Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელფასო დანამატები მერიის თანამდებობის პირთათვის


თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მერიის თანამშრომლებისთვის სახელფასო დანამატის გაცემის ბრძანება გამოსცა. დოკუმენტის თანახმად, დანამატი 2014 წლის 1 სექტემბრიდან წლის ბოლომდე ყოველთვიურად ხელფასთან ერთად გაიცემა და ოთხი თვის განმავლობაში 152 060 ლარს შეადგენს. ოპოზიცია მერის ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს და აცხადებს, რომ დედაქალაქის ბიუჯეტში დეფიციტია და ახალი მთავრობა ზუსტად იმას აკეთებს, რასაც „ნაციონალურ მოძრაობას“ უწუნებდა.

თბილისის მერის ბრძანების მიხედვით, დანამატს მერიის სულ 26 თანამდებობის პირი მიიღებს. მათ შორის, დედაქალაქის ვიცე-მერი - 3 540 ლარს, მერის მოადგილე - 3 360 ლარს, მერიის ადმინისტრაციის უფროსის სახელფასო დანამატი იქნება 3180 ლარი, მისი პირველი მოადგილის - 2 000 ლარი, ხოლო მოადგილის - 1800 ლარი, საქალაქო სამსახურის უფროსის - 2600 ლარი, რაიონის გამგებლის - 2 600, რაიონის გამგებლის მოადგილის - 1800, მერიის აპარატის (სამსახურის) მრჩევლის - 1300 ლარი და ა.შ. სიაში არ არის თავად დედაქალაქის მერი დავით ნარმანია.

ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მაღალი თანამდებობის პირებს, მათი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ხელფასიც ღირსეული უნდა ჰქონდეთ. ასე ფიქრობს, მაგალითად, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლკსი, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ წახალისება ხანდახან საჭიროა:

ეს არის გარკვეული ვადით განსაზღვრული დანამატი სწორედ იმ საჯარო მოხელეებისათვის, ვისაც საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობა და ტვირთი აქვს...
ეკა ბესელია

„ასეთი მაღალი თანამდებობის პირებს, ვისაც დიდ თანხებთან აქვთ შეხება, უნდა ჰქონდეთ მართლაც ღირსეული ანაზღაურება, რომ იმუშაოს იმ ენერგიით, რასაც მისგან მოითხოვენ. ხანდახან საჭიროა მათი წახალისება“.

არც ეკა ბესელიას, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის ხელმძღვანელს, ეპარება ეჭვი, რომ დავით ნარმანია ამ გადაწყვეტილებას დაასაბუთებს:

„ეს არის გარკვეული ვადით განსაზღვრული დანამატი სწორედ იმ საჯარო მოხელეებისათვის, ვისაც საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობა და ტვირთი აქვს“.

რიმა ბერაძემ კი, თავმჯდომარემ თბილისის საკრებულოს ფრაქციისა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის", განაცხადა, რომ „საჯარო მოხელეებს 24-საათიანი მუშაობა უწევთ“ და ამიტომ მათ „შესაბამისი ანაზღაურებაც" უნდა ჰქონდეთ.

მერის გადაწყვეტილებას კრიტიკით უპასუხეს საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების წევრებმა. მათი განცხადებით, დავით ნარმანიამ, ფქტობრივად, წინასწარ გამოითვალა, ვინ რამდენ საათს და რა ენერგიით იმუშავებს და რამდენად შედეგიანი იქნება მისი საქმიანობა. სევდია უგრეხელიძემ, მაგალითად, განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების დროს თანამდებობის პირები დანამატს კი იღებდნენ, მაგრამ, ამავე დროს, განსხვავებით ახლანდელი მთავრობისგან, საქმესაც აკეთებდნენ.

საქართველოში ამ მხრივ არანაირი სისტემა არ არსებობს. არის საჯარო სამსახურის შესახებ კანონი, სადაც წერია, რომ პირი, რომელიც ინიშნება საჯარო სამსახურში, უფლება აქვს მთელი სამუშაო პროცესის განმავლობაში მიიღოს ანაზღაურება, რაც მოიცავს ხელფასს, პრემიას და დანამატს...
სულხან სალაძე

საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ საკითხის კომენტირებისას საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა ეკა ქარდავამ განაცხადა, რომ „სახელფასო დანამატების საკითხზე ჯერ მუშაობა არ დაწყებულა, რომ ეს საკითხი ჯერჯერობით ღიაა და მას მოქმედი კანონი არეგულირებს“. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის #449 დადგენილებით გაწერილია მხოლოდ საჯარო სამსახურში პრემიის გაცემის წესი და პირობები.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ ამბობენ, საჯარო მოხელეებს მართლაც უნდა ჰქონდეთ ნორმალური ანაზღაურება და სტიმულის მისაცემად მათთვის ბონუსების სისტემაც არსებობდეს, მაგრამ მნიშვნელოვანი აქ ისაა, თუ როგორ იყენებ ამ სისტემას ან არსებობს თუ არა მსგავსი სისტემა, საერთოდო.

„საქართველოში ამ მხრივ არანაირი სისტემა არ არსებობს. არის საჯარო სამსახურის შესახებ კანონი, სადაც წერია, რომ პირი, რომელიც ინიშნება საჯარო სამსახურში, უფლება აქვს მთელი სამუშაო პროცესის განმავლობაში მიიღოს ანაზღაურება, რაც მოიცავს ხელფასს, პრემიას და დანამატს. კანონი ერთმანეთისგან არ მიჯნავს რომელი როდის და რა პირობებში უნდა გამოიყენონ, ერთადერთი დათქმაა ის, რომ დასაქმებულმა პირმა ხელფასის გარდა კიდევ შეიძლება მიიღოს პრემია და დანამატი“, - აცხადებს საიას იურისტი სულხან სალაძე. გამოდის, რომ ერთ კონკრეტულ თვეში საჯარო პირმა შეიძლება ერთდროულად აიღოს ხელფასიც, დანამატიც და პრემიაც.

საია სახელფასო დანამატების საკითხის გააქტიურებას ჯერ კიდევ საქართველოს მთავრობის მიერ პრემიების გაცემის წესის დამტკიცების დღიდან ვარაუდობდა. სულხან სალაძე იხსენებს, რომ ეს წესი პირდაპირ არ ვრცელდებოდა თვითმმართველ ერთეულებზე, თუმცა იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც თვითმმართველობებმა მთავრობის დადგენილების საფუძველზე თავად განისაზღვრეს პრემიის გაცემის წესი. სულხან სალაძე დღესაც ამბობს, რომ ამჯერად მერის დადგენილება დანამატების თაობაზე არ გამორიცხავს პარალელურად პრემიების გაცემასაც იმავე პიროვნებაზე.

მე მგონი, საქართველოში, სადაც ასეთი დაბალი ხელფასებია და გაჭირვება, ხალხში ეს აღშფოთებას გამოიწვევს ნამდვილად. თუნდაც სახელმწიფო სამსახურებში ისეთი დაბალია ხელფასი...
მოქალაქე

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია საჯარო სამსახურში მთლიანად შრომის ანაზღაურების სისტემა შეიცვალოს:

„როდესაც ჩვენ არ გვაქვს ეფექტური შეფასების სისტემა საჯარო სამსახურში, როცა არ არის დადგენილი, თუ როგორ უნდა შეფასდეს გაწეული საქმიანობა ან როგორ უნდა დაითვალოს მის მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგი, როცა ეს არ არსებობს, ცხადია, პირდაპირ დანამატების შემოტანა მისასალმებელი ნაბიჯი არ არის. ამიტომ აუცილებელია ჯერ საჯარო სამსახურის შესახებ კანონის შეცვლა, რომელიც ანაზღაურების ნაწილში არის აბსოლუტურად მოძველებული, ხოლო სახელმწიფოს ერთ-ერთი ძირითადი ვალდებულება საჯარო სამსახურის რეფორმის პროცესში არის ის, რომ მან მიიღოს ეფექტური და სათანადო შეფასების კრიტერიუმებზე დაფუძნებული ანაზღაურების სისტემა“.

თავად მერიას ამ დრომდე მედიისათვის კომენტარი არ გაუკეთებია, თუ რის საფუძველზე მიიღო დავით ნარმანიამ ეს გადაწყვეტილება.

რადიო თავისუფლებამ კი თბილისის ქუჩებში მცირე გამოკითხვაც ჩაატარა იმის გასარკვევად, თუ როგორ უყურებს ხალხი მაღალი თანამდებობის პირებისათვის სახელფასო დანამატების გაცემის გადაწყვეტილებას. აი, რა გვიპასუხა რამდენიმე მათგანმა:

„ალბათ, ხელფასს იმიტომ იმატებენ, რომ სჭირდებათ, ხომ?“

„არანაირად არ მგონია, რომ ხელფასზე კიდევ დანამატები უნდა არსებობდეს“.

„მე მგონი, საქართველოში, სადაც ასეთი დაბალი ხელფასებია და გაჭირვება, ხალხში ეს აღშფოთებას გამოიწვევს ნამდვილად. თუნდაც სახელმწიფო სამსახურებში ისეთი დაბალია ხელფასი, - პირადად მეც ასე ვარ, - ამ დროს თანამდებობის პირს აქვს ხელფასიც, პრემიაც და დანამატიც... არ ვიცი, ზედმეტი მგონია“.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG