Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ფრთხილი ოპტიმიზმი“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტრეფიკინგის შესახებ 2015 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საქართველო შეფასებულია როგორც ქვეყანა, რომელიც, მთავრობის ძალისხმევის მიუხედავად, ტრეფიკინგთან ბრძოლის მინიმალურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. საუბარია პროგრესზე, რომელსაც ქვეყანამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიაღწია, თუმცა ხაზგასმულია პრობლემებიც, რომლებიც ამ დროის განმავლობაში გამოიკვეთა. როგორ შეაფასა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველო ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით, როგორ ეხმაურება ამ შეფასებებს სახელმწიფო და შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციები?

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიშში ტრეფიკინგის შესახებ საქართველო მეორე კალათაში რჩება, ანუ ისეთ ქვეყნებს შორის, რომლებიც, „მნიშვნელოვანი ძალისხმევის მიუხედავად, ვერ აკმაყოფილებენ ტრეფიკინგის აღმოფხვრისათვის საჭირო მინიმალურ სტანდარტებს“.

„საქართველო, ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალებისა და გოგონების სექსუალური ექსპლუატაციის, ასევე, მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების იძულებითი შრომის თვალსაზრისით, ადამიანთა ტრეფიკინგის წყაროა - ტრანზიტისა და დანიშნულების ქვეყანაა“, - წერია ანგარიშში.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე 27 ივლისს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ეს მაჩვენებელი ქვეყნისათვის ტრეფიკინგის ბრძოლაში მნიშვნელოვანი პროგრესია.

„პროგრესი ასახულია როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის, ისე პრევენციისა და მსხვერპლთა დაცვის კუთხით. ანგარიში აჩვენებს, რომ გამოძიებების რაოდენობა, წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით, გაზრდილია 45 %-ით, სისხლისსამართლებრივი დევნის − 65 %-ით, ხოლო სასამართლოს განაჩენების რაოდენობა − 65 %-ით“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

2012 წლამდე 6 წლის განმავლობაში საქართველო ამ ანგარიშში პირველ კალათაში ხვდებოდა - ეს კი იმას ნიშნავს, რომ, მართალია, ქვეყანაში ტრეფიკინგის პრობლემა არის, მაგრამ პრობლემის აღმოფხვრის მინიმალური სტანდარტები შესრულებულია.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, ტრეფიკინგის რამდენიმე სახეა გამოკვეთილი - მათ შორის: სექსუალური ტრეფიკინგი, შრომითი ექსპლუატაცია და ქუჩაში ბავშვების იძულებითი შრომა - მათხოვრობა.

„საქართველოს მთავრობას არ ჩამოუყალიბებია ქუჩაში მათხოვრობასთან ბრძოლის სისტემური სტრატეგია. როგორც ექსპერტები ამბობენ, პოლიციამ არ გამოიძია ქუჩაში იძულებით მათხოვრობის რიგი შემთხვევები იმ არგუმენტით, რომ, მოქმედი კანონმდებლობით, ეს ბავშვთა უფლებების დარღვევა არ არის“, - წერია ანგარიშში.

როგორც Worldvision - საქართველოს წარმომადგენლობის ბავშვთა დაცვის, მომსახურებათა და ადვოკატირების პროგრამის მენეჯერი მაია მგელიაშვილი ამბობს, ბავშვთა იძულებითი შრომის კუთხით საკანონმდებლო პრობლემა ქვეყანაში ნამდვილად დგას, თუმცა ცვლილებები უკვე დაიწყო:

„არსებობს 2010 წლის ბრძანება ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურების შესახებ. ამ ბრძანების ცვლილებაზე მუშაობა დაწყებულია. ეს რეფერირების ბრძანება განსაზღვრავს ბავშვთა მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობას და აწესებს მიმართვიანობის პროცედურებს“.

მისივე თქმით, თუ კანონი დამტკიცდა, არასრულწლოვანის ქუჩაში იძულებითი შრომა კანონით იქნება აღიარებული როგორც ბავშვთა მიმართ ძალადობის ერთ-ერთი ფორმა.

საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავდა და პარლამენტის მიერ დამტკიცდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის მიხედვითაც, იძულებითი შრომის, შრომითი ექსპლუატაციის გამოვლენისა და რეაგირების მიზნით ამოქმედდება შრომის ინსპექტირების მექანიზმი.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის რეკომენდაციის ნაწილში ყურადღებაა გამახვილებული იმაზე, რომ სპეციალური წვრთნებით დაიხვეწოს გამომძიებელთა უნარები და პოლიციას ჰყავდეს ტრეფიკინგის სფეროში სპეციალიზებული თანამშრომლები.

ადამიანებით უკანონო ვაჭრობასთან ბრძოლის კუთხით საქართველოში უწყებათშორისი საბჭოა შექმნილი, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს. იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საბჭო ეფექტურად ასრულებს ნაკისრ მოვალეობას.

როგორც ორგანიზაცია „ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოების“ თავმჯდომარე ნანა ნაზაროვა ამბობს, გასული წლის შემდეგ ტრეფიკინგის პრობლემა ქვეყანაში შემცირდა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები ეფექტურად მუშაობენ:

„მსხვერპლი, რომელიც დღესაა, გამოვლენილია მხოლოდ მაშინ, როდესაც მსხვერპლი თვითონ მოდის და დახმარებას ითხოვს. მაგრამ ჩვენს ძალოვან სტრუქტურებსა და არასამთავრობოებს არ აქვთ შესაძლებლობა თავად გამოავლინონ ისინი. ამიტომაცაა იდენტიფიკაცია ძალიან დაბალი“.

ამერიკის მთავრობის ანგარიშში წერია, რომ მთავრობის მეთაურმა გამოსცა ბრძანება შრომის პირობების ინსპექციის შექმნის შესახებ, ბრძანება და არა „ყოჩაღ, კარგი მექანიზმი შექმენითო“. ეს მრავლისმეტყველია.
გოჩა ალექსანდრია

იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში ასევე განმარტებულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მხოლოდ 2015 წლის 31 მარტამდე პერიოდს მოიცავს, მას შემდეგ კი ქვეყანამ შეიმუშავა რამდენიმე ცვლილება, რომლებიც ანგარიშში მოცემულ რეკომენდაციებს პასუხობს. ერთი მათგანი შრომითი ექსპლუატაციის პრობლემას ეხება:

„საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავდა და პარლამენტის მიერ დამტკიცდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის მიხედვითაც, იძულებითი შრომის, შრომითი ექსპლუატაციის გამოვლენისა და რეაგირების მიზნით ამოქმედდება შრომის ინსპექტირების მექანიზმი“, - წერია განცხადებაში.

თუმცა ამ აზრს არ იზიარებს საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია. ის ამბობს, რომ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნა, უსარგებლოა და მის მაგივრად დამოუკიდებელი შრომის ინსპექციაა საჭირო:

„ამერიკის მთავრობის ანგარიშში წერია, რომ მთავრობის მეთაურმა გამოსცა ბრძანება შრომის პირობების ინსპექციის შექმნის შესახებ, ბრძანება და არა „ყოჩაღ, კარგი მექანიზმი შექმენითო“. ეს მრავლისმეტყველია“.

გოჩა ალექსანდრია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ამ პოზიციას ფრთხილ ოპტიმიზმს უწოდებს და დასძენს, რომ შრომითი ექსპლუატაცია, როგორც ტრეფიკინგის ერთ-ერთი ფორმა, ქვეყანაში უმწვავესი პრობლემაა, რომელსაც არასათანადო ყურადღება ექცევა.

XS
SM
MD
LG