სახალხო დიპლომატიის ფორუმი - ამ შეკრებით დაიწყო 4 აპრილს თბილისში ნატოს კვირეული. მიუხედავად იმისა, რომ ნატოს კვირეული საქართველოში უკვე მეცხრედ იმართება, სახალხო დიპლომატიის ფორუმი ამ კვირეულის ფარგლებში პირველად ტარდება.
ფორუმში მონაწილეობას იღებენ როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, ისე მოწვეული სტუმრები. ფორუმზე იმსჯელეს სახალხო დიპლომატიისა და კომუნიკაციის სფეროში არსებულ გამოწვევებზე. რას ელის საქართველო ნატოს ვარშავის სამიტისგან და რა იცის საზოგადოებამ ნატოს შესახებ?
„ჩვეულებრივ ამბად იქცა თბილისის ქუჩებში ნატოს დროშები“, - ასე ეხმაურება ფორუმს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და ამბობს, რომ ეს არის საუკეთესო გზა იმისათვის, რომ მოსახლეობამ მიიღოს ინფორმაცია, თუ რას ნიშნავს საქართველოსთვის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება. ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მინისტრი დავით ბაქრაძე ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღებას ამახვილებს იმ სირთულეებსა და გამოწვევებზე, რომელთა დაძლევაც უწევს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე - მათ შორის, დავით ბაქრაძის თქმით, ეს არის საზოგადოებაში იმ განწყობის დანერგვა, რომელსაც ნატოსადმი ნიჰილიზმი ჰქვია:
„სერიოზულ გამოწვევებთან გამკლავებაც გვიწევს, რაც უკავშირდება საქართველოს არაკეთილმოსურნეთა სურვილს, რომ ჩაუნერგონ ჩვენს მოქალაქეებს ნიჰილიზმის შეგრძნებები, უარი ათქმევინონ ევროატლანტიკურ არჩევანზე. ეს ყოველივე წარმოადგენს მითებზე აგებული პროპაგანდის ნაწილს. ამიტომ ნატოს კვირეული სწორედ ის პროექტია, რომელიც საზოგადოებას მიაწვდის ზუსტ ინფორმაციას ნატოს შესახებ“.
დარწმუნებული ვარ, რომ თბილისის ფორუმი ხელს შეუწყობს ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას და ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად საერთო სტრატეგიებისა და მიდგომების შემუშავებას...გიორგი კვირიკაშვილი
სახალხო დიპლომატიის ფორუმი, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ისე მოწვეული სტუმრები, მათ შორის, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწე და, ასევე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ საქართველო არ იშურებს ძალისხმევას ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესის პოზიტიური დინამიკის შესანარჩუნებლად. მისივე თქმით, საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩრდილოტლანტიკურ ალიანსთან კავშირების გამყარებას, ასრულებს მნიშვნელოვან ვალდებულებებს და მონაწილეობს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებსა და ნატოს მისიებში:
„კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი სწრაფვა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისკენ არ ნიშნავს ვინმეს წინააღმდეგ წასვლას. დღეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები და მასშტაბები, რომელთა წინაშეც დადგა მსოფლიო, ალიანსის წევრებისა და პარტნიორებისგან მოითხოვს სტრატეგიული კომუნიკაციის გაუმჯობესებას. ეს არის ეფექტიანი ბრძოლის საშუალება ევროატლანტიკურ სივრცეში და მის საზღვრებს გარეთ მშვიდობისა და სტაბილურობისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ თბილისის ფორუმი ხელს შეუწყობს ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას და ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად საერთო სტრატეგიებისა და მიდგომების შემუშავებას“.
გიორგი კვირიკაშვილი ასევე იმედს გამოთქვამს, რომ ნატოს ვარშავის სამიტზე, რომელიც წელს, ივლისში, უნდა გაიმართოს, საქართველო ელოდება მნიშვნელოვან პროგრესს როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული შედეგების კუთხით. თუ რას გულისხმობდა ის „მკაფიო გზავნილში“, რომელიც, პრემიერის აზრით, საქართველომ ვარშავის სამიტიდან უნდა მიიღოს, არ დაუკონკრეტებია. თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი კი ვარშავის სამიტისგან უფრო კონკრეტულ მოლოდინებზე საუბრობს და ხაზგასმით ამბობს, რომ საქართველო ვარშავის სამიტისგან ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას (MAP) არ ითხოვს. მას, როგორც თავდაცვის მინისტრს, სხვა მიზნები ამოძრავებს:
„მთავარი ამოცანაა ვარშავის სამიტიდან წამოვიღოთ ისეთი ტიპის შეთანხმება, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას გაზრდის. ნატოს წევრობა არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ჩვენ ვაგრძელებთ ამ გზაზე სიარულს. ვაგრძელებთ ამ მოთხოვნას“.
თუკი ნატოს ვარშავის სამიტზე შევაჩერებთ ყურადღებას, მაშინ შესაძლოა გავიხსენოთ მიმდინარე წლის დასაწყისში ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში ვიზიტისას, პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას სიტყვები ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში საქართველოს შესახებ. როგორც მან თქვა, საჭიროა მკაფიო სიგნალის გაგზავნა, რომ ნატოს კარი ღია რჩება ისეთი ქვეყნებისთვის, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ ნატოსთან, მათ შორის, იორდანიისა და საქართველოსთვის.
ნატოს შესახებ საზოგადოების მეტი ინფორმირების აუცილებლობაზე ლაპარაკობს რადიო თავისუფლებასთან გიორგი გობრონიძე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ცალკეული ინსტიტუტები ცდილობენ საზოგადოებაში გააღვივონ სკეპტიციზმი როგორც ნატოს, ისე ევროკავშირის მიმართ. გარდა ამისა, მისივე აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ქართული დიპლომატია იყოს უფრო თანმიმდევრული ნატოსთან ურთიერთობის და, პარალელურად, ამ ურთიერთობისა და პროგრესის შესახებ საზოგადოების ინფორმირების კუთხით, რადგან, გიორგი გობრონიძის თქმით, 1998 წლიდან მოყოლებული, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველომ გააკეთა პირველი განაცხადი ნატოს წევრობასთან დაკავშირებით, ის გახდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონტრიბუტორი ნატოს მისიისა ავღანეთში. გარდა ამისა, შეიქმნა ნატო-საქართველოს კომისია, საფუძველი ჩაეყარა ნატო-საქართველოს ერთობლივ სასწავლო ცენტრს და სხვა:
„მე პირადად მრჩება ხოლმე შთაბეჭდილება, რომ დიპლომატია ცხოვრობს სამიტიდან სამიტამდე და საზოგადოებაში ხდება გარკვეული გადაჭარბებული მოლოდინების გაღვივება ხოლმე. თუნდაც გავიხსენოთ იგივე MAP-ის თემა. 2008 წლიდან მოყოლებული, ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ იმაზე, რომ ახლა არა და შემდეგ სამიტზე MAP-ს მივიღებთ. აუცილებელია, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან საქართველოს პარტნიორობის შესახებ რეალურად, ანუ კონკრეტულად რა ეტაპზეა საქართველო, რადგან რომ შევხედოთ დინამიკას ნატო-საქართველოს ურთიერთობების განვითარებისა, საკმაოდ წინ ვართ წასულები“.
რაც შეეხება საზოგადოების განწყობას ნატოში გაწევრიანების კუთხით, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, რომელიც გასული წლის ბოლოს გამოქვეყნდა, გამოკითხულთა 69%-ისთვის მისაღებია ხელისუფლების გაცხადებული მიზანი, რომ საქართველო გახდეს NATO-ს წევრი, 21% კი თვლის, რომ ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი არ უნდა გადადგას.