Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თინა ხიდაშელი: ხალხი რომ არ გაწბილდეს, ნატოსგან მეტი უნდა მიიღოს საქართველომ


26–27 ოქტომბერს, ნატოს კვირეულის ფარგლებში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“ მასპინძლობს სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მე-3 ფორუმსა და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას. ორშაბათი ძირითადად საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივებზე მსჯელობას მიეძღვნა. თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ნატოსგან მეტის მიღების მოლოდინსა და, ამ კონტექსტში, საქართველოს მოქალაქეების იმედგაცრუების საფრთხეზე ილაპარაკა. ნატოსა და საქართველოს დაახლოების პერსპექტივებზე მსჯელობაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიც ჩაერთო. რას და როდისთვის ჰპირდება ალიანსი საქართველოს?

ამა თუ იმ ქვეყნისთვის MAP-ის მინიჭებასა თუ ალიანსში მის გაწევრიანებას ნატოს წევრი სახელმწიფოების ერთიანი პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა დაედოს საფუძვლად – ეს აუცილებლობა 26 ოქტომბერს სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ შეკრებილ წარმომადგენლობით აუდიტორიას ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა რამდენჯერმე შეახსენა და იქვე განმარტა, რომ საქართველოს აქვს შესაბამისი ინსტრუმენტები, რათა მოემზადოს ნატოში გაწევრიანებისთვის. ჯეიმს აპატურაის შეფასებით, ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, რომლითაც ქვეყანა ამ ეტაპზე ხელმძღვანელობს, სტრუქტურულად ძალიან ჰგავს გაწევრიანების სამოქმედო გეგმას (MAP–ს) და რომნატოს ამოცანაასაქართველო სწორედ ნატოში გასაწევრიანებლად მოამზადოს.

რას ნიშნავს გაწევრიანებისთვის მზადყოფნა? – შეკითხვას სვამს ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი და თავადვე პასუხობს, რომ ეს ნიშნავს ქვეყანა ფლობდეს ქმედით ინსტიტუტებს და ჰყავდეს ქმედითი არმია, რომელიც წვლილს შეიტანს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. ამ მხრივ ჯეიმს აპატურაი საფუძვლიან პროგრესს ხედავს და ალიანსში გაწევრიანებისთვის მომზადების ეტაპზე საქართველოში „მეტი ნატოს“ ყოფნის მნიშვნელობაზეც ლაპარაკობს:

ჯეიმს აპატურაი
ჯეიმს აპატურაი

„ეს ასევე გულისხმობს იმის ჩვენებას, რომ ალიანსი დაინტერესებულია საქართველოს უსაფრთხოებით და ეს მხოლოდ სიტყვები არ არის. ჩვენი ხალხია აქ, ჩვენი სტრუქტურებია აქ და ეს არის ძლიერი სიგნალი რეგიონისთვის, რომ ალიანსი ძლიერად უჭერს მხარს საქართველოს. „არსებითი პაკეტი“, ჩვენი სამხედრო პერსონალის ყოფნა საქართველოში და აქ მოქმედი ერთობლივი სტრუქტურები ასევე ძლიერ მესიჯს გზავნიან“.

ჯეიმს აპატურაის თქმით, იმისათვის რომ საქართველო ნატოში გაწევრიანების ღირსად ჩაითვალოს, ქვეყანა მაქსიმალურად უნდა აკმაყოფილებდეს ალიანსის სტანდარტებს, რაც მთავრობის ეფექტიან მუშაობას, ძლიერი ინსტიტუტების არსებობას, ხარისხიანად ჩატარებულ არჩევნებს, თავისუფალ მართლმსაჯულებასა თუ თავისუფალ მედიას გულისხმობს.

თუმცა აქვე აღსანიშნავია რუსეთის ფაქტორიც და თუკი საქართველოს თავდაცვის მინისტრს თინა ხიდაშელს მოვუსმენთ, მომავალი წლის ნატოს ვარშავის სამიტზე გამოჩნდება, დაუთმობს თუ არა ალიანსი მოსკოვს და მისცემს თუ არა მას ბიძგს შემდგომი აგრესიის გამოსავლენად მეზობლების მიმართ. მართალია, ჯერჯერობით საქართველოს მოლოდინი ოპტიმიზმით ხასიათდება და თინა ხიდაშელს იმედი აქვს, რომ ალიანსი გაითვალისწინებს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს მძიმე ყოველდღიურობას და თამამად იტყვის,საქართველო მზად არის ნატოსთვისო, მაგრამ თუკი ეს ასე არ მოხდა, შესაძლოა ამან მწარედ გააწბილოს საქართველოს მოქალაქეები:

„როდესაც ისმის ზოგადი განცხადებები იმის თაობაზე, რომ საქართველოს პროგრესი ადეკვატურად შეფასდებადა საქართველო დიდებული პარტნიორია და ამ დროს ნაბიჯს არ ვდგამთ ამის იქით და ვლაპარაკობთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, ოპტიმიზმი, რომელიც აქვს ქართველ ხალხს, თითქოს მკრთალდება, რადგანაც რეალობა სასტიკია“.

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ მიმდინარე ფორუმზე, ათეულობით ადგილობრივი თუ უცხოელი ანალიტიკოსისა და ხელისუფლების წარმომადგენლის წინაშე, ორშაბათს მისასალმებელი სიტყვით წარდგა საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო ყველაფერს აკეთებს ევროატლანტიკური მისწრაფების სისრულეში მოსაყვანად და ეს არის საქართველოს მოქალაქეების მტკიცე და უცვლელი მიზანი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ცდილობს დაალაგოს ეკონომიკური თუ კულტურული ურთიერთობები რუსეთთან, პრემიერის თქმით, არც ერთი ნაბიჯი არ გადაიდგმება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაზარალების ხარჯზე.

"რუსეთს ჯერ კიდევ შესასრულებელი აქვს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებები. სამწუხაროა, რომ რუსეთის ფედერაციამ ხელი მოაწერა ეგრეთწოდებულ ინტეგრაციის შეთანხმებებს სოხუმსა და ცხინვალთან, რაც ცხადყოფს, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე თავისი უკანონო კონტროლის განვრცობას. მე ვგმობ ამ მცოცავ ანექსიას და რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფას", - აღნიშნა პრემიერმა.

ახლა უკვე ჯერი ალიანსის წევრებზეა და მათ უნდა მიიღონ უშუალო გადაწყვეტილება იმ პროგრესიდან გამომდინარე, რასაც საქართველო წლების მანძილზე ასრულებს ალიანსში გაწევრიანების კუთხით...
მიხეილ დარჩიაშვილი

უელსის სამიტზე მიღებული „არსებითი პაკეტის“ აქტიურად განხორციელების ფონზე, საქართველოსრომ 2015 წლის დეკემბრის მინისტერიალსა და 2016 წლის ვარშავის სამიტთან განსაკუთრებული მოლოდინიაკავშირებს, ამას ადასტურებს საქართველოს ატლანტიკური საბჭოს წევრი, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი, რომელიც ორშაბათს უძღვებოდა დისკუსიას, სახელწოდებით „ევროატლანტიკური უსაფრთხოება: საქართველო – ნატოს ერთგული ასპირანტი აღმოსავლეთით“:

„დღევანდელი განხილვა იყო ძალზედ საინტერესო, გამოითქვა ძალიან ბევრი მოსაზრება, თუ რამდენად მზად არის საქართველო იმისათვის, რომ აიღოს ყველა ის ვალდებულება, რაც ალიანსს გააჩნია. ფაქტიურად, საერთო აზრი აღნიშნულთან დაკავშირებით იყო ის, რომ საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები, რაც ქვეყანას დააახლოებს ალიანსთან და მიიყვანს საბოლოოდ წევრობამდე. ასევე მნიშვნელოვნად აღინიშნა საქართველოს წვლილი, რომელიც ჩვენ უკვე წლების მანძილზე შეგვაქვს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. ახლა უკვე ჯერი ალიანსის წევრებზეა და მათ უნდა მიიღონ უშუალო გადაწყვეტილება იმ პროგრესიდან გამომდინარე, რასაც საქართველო წლების მანძილზე ასრულებს ალიანსში გაწევრიანების კუთხით“.

სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მე-3 ფორუმი და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია 27 ოქტომბერსაც გაგრძელდება. ფორუმის მონაწილეთა მსჯელობა რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება, როგორიც არის: ევროატლანტიკური უსაფრთხოება, საინფორმაციო და ჰიბრიდული ომები, ახლო აღმოსავლეთიდან მომავალი საფრთხეები, 2016 წლის ნატოს ვარშავის სამიტი, სამხედრო ბალანსი შავი ზღვის რეგიონში, უკრაინის კრიზისი თუ ევროპის უსაფრთხოების გამოწვევები. გარკვეული სახის დისკუსიები დახურულ კარს მიღმა გაიმართება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG