Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მშპ-ს ზრდა 2016 წლის მიწურულს და სამომავლო პროგნოზები


თბილისი
თბილისი

ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტი 2 %-ზე ოდნავ მაღალი მაჩვენებლით იზრდება. ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლება 2017 წლის ბიუჯეტს მშპ-ს 4 %-პროცენტიან ზრდაზე გეგმავს და, ამასთან, ამბობს, რომ ეს გათვლები, არსებული მაკროეკონომიკური მონაცემების თანახმად, კონსერვატიული მიდგომით გაკეთებულ დათვლებს ემყარება.

გადავხედოთ მიმდინარე სტატისტიკას და 2017 წლის ოფიციალურ პროგნოზს:

გადმოწერა

2016 წლის III კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 8 მილიარდ 749 მლნ. ლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამისი კვარტალის მიმართ მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 2,3 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა, ხოლო დეფლატორი გაიზარდა 3,2 პროცენტით.

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (17,5 პროცენტი) და მრეწველობა (17,4 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10,6 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (9,4 პროცენტი), მშენებლობა (8,9 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (7,3 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,9 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (5,9 პროცენტი).

ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: სასტუმროები და რესტორნები (13,4 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (9,8 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (7,5 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება (5,0 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (4,7 პროცენტი), კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა (3,9 პროცენტი), ვაჭრობა (3,6 პროცენტი), მშენებლობა (2,4 პროცენტი).

კლება დაფიქსირდა ტრანსპორტში (-4,2 პროცენტი), კავშირგაბმულობასა (-0.5 პროცენტი) და სოფლის მეურნეობაში (-0,1 პროცენტი).

საინტერესოა, რომ ამ ფონზე, არსებული მაკროეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით, 2017 წლის ბიუჯეტში ხელისუფლებამ მშპ-ს შემდეგი მაჩვენებლები დაგეგმა:

როგორც ხელისუფლებაში აცხადებენ, მომავალი წლის ფისკალური და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები კონსერვატიული მიდგომით არის დაგეგმილი და 2017 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური გაზრდა 4 პროცენტითაა განსაზღვრული. ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ, ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრებიდან გამომდინარე, მშპ მომავალ წელს იქნება 35,9 მილიარდი ლარი, ხოლო 2020 წლისთვის მშპ-ს პროგნოზი 45,2 მილიარდი ლარია. 2017 წლისათვის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 9 მლრდ 540 მლნ ლარია, რაც მშპ-ს 26,6 %-ს შეადგენს. იმავე 2017 წელს ბიუჯეტის შემოსავლები განსაზღვრულია 9 მლრდ 489,5 მლნ ლარით. შეგახსენებთ, რომ, ამავე პროგნოზებით, 2017 წლის ბიუჯეტი 1 დოლარი - 2,5 ლარზე კურსით არის დაგეგმილი.

XS
SM
MD
LG