Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამედიცინო წებო, რომელიც სველ ზედაპირზეც გამოიყენება


თანამედროვე სამედიცინო წებოებს შორის „ოქროს სტანდარტად“, ჯერჯერობით სუპერწებო რჩება. მისი მთავარი კომპონენტი, ციანოაკრილატი, წებოში არსებული ნივთიერებებიდან, ყველაზე ძლიერია. თუმცა ძალა ყველაფერს როდი ნიშნავს. რაც უნდა ძლიერი იყოს სუპერწებო, სველ ზედაპირზე მისი გამოყენება შეუძლებელია, რაც დიდ სირთულეს უქმნის მედიკოსებს ღია ჭრილობების დამუშავებისას. ამას გარდა, გამკვრივებასთან ერთად წებო თანდათან კარგავს ელასტიკურობას, რის შედეგადაც, ჭრილობის შეხორცებისას, ის სკდება. თანაც, სუპერწებო ცოცხალი უჯრედებისათვის ზოგჯერ, შესაძლოა, ტოქსიკური იყოს.

გადმოწერა

ამ პრობლემის მოსაგვარებლად ჰარვარდის უნივერსიტეტის მედიცინის მკვლევართა ჯგუფმა შექმნა სუპერწებო, რომლისთვისაც გამოიყენა ხმელეთის მოლუსკის, ლოქორას ლორწო. ეს „ბიოწებო“ მეტად გამძლეა, ელასტიკურია და, რაც მთავარია, სველ ზედაპირზეც საუცხოოდ მოქმედებს. ექიმებმა ეს წებო უკვე გამოიყენეს ღორის გულში წარმოქმნილი ნახვრეტის დასახურად.

წებოს დასამზადებლად მეცნიერები დააკვირდნენ ბინდოვან ლოქორას (arion subfuscus). ლოქორას ეს სახეობა, ძირითადად, ევროპაშია გავრცელებული, თუმცა აზიაშიც გვხვდება. მტაცებლებისგან თავის დასაცავად ეს არსებები გამოყოფენ წებოვან ლორწოს, რომელიც აკავებს სითხეს. სწორედ ამ თვისებების გამოყენებით შეიქმნა ახალი ბიოლოგიური სუპერწებო.

ამ ნივთიერების წებოვანი თვისება სამ რამეზეა დამოკიდებული: მიზიდულობაზე დადებითად დამუხტულ წებოსა და უარყოფითად დამუხტულ უჯრედებს შორის; კოვალენტურ ბმებზე უჯრედების ზედაპირის ატომებსა და წებოს შორის; და იმაზე, თუ როგორ აღწევს წებო ქსოვილის ზედაპირს. წებოს უმნიშვნელოვანესი თვისებაა შოკის შემამსუბუქებელი კომპონენტი: ის იოლად უმკლავდება ფიზიკურ სტრესსა და ტკივილს, რათა კარგად დაფიქსირდეს ზედაპირზე.

ექსპერიმენტებმა ასევე აჩვენა, რომ, სხვა სუპერწებოებთან შედარებით, ეს წებო სამჯერ უფრო ძლიერია და ცოცხალი უჯრედებისათვის ტოქსიკური არ არის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ორგანოს ქსოვილის დასამუშავებლად, როგორიცაა ფილტვი. წებოს გამოყენება შეიძლება როგორც ზედაპირული ჭრილობების დასახურად, ისე ინექციის ფორმითაც - ღრმა ჭრილობების ამოსავსებად. რაც მთავარია, წებო შექმნილია იმ ნივთიერებებისგან, რომლებიც, შეხორცებისთანავე, ბიოლოგიური გზით იშლება. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, მომავალში შესაძლებელი გახდება წებოს მეშვეობით წამლის შეშვება ორგანოებში, მათი სტიმულირებისათვის, ან გულისცემის შესანარჩუნებლად.

ჯერჯერობით საკმარისად არ არის განვითარებული ტექნოლოგია, რომლითაც ექიმები შეძლებდნენ წებოს გამოყენებას ჩვეულებრივი ქირურგიული ოპერაციებისას. აქამდე ამ წებოს მხოლოდ ლაბორატორიულ პირობებში იყენებდნენ ვირთხების ორგანოებზე ცდებისას და ღორის გულში წარმოქმნილი ხვრელის ამოსავსებად გულისცემის ხელოვნურად შენარჩუნების პარალელურად.

მასალა მოამზადა რადიო თავისუფლების პრაქტიკანტმა ნოდარ ფხალაძემ

XS
SM
MD
LG