Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთში 62-ე შეხვედრა მიმდინარეობს


ერგნეთის შეხვედრის მონაწილეები
ერგნეთის შეხვედრის მონაწილეები

ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის 62-ე შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრამდე ცნობილი გახდა, რომ 2 დღის წინ დაკავებული სოფელ ქერეს მცხოვრები 23 წლის ლევან ლაფაჩი წუხელ ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს. ლაფაჩი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე სანადიროდ იყო წასული, როცა ის ეგრეთ წოდებული საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულის ოჯახის წევრები და თანასოფლელები ამტკიცებდნენ, რომ მას საოკუპაციო ხაზი არ გადაუკვეთია. გუშინ ცხინვალში გამართულ სასამართლო პროცესზე იგი 2 000-რუბლიანი ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერაიამ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე ილაპარაკა. მისი თქმით, გასული ერთი თვის განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქეების 11 დაკავების შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის ყველა მოქალაქე გათავისუფლებულია და მხოლოდ გასულ წელს დაკავებული ორი პირის გათავისუფლების შესახებ გრძელდება მოლაპარაკება. ქართული მხარე დღევანდელ შეხვედრაზე მავთულხლართებისა და ღობეების მონტაჟის საკითხს აპროტესტებს. ოსურ მხარესთან მოლაპარაკება ტირიფონის სარწყავი სისტემის გაწმენდის შესახებ მიმდინარეობს. შეხვედრას შესაბამისი დარგის სპეციალისტები ესწრებიან. ბერაიას განცხადებით, ქართული მხარე კვლავ ითხოვს, გადმოსცენ საეჭვო ვითარებაში დაღუპული დავით ბაშარულის ექსპერტიზის პასუხი.

შეხვედრის დაწყებამდე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ქართული მხარის წარმომადგენლებმა ოს კოლეგებს დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურორის მერაბ ჩიგოევის დაღუპვის გამო სამძიმარი გამოუცხადეს. რამდენიმე წლის წინ ჩიგოევი „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის მოლაპარაკებებზე ოსური ჯგუფის ხელმძღვანელი იყო. შეხვედრაზე შესვენება უკვე გამოცხადდა, მისი დასრულების შემდეგ კი მხარეების წარმომადგენლები მოლაპარაკების შედეგების შესახებ კომენტარებს გააკეთებენ.

XS
SM
MD
LG