ურთიერთობებისა და ოს ახალგაზრდებში არსებული განწყობების შესახებ. პროექტის მონაწილე მანო სვანიძე ამბობს, რომ ოს ახალგაზრდებთან ბევრი საერთო აღმოაჩინა, მეგობრები შეიძინა და ბევრი სტერეოტიპიც დაამსხვრია.

ქართველი სტუდენტები აცხადებენ, რომ ოს ახალგაზრდებთან ურთიერთობა პროექტში არ დასრულებულა და ინტერნეტით დღემდე აგრძელებენ მეგობრობას. პროექტის მონაწილე ნინო სამხარაძე ამბობს, რომ კონკრეტულ მონაწილეებთან ურთიერთობა იმდენად გაღრმავდა, რომ უკვე ერთმანეთს ეპატიჟებიან და სხვადასხვა აქტივობას გეგმავენ.

პროექტი განახორციელა კოალიციამ „სამოქალაქო ფორუმი მშვიდობისთვის“, რომელიც 2007 წელს ქართველი და ოსი სამოქალაქო აქტივისტების მიერ დაფუძნდა და რომლის მთავარი მიზანი ქართულ და ოსურ საზოგადოებებს შორის დიალოგის ხელშეწყობა და ნდობის აღდგენაა.

XS
SM
MD
LG